top of page
Writer's picture Sophie Tortladze

10 პოლიტიკური დრამა, რომელმაც მსოფლიო შეძრა

Updated: Apr 4, 2021

პოლიტიკური თეატრზე


თეატრის ბებერ ისტორიას კარგად ახსოვს ინტელექტუალთა შორის ხშირად გამართული დებატები პოლიტიკური თეატრის შესახებ. პოპულარული მსჯელობა სასცენო ხელოვნების რიგ ნამუშევრებზე, რეჟისორებზე და კონკრეტული დროის ხელისუფლებაზე ნამდვილად უთქვამს სახელს ცალკეულ სპექტაკლებს. მხოლოდ მუდმივ პოლიტიკურ რყევებში დაბნეულ მაყურებელს, XXI საუკუნის 20-იან წლებში, იშვიათად უხდება ჩვენი ქვეყნის სცენაზე ნანახით გონების და შეგრძნებების ისეთი მაშტაბით გამოღვიძება, რომ ეპოქალური მნიშვნელობის სააზროვნო ასპარეზი შეიქმნას, მაყურებელი აქტიურად ჩაერთოს საზოგადო ცხოვრებაში, დაბრძენდეს და პასუხი აგოს. თეატრი ხომ მაყურებელს საკუთარი გონების ძალის მოკრეფვას ანდობს, თავად აწონოს და შეააფსოს საკუთარი ყოფნა, საზოგადო დინება, გაამართლოს ან შეკითხვა დაუსვას ქვეყნის ხელისუფალს?! რადგან ნებისმიერი თეატრალური ტექსტი ყოველთვის ატარებს თავის თავში გარკვეულ სიმბოლოს ჩვენთან და დროსთან მიმართებში და მხოლოდ ისინი, ვინც ხვდებიან მათ საიდუმლოს, ხდებიან კიდეც ჩვენი დროის კლასიკოსები.


სფეროს პროფესიონალებისთვის ცნობილია უამრავი სტატია, კვლევა, ნაშრომი პოლიტიკური თეატრის შესახებ, რაც ხანგამოშვებით აქტუალური ხდება ქართული რეალობისთვის. მათზე კრიტიკა მატულობს, საზოგადო სმენა და აზრი მძაფრდება, მოქნილი სენტენციები დიდხანს ახსენდებათ საჭირო ციტატებად და წარმოდგენაც რჩება ისტორიას, როგორც ოქროს მემკვიდრეობა.


თეატრალური კრიტიკის შესწავლისას, ჩვენი ქვეყნის გეორგრაფიული მდებარეობის, წარსულის და რეალური იდეოლოგიურ-კულტურული გავლენების გათვალისწინებით, რუსული სამეცნიერო კვლევები ჩემი თაობის თეორეტიკ ჟურნალისტებში უინტერესო არ დარჩენილა. მსჯელობა ამ თემაზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაიმართა იმ ბროშურის გამო, რომელიც ორმა რუსმა კრიტიკოსმა ქალბატონმა, ალა შენდეროვამ და ადა შმერლინგმა გამოსცეს. ამ წიგნზე „პოლიტიკური თეატრი“ არა ერთხელ გვისაუბრია ლონდონში, ნაციონალურ თეატრსა თუ ჩემი ბრიტანელი მასწავლებლის სამზარეულოს მაგიდასთან. რადგან წიგნში შერჩეული წარმოდგენების პოლიტიკური გეოგრაფია იშლება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საქართველომდე, ბერტოლდ ბრეხტის პირქუში ეპიკურობიდან ქრისტოფ მარტალერის ირონიულ ოპუსებამდე. გასაგებია, რომ არ არსებობს ქვეყანაზე თეატრის ორი კრიტიკოსი, ჟურნალისტი, მკვლევარი თუ მაყურებელი, რომლის არჩევანი ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ თეატრი ისტორიის მწერალია მაშინ, როცა თანამედროვეობა მისი მონათხრობის გამგონე და თანამოაზრე ხდება, თეატრის კრიტიკოსი კი ფასდაუდებელი წყაროს ავტორი: ჰეროდოტეს კალმის წვერზე დატეული ისტორია უკვე 21 საუკუნეა, რაც ეთნოკულტურული განვითარების, მიმდინარე დემოკრატიზაციის, თუ საერთოეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესებს უწყობს ხელს. და რა გასაკვირია, რომ მეოცე საუკუნის თეატრის ცნობილი პოლიტიკური დადგმები, მემკვიდერობად გადაეცა „მილენიუმის თაობის“ ბაზისურ ცოდნას და სიმბოლურ ჩვევევებს, რომელსაც თანამედროვე ხელოვანები ან გაურბიან და ან ეყრდნობიან XXI საუკუნის დასაწყისში.


10 პოლიტიკური დრამა, რომელმაც მსოფლიო შეძრა


1. ბერტოლდ ბრეხტი, "დედა კურაჟი და მისი შვილები". Deutsche theatre, ბერლინი,

2. ჯუდიტ მალინა და ჯულიან ბექი “Brig“ Living theatre, ნიუ-იორკი

3. პიტერ ბრუკი "მარატ/სადი" RSC ლონდონი

4. იური ლუბიმოვი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" Театр на таганке, მოსკოვი

5. ერვინ პისკატორი "მოკვლევა" Volksbuhne, ბერილნი,

6. პეტერ ცადეკი "ყაჩაღები" Theater Bremen, ბრემენი

7. არიანა მნუშკინი "1789" theatre du soleil პარიზი,

8. რობერტ სტურუა "რიჩარდ III" რუსთაველის თეატრი, თბილისი

9. ფრანკ კასტორფი "შილერის ყაჩაღები" Volksbuhne, ბერილნი

10 ქრისტოფ მარტალერი "მოკალი ევროპელი!" Volksbuhne, ბერილნი


ეპიზოდი პირველი:

„დედა კურაჟი და მისი შვილები"

ბერტოლდ ბრეხტი, 1936 წელი


პიესა მრისხანე რეჟიმისგან შვეციაში გახიზნულმა ბრეხტმა მათ გასაფრთხილებებლად დაწერა, ვინც II მსოფლიო ომის დაწყებას ჯერ ისევ საკუთარი მიზნების მისაღწევად ელოდა. თუმცა ვერ მოასწრო. პიესის პრემიერა პირველად 1941 წელს ციურიხის თეატრში „შაუშპილჰაუზ“ შედგა. სპექტაკლი მეოცე საუკუნის დიდი გერმანელი რეჟისორის და თეორეტიკოსის ერვინ პისკატორის მოწაფემ, ვოლფგანგ ლინდბერგმა დადგა. თუმცა ბრეხტი მაინც უკმაყოფილო დარჩა, რადგან ვერავინ მიუხვდა სათქმელს.

„როცა ამ პიესას ვწერდი, მეჩვენებოდა რომ მას სცენიდან დრამატურგის გაფრთხილებად გაიგონებდნენ: რომ ვისაც ეშმაკთან საუზმე სურდა, გრძელი კოვზი მოეძებნა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი გულუბრყვილო სურვილი აღმოჩნდა, რადგან სპექტაკლი, რომლზეც ვოცნებობდი არ შემდგარა. მწერლებს იმ სისწრაფით წერა არ შეუძლიათ, როგორითაც ხელისუფლებას ომის გაჩაღება: რადგან ჩვენ შესაქმნელად ფიქრი გვჭირდება“ (ბერტოლდ ბრეხტი, "დედა კურაჟი და მისი შვილები დაგვიანებულია“ 1962 Neue Deutsche Literatur.)


დრამატული პრინციპების დაცვით, სპექტაკლი თანამედროვე დროში კი არ ვითარდება, არამედ 1618-1648 წლებში, ოცდაათი წლის მანძილზე მიმდინარე ომის დროს, რომელშიც მონაწილეობდა ყველა ევროპული სახელმწიფო. ამბავი ანა ფიერლინგის შესახებ მოგვითხრობს, შვედური არმიის სასადილოში მსახურ ქალზე, რომელიც ომში სამივე შვილს კარგავს, მაგრამ სამწუხაროდ აცნობიერებს, რომ ბრძოლების, სიკვდილის და განადგურების გარეშე იგი უმუშევარი და დაღუპულია. ამიტომ ამ ომში მოგების მიღებას ცდილობს.





ბრეხტმა პიესა რამდენჯერმე შეცვალა, რადგან თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი უდიდესი დრამატული ნაწარმოების გმირი ხალხს ჯერ ჰანს იაკობ კრისტოფელ ფონ გრიმელსჰაუზენის მიხედვით შეთხზული მისივე ამბის გაგრძელება ეგონა. რადგან 1670 წელს დაწერილ ეპიზოდში - ლეგენდარული გროტესკულ-სატირული რომანიდან ‘SIMPLICISSIMUS’- მოხეტიალე ქალბატონს კურაჟი ერქვა, პიესა იმავე მე-17 საუკუნის გერმანიაში ვითარდება, რელიგიური მოტივით დაწყებულ 30 წლიან საღვთო ომისას და სიუჟეტი კარგად შესწავლილ ტექსტს იმეორებს. ზოგს სპექტაკლმა ბალტიის ზღვაში ჩაძირული გერმანული საჰაერო თავდაცვის კრეისერის „ნიობეს“ ტრაგედია გაახსენა, მძიმე საზენიტო საარტილერიო მცურავის, რომელიც თავისი ნებით ჩაიძირა საბჭოთა ავიციის დაბომბვის დროს. (ძალიან საინტერესო ალეგორიაა!) ზოგმა კი თავად ნიობე დაინახა, ტანტალოსის შვილი, ორივე ერთნაირად გატანჯული სანუკვარი მიზნის მიუღწევლობით: გაუბედურებული ნიობე, დაუჯერებეული ქედმაღლობის გამო, საკუთარი ვაჟების გვამებით მოფენილი მინდვრის დანახვის შემდეგაც რომ არ იხრის ქედს.


აუდიტორიას ბრეხტი ხელმეორედ ამ პიესით რვა წლის შემდეგ, 1949 წელს დაელაპარაკა. მხოლოდ უკვე საკუთარი დადგმით და „დოიჩ თეატრის“ ახალგაზრდა გუნდთან ერთად, სადაც მთავარ როლს ბერტოლდის ცოლი, „Berliner Ensemble“ თანა-დამფუძნებელი ჰელენ ვეიგელი ასრულებდა. მუსიკოსები, ავტორის ეპიკური ხელწერის თანახმად აუდიტორიის თვალწინ განთავსდნენ და მომავალი თეატრის პირველი ტრიუმფალური ნოტა აიღეს.


„დოიჩ თეატრში“ პრემიერის დღეს სცენაზე მიმოფანტული ნაგლეჯები, რომლებიც ომის შემდეგ დაქცეულ ქვეყანას განასახიერებდა, დარბაზში მსხდარი მაყურებლის ტანისამოსს ჰგავდა. პოლ დესაუს მუსიკის ექსპრესია, ისევე როგორც ბრეხტი, მაყურებლისგან ითხოვდა დაფიქრებას და პასუხს.


„დედა კურაჟი“ ცხრა პიესათაგან ერთ-ერთია, რომელიც ბრეხტმა ფაშიზმის და ნაციზმის აღმავლობის წინააღმდეგ დაწერა. იგი ევროპული ომის დამანგრეველ შედეგებზე და მათ სიბრმავეზე გვიყვება, ვინც ომის საშინელების მიუხედავად, პირად სარგებელზე ზრუნავს. თანაც ეს პიესა გახლდათ დიდებული ანტი-კაპიტალისტური მანიფესტიც, რომელიც აღმოსავლეთ ევროპამ და პირველ რიგში საბჭოთა კავშირმა წარმოუდგენელი ინტერესით დაამუშავა. პრემიერიდან ცხრა თვეში კი მსოფლიო რუქაზე „გე-დე-ერი“ გაჩნდა.


"გე-დე-ერ"-მა ბრეხტი და მისი დრამატურგია საკუთარ იდეოლოგიურ დახმარებად დაინახა და მის მოძრავ თეატრს (Berliner Ensemble) სახელმწიფო დაფინანსება დაუნიშნა. მოსკოვში გასტროლის დროს, სტალინის საერთაშორისო ორდენიც გადასცეს, სადაც დრამატურგის მადლობის სიტყვა (მისი თხოვნით) თვით ბორის პასტერნაკმა თარგმნა.


მეორეს მხრივ კი, ვიდრე სამოციანი წლების ევროპა ახალი გარდატეხისთვის აენთებოდა, ბრეხტის თეატრმა ისტორიული გასტროლით იმოგზაურა პარიზში, ლონოდნში, და ევროპის სხვა ქალაქებში. ევროპელ მკვლევარებს არა ერთხელ გაუჟღერებიათ აზრი იმის შესახებ, რომ ბრეხტის ჩანაფიქრი ამ პიესაში კრიტიკულ ილუსტრაციადაც გამოდგებოდა, როგორ შეუძლია კაპიტალიზმს ხალხს მოუტანოს სარგებელი, თუკი იგი საკუთარ ბიზნესს დაიცავს, მიუხედავად ყველაფრისა. რაც რა თქმა უნდა ემოციის და მორალის უზენაესი ძალის დამარცხებას გულისხმობს ჩვენთვის, თუმცა კაპიტალისტური ევროპისთვის, რომელიც კოვიდდთან მებრძოლმა სახელმწიფო გაიდლაინებმა სრულიად წარმოუდგენელ ანტი-ჰუმანურ წესრიგსაც ადვილად მიაჩვია, ბუნებრივი ფაქტორია.


გაცილებით ადრე კი, 1976-1984 წლებში, გერმანულ ფემინისტურ გაზეთს ბერლინში „დედა კურაჟი“ დაარქვეს, რადგან მის რედაქტორებს სჯეროდათ, რომ დამოუკიდებელი, თვითმართველი ქალი და არა ვარსკვავ-თვალება იდეალისტი სტატუს-კვოთი ვერაფრით დაკმაყოფილდებოდა და პიესა პრაქტიკულად მათი მოძრაობის ინსპირაციადაც იქცა.


რა თქმა უნდა, მსოფლიო მოაზროვნეები სულ სხვაგვარ იდეოლოგიურ ჭრილშიც ხედავდნენ ანა ფიერლინგის გამბედაობას, იგი ხომ ყველა ნაბიჯზე თავის გადასარჩენად მიდის, მწუხარებით აცნობიერებს რა, რომ ომის გაგრძელება საკუთარი თავის გადასარჩენად სჭირდება და ჩვენი თანაგრძნობა უპატრონო ქალისადმი გამართლებულია. მისი სიმღერები სპექაკლის ბოლოს გოდებად არ გვესმის?


მოკლედ, პიესის პრემიერას ორივე იდეოლოგიურ კონტექსტში ერთნაირი სენსაციური წარმატება ხვდა წილად. ორი განსხვავებული აზრის, სულისკვეთების და მომავლის სამყარომ ერთნაირად აღიარა, რომ ამას იქით თეატრში ახალი მიმდინარეობა, გნებავთ ახალი ეპოქა დაიწყებოდა.


ბრეხტის ეპოქალური განაცხადი, რომ არც ერთი სათნოება არ ჯილდოვდება კორუმპირებულ დროში, ამ პიესის ლეგენდას 21 საუკუნეშიც აგრძელებს. მისმა ავტორმა ეპიკური სტრუქტურით შექმნა ახალი ფორმა, რომელიც აუდიტორიას აიძულებს ყურადღება გაამახვილოს პრობლემებზე და არა პერსონაჟების ემოციებზე. საინტერესოა რა სათქმელი აქვს ქართულ თეატრს ამ პიესით 21-ე საუკუნეში და თუ კი გამახვილდება ქართული კრიტიკის ყურადღება ამ საკითზე.


სოფო თორთლაძე

2021, მარტი



174 views2 comments

2 Comments


 Sophie Tortladze
Sophie Tortladze
Mar 25, 2021

http://www.youtube.com/watch?v=C3sAYPJi3_o

Like
 Sophie Tortladze
Sophie Tortladze
Mar 25, 2021
Replying to

პიტერ დესაუს მუსიკაა ბრეხტის სპექტაკლისთვის

Like
bottom of page