ჩემი გურული ბაბუების საკვირველი ისტორია
უკიდეგანო მინდვრებს, ადამიანის ფეხი რომ არ შეჰხებია, ცხოველიც არ თელავს. მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული სერები დიდ მდინარეებს ღრმა ხეობებად დაუშლიათ. გაშლილი, ტერასებიანი ციცაბო ნაპირები მწკრივებად დაჰყვება ციმბირის ყრუ ვაკეებს. გზა დეკაბრისტების, გახიზნული დისიდენტების და მომავალი „წითელი რევოლუციის“ ჯერ მეოცნებე, ყოჩაღ, შორსმჭვრეტელ მოაზროვნეებს ისევ აჯადოვებდა თითქოს მისნური თავგადასავლით.
ბედისწერა ახალგაზრდა გურულ ძმებს აზიის საზღვართან ანდამატივით იზიდავდა. გზა, გაუვალ ტაიგაში გაყვანილი, ტყეებით, ხევებით, ციმბირის სავსე მდინარეებით და ჭაობებით, ვებერთელა უნაყოფო ხელუხლებელ ლანდშაფტს რკინის რელსებით ჭრიდა. ეს გზა 8 დროის ზონას, მსოფლიოს უძველეს ბაიკალის ტბას, 88 ქალაქს, 16 დიდ მდინარეს გაივლიდა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მანჯურიის ქალაქ ხარბინის გავლით, ვლადივოსტოკში გაჩერდებოდა.
პატიმრების და ჯარისკაცების მიერ გაშენებულ ტრანს ციმბირის სარკინიგზო მაგისტრალზე, 27-არშინის მატარებელს იმპერიული სარკინიგზო ფლოტიდან, სამასი მგზავრი უნდა გადაეყავანა. ორთქლის ლოკომოტივით, 40 ცხენის ძალით, თუჯის რელსებით, ზოგან ყინულზე გადებულ ლიანდაგებზე მას ცენტრალური ციმბირის პლატო უნდა გაეარა. თურმე ბაიკალს იქით, ბორნებში, თუ 39 ბნელ გვირაბში თვალებს დახუჭავ, 39-ჯერ გამოჩნდება ბახმაროს სახლი, მთა გადრეკილი, ლეჩქის სერი, ღრუბლების ზღვაში მზის სხივების ციმციმი და დედის მორთმეული მსუყე კაიმაღი. არაფერი დაგძლევდა მერე, არც ნამგალივით მოდებული ამურის წყევლა, არც იქაური შამანების მარჩიელობა და არც სხვა რაიმე საფრთხე, ასე სჯეროდათ ძმებს. 12 დღე და 12 ღამე პეტერბურგიდან ვლადივოსტოკამდე, ხალხით გატენილ მატარებელში, დიდი სიფრთხილე იყო საჭირო: მუნი, ჭირი, ტუბერკულიოზი პირველი კლასის მაჰოგანით მორთულ ვაგონებშიც აღწევდა. აქ არაფერი ჰგავდა საქართველოს. არც ციმბირელი ყრუ გუგულების ჭიკჭიკი წააგავდა გურულ ძახილს: „თესე - კაფე!“ „თესე - კაფე!“ „თესე - კაფე!“.
ზუსტად გუგულისგან „ძლევას“ უფრთხოდნენ გურიაში და კიდევ ტუბერკულიოზიანებს: თქმა იცოდნენ გუგულისგან „ძლეული“ მაგ ჩიტივით უსახლკარო დარჩებაო. არა და ბახმაროს ჰაერი რადგან ტუბერკულოზისგან განსაკურნად დაედგინათ ექიმებს, მთელი ქვეყნის პაციენტებს მანდ აგზავნიდნენ. დასარჩენი ადგილი კი ძალზედ ცოტა იყო. სახლიც ყველას წინაპრების დატოვებული, პატარა და მყუდრო ედგა. აბა რამდენი სტუმარი უნდა დაეტიათ 8 და-ძმის მონაგართან ერთად გრიგოლ და ნატალია თოხაძეებს?
ანაპოტისტე, მიხეილი, სოლომონი, დავითი, მარიამი, ანა, ტერეზა, ანდრია - 8-ჯერ შვა და 8-ჯერ გაახარა ნატალია მეგრელიშვილმა პირველ მსოფლიო ომში ხმლის ქნევით დაღლილი გურული კაცი. გრიგოლ თოხაძე ხომ ჯარისკაცი იყო. როცა 1914 წლის 18 ივლისს რუსეთის იმპერატორმა ბრძანება გამოსცა საყოველთაო მობილიზაციის შესახებ, პირველი მსოფლიო ომის დროს ქართველებს სამი კატეგორიის ჯარში უწევდათ სამსახური: მუდმივი ჯარი, სახელმწიფო და მოხალისეთა ლაშქარი. პირველ მსოფლიო ომში გაწვეულ ქართველთა რაოდენობის ზუსტი მონაცემი არ არსებობს. საარქივო პერიოდულ პრესაში თუ მემუარულ ლიტერატურაში დაუჯერებელი მონაცემებია მოყვანილი: ხან 180 000, ხან 200 000 და ხან 300 000 ჯარისკაცი 25 ქართველი გენერლის მეთაურობით ისეთი შემართებით იბრძოდა, რომ საქართველოს მხედრობის თავდადებით მოხიბლულ უმაღლეს მთავარსარდალს, დიდ მთავარ ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვს, უთქვამს კიდეც: "თითოეულ ჩემს ბრძოლაში ხუთი ქართველიც რომ ერიოს, ვიცი, როგორ იომებდა ჩემი არმიაო".
გრიგოლ თოხაძის პირველ მსოფლიო ომში ნაომარი ხმალი 8 შვილის საგანძურად დაბრუნდა გურიაში.
1914 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „თემში“ აკაკი წერეთელი წერდა: „ორასი
ათასი მეომარი გამოიყვანა ჯერ-ჯერობით ამ პატარა საქართველომ და იძულებითი
არ ყოფილა რა! ყველა თავის სურვილ-ნებით და სიხარულით მიისწრაფოდა... დიდი
ხნის გულის ნადებმა გრძნობამ სიმღერათ ამოიხეთქა და ტკბილი გუგუნი გადაეცა
საქართველოს მთასა და ბარს. ერთი საუკუნეა, რაც ამისთანას არა მოსწრებია-რა საქართველო. დღევანდელ ქართველში გამოიღვიძა წინაპარმა! გმირული სიკვდილი აღარაფრად მიაჩნდა და თავის განწირვით უნდა, რომ სხვების სიკვდილი დასთრგუნოს და მომავალ მოდგმას ცხოვრება მიანიჭოს!...“
ეს კი იმიტომ იმპერიების შეტაკება ჩვენთვის ომზე მეტი გამოდგა და მისგან ბევრს მოელოდნენ. მაშინ ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ომის საშუალებით გახდებოდა შესაძლებელი ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნების განხორციელება, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების შემოერთება, ევროპასთან დაკავშირება, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდა და ასე შემდეგ. მაგრამ აწ უკვე დამარცხებულ „გურიის რესპუბლიკაში“ , მის დასასჯელად ერთხელ უკვე გადამწვარ ოზურგეთში, გურული ფირალების შიშით ახლა დემოკრატიული საქართველოს დასიზმრებისთვისაც კი კატორღაზე დევიდნენ. შიმშილს კი ხშირად ვერც შრომით, ვერც პატრიოტიზმით და ვერც უკეთესის რწმენით ამარცხებდნენ. მხოლოდ გუგულის ძახილი „თესე - კაფე!“ „თესე - კაფე!“ „თესე - კაფე!“ მათ მაჯისცემას აჩქარებდა და ცულიც ბასრი ხდებოდა. შრომით გალეულები იშვიათად თუ ახერხებდნენ შვილების ქუთაისში გაგზავნას. სწავლის ფული წელიწადში 120 მანათი იყო, საუცხოო მასწავლებლებით დაკომპლექტებულ ქუთაისის გიმანზიაში, სადაც დელეგატებად თვით პროვეზორებსაც კი ნიშნავდნენ, გურულებისთვის ან ფუფუნება იყო, ან საგვარეულოს ნაამაგარის ერთეულებში დაბანდება.
„ძვირაფსო დაო ჩუნი,
მახსოვს, შენ ერთ-ერთი ჩემი საზღვარ-გარეთ ყოფნის დროს მომწერე: მე შვილებს, უმაღლეს სასწავლებელში ვეღარ ვასწავლიო. მაგრამ რატომ დაგავიწყდა, რომ როცა დათიკო, სოლომონი, ტერეზი, შენ და განსვენებული ძმა ანაპოტე სწავლობდით, ვინ შველოდა მაშინ დედ-მამას ოჯახს? განა ახლა ვიტყვი უარს?“ სწერს წლების შემდეგ მიხაკო თავის დას, ანას.
1910-20-იან წლებში ძველ სახაზინო სკოლებში მხოლოდ წერა-კითხვას ასწავლიდნენ, თანაც ხშირად ხელისუფლება მასწავლებლებად არაკვალიფიციურ კადრებს აგზავნიდა. რადგან სოციალ-დემოკრატებს და ეროვნულ- დემოკრატებს მესამე, რუსეთის სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრთა შეურთდა. და რა გასაკვირი იყო რომ რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარების მიზნით, აჯანებულ გურულებთან მასწავლებლებად პოლიციის აგენტებსაც აგზავ დნიდნენ. მაგრამ სწავლას მოწყურებულმა შექმნეს სასკოლო კომიტეტები, რომლებიც პედაგოგ-მასწავლებლებს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა კავშირის რეკომენდაციით იწვევდენ, თუმცა მე-6 კლასიდან განათლების შესაძენად მაინც მინიმუმ ქუთაისში გადაცხოვრება იყო საჭირო, თბილისში თუ არა.
გრიგოლ თოხაძის უფროსი ვაჟი მაინც დაჰპირდა ოჯახს შველას. მიხაკომ თავის უმცროს ძმას, ანდრიას ხელი მოჰკიდა და კონტინენტის დასალიერში, პორტ არტურისკენ გაემართა. ჩუნია მამიდას ბავშობიდან საოცარი სიზმრები სცოდნია, წინასწარმომასწავებელი. არა ერთხელ უნახავს დამშვიდობება მიხაკოსთან. მასზე ფხიზელ სიზმრებს სიბერემდე ხედავდა, განცვიფრებულ ნათესაობას ჩუნიას ხილვების ეჭვგარეშედ სჯეროდა და მათ შორის მის უფროს ძმასაც.
„ჩუნია მამიდა, შენი სიზმარი გავიგეთ და მართლაც გასაკვირია როგორ აგვიხდა. მე და გიგას აგვიფეთქდა კერასინკა. ანთებულში ნავთს ვასხავდით. ორივე კარგად გადავრჩით, მე პირზე კი შემესხა ცოტა ნავთი, მაგრამ იოლად და უზარალოდ გამოვედით“ სწერდა თბილისიდან ანას ძმის შვილი, სტუდენტი არქიტექტორი მუზა (მიხეილ) თოხაძე.
ჩუნიასთან ყველა ანგარიშში იყო, დიდიც და პატარაც, მაგრამ უფროსი ძმის, მიხაკოს სიტყვას ყველა თავში აყენებდა. 27-28 წლის ახალგაზრდა კაცს დიდი სიბეჯითით ჰქონდა შესწავლილი ქართული გაზეთები. სოციალ დემოკრატების „სხივსაც“ კითხულობდა, სოციალისტ-ფედერალისტების „ცნობის ფურცელსაც“ (რაც გურიაშიც ვრცელდებოდა) და „ივერია“ ხომ მთავარი და უპირველესი გზამკვლევი იყო იმ შორეული აღმოსავლეთისკენ, სადაც გადახვეწას აპირებდა. იქაურ ომის ქრონიკას „ივერიის“ დეპეშებიდან ტყუილად კი არ აგროვდებდა ამდენი წელი? ყურადღებით აკვირდებოდა ცუშიმის ბრძოლას, მანჯურიის და უსურიის აღებას, პორტ არტურის მწვანე მთებში იაპონური ესკადრილიის გადასახმას და შორეულ მიწის ნაკვეთზე რუსეთის დამარცხებას!
შორით ანათებული წითელი ცისკარი როცა კაშკაშს მატარებლის ფანჯრის მინებზე იწყებდა, პატარა ანდიას ლიხაურის ღვთისმშობლის ტაძრის 7 ხმიანი ცისკარი ესმოდა ყურში. ძილში დაკარგულ დროის მონაკვეთს მხოლოდ წარსულის აღდგენა შეეძლო, ჟამის საგალობლის ახალი იბაკო დაავიწყდა მხოლოდ. ამიტომაც ხშირად მღეროდა თავისთვის გონებაში ცისკრის ანტიფონებს და ამ გადამღერებით სულ სხვა მელოდიაც იბადებოდა, რომელსაც აუცილებლად დაწერს, ნოტებს რომ ისწავლის მაშინ. „Великий грузинский композитор Андриа Тохадзе умер в Шанхае от карбункула!“ ხშირად იმეორდებდა ღიმილით მიხაკოს შვილი, ნათელა თოხაძე ბევრი წლის შემდეგ.
იქ, შორეულ აღმოსავლეთში ნამდვილად ვერ იპოვიდნენ ანდრიას მთავრობის მდევრები, ქართულ ენაზე რომ ეღიღინა როცა კი მოუნდებოდა. კარგად ახსოვდა მამის მოყოლილი ამბავი, როგორ აგალობა დიაკვანმა მაქსიმე სვანიძემ ოზურგეთის სობორის წირვაზე იქაური სამრევლო სკოლის მოსწავლეებს ქართულად. მერე არქიეპისკოპოსი ფლავიანის კომისიამ ოზურგეთის სასულიერო სკოლის რევიზია რომ ჩაატრა და ეგზარხოს სთხოვა დიაკვან მ. სვანიძის გათავისუფლება თანამდებობიდან. მალე დიაკონი აღარც არავის უნახავს არსად და ზოგს არც კი ახსოვდა ქალაქში. * (1899)
გზაში ანდრია კოწია თავართქილაძის წიგნის მაღაზიიდან წამოღებულ წიგნებს კითხულობდა. როგორ ამაყობდა მამა სტამბას გურიაში, გახსნილს სულ მთლად ყურისძირთან. იქ დაბეჭდილი წიგნები იაფი და ხელმისაწვდომი იყო, ამიტომ კარგადაც იყიდებოდა. წიგნებთან ერთად, პეტერბურგის რკინიგზის სამინისტროს მიერ გამოცემული ტრანს-ციმბირის მაგისტრალის საშინაო გზამკვლევიც გაიყოლა ანდრიამ, რომლის გამოცემაც რუსეთის იმპერატორის ბრძანება და ყველასთვის კანონი იყო, მითუმეტეს დასჯილ და გადამწვარ ოზურგეთში.
1891 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე III-მ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ შეუძლებელი იყო გადაედო გზის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებდა ევროპასა და აზიას, რადგან უზარმაზარი ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლო აუცილებლობა იყო. ანუ რუსულ დამპყრობით ძალებს უსათუოდ უნდა დაეკავებინათ შორეული აღმოსავლეთიც. 1894-1895 წლებში ჩინეთ-იაპონიის ომში გამარჯვებული იაპონია იძულებული გახდა უარი ეთქვა ლიაოდონგის ნახევარკუნძულზე რუსეთის მოთხოვნის გამო. და იმპერიამ კონცესიაც მიიღო მანჯურიაშ რკინისგზის მშენებლობიდთვის. ნიკოლოზ II-მ პირადად მიიყვანა ბალასტის პირველი ეტლი მომავალი გზის საწოლზე და სულ რაღაც 10 წელიწადში ყველა სარკინიგზო ლიანდაგი, უკვე მზად იყო საქონლის და მგზავრების ტრანსპორტირებისთვის. ამურის რეგიონში „რთული კლიმატური და გეოლოგიური პირობების გამო“ რუსეთმა გზის აშენება მანჯურიის, ჩინეთის გავლით გადაწყვიტა. რადგან "ტრანსმანჯურიულ მაგისტრალს" ის იაპონიის ზღვისპირეთთან უნდა დაეკავშირებინა. 1903 წელს გამოჩნდა ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზაც, რომელთან „ოქროს ბეჭდით“ მიიღო რუსეთის იმპერიამ წვდომა წყნარ ოკეანემდე.
რკინიგზაზე მომუშავე რუსმა და რუსეთის დაპრყობილი ქვეყნებიდან გაქცეულმა თუ გაძევებულმა ემიგრანტებმა დასახლება სწორედ იმ ადგილას ააშენეს, რომელსაც ჩინურად "ხა-ერ-ბინ" ანუ "ყინულის მხარე" ერქვა. ახალი დასახლება ხარბინში, ტრანსმანჯურიული მაგისტრალის გაჩერებაზე, 1901 წლიდან რუსეთის იმპერიის სასაზღვრო დაცვის საფინასნო კორპუსი განთავსდა. აქვე შეიქმნა ამურს-იქითა ოლქის შტაბი, რომელსაც აღმოსავლეთ ჩინეთის მაგისტრალის უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა. ამიტომ ჩინელებთან ერთად ქალაქს რუსული ადმინისტრაცია და პოლიცია ჰყავდა. გარდა პოლიტიკური ავტონომიისა, ქალაქი დიდ ეკონომიკურ შეღავათებსაც ჰპირდებოდა ახალმოსახლეებს. შესაბამისად, არსებობის პირველ ორ ათწლეულში ხარბინის მოსახლეობა საოცარი სიჩქარით გაიზარდა. მალე იმასაც გაიგონებიდით ჩინეთის საზღვარზე, „ოქროს ხიზილალას“ და ოპიუმის ვაჭრებისაგან, თუ როგორ ავრცელებდნენ ვიღაც მისიონერები ქრისტიანობას ჩინეთში, ივერიის ღვთისმშობლის ხატით ხელში. სწორედ ამ დროს გადადიოდნენ ჩურჩულზე და ამბობდნენ, რომ მანჯურიის უდიდეს ქალაქ ხარბინში ივერიის ღვთისმშობლის სახელზე აშენებული დიდი ტაძარიც ჰქონდათო.
1913 წელს და-თუნის პროსპექტზე, ივლიანე ხაინდრას ხელმძღვანელობით, მისივე კუთვნილ ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, ბინა დაიდო "ხარბინის ქართულმა სათვისტომომ". ხარბინში მცხოვრები ქართველების უმეტესობა ვაჭრობაში იყო ჩართული, ბევრს ჰქონდა უძრავი ქონება ან კერძო დაწესებულება. მაგალითად ლიმონათისა და ლუდის ქარხნები, საბითუმო მაღაზიები, ფეხსაცმლის სამკერვალო, ჩართულნი იყვნენ ხე-ტყის ბიზნესში და ძალიან მცირე ნაწილი იყო დასაქმებული რკინიგზასა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში. იმიტომ რომ შორეულ ჩინეთში ქართული ვინაობა არ დაეკარგათ, დააარსეს ქართული ბიბლიოთეკა, გახსნეს ქართულენოვანი საკვირაო სკოლა, იწერდნენ ქართულ გაზეთებს სამშობლოდან და შემდეგ საფრანგეთიდანაც. ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ოჯახებს და სწავლას უფინანსებდნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ სტუდენტებს. 2 წარმომადგენელი ხარპინის საქალაქო თვითმმართველობის საბჭოშიც კი მიიწვიეს. არც ერთი წუთით ხარბინელ ქართველებს არ გაუწყვეტიათ კავშირი საფრანგეთში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან. მიუხედავად სირთულეებისა, მათ მაინც არ შეუწყვეტიათ ფულადი დახმარების გაგზავნა პარიზში. მიხაკო თოხაძეც მათ შორის იყო, ყოველთვის სანდო, ხელგაშლილი და საიმედო. მას შემდეგაც კი, როცა 1924 წელს საბჭოთა კავშირს და ჩინეთის რესპუბლიკას შორის დადებული შეთანხმების შემდეგ ხარპინმა დაკარგა პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობები და საბოლოოდ მუშაობაც შეაჩერა. თუმცა მანამდე ტრანს-ციმბირის რკინიგზის აღმოსავლეთ ტერმინუსი, რომელიც ხარბინის გავლით გურულ ძმებს ვლადივასტოკში ჩაიყვანდა, ათი ათასზე მეტი კილომეტრით დააშორებდა სამშობლოს, „მის ჰაერს და სურნელებას“, ცას და ეზოში სულ ახლახანს ჩაყრილ „იზაბელას“ ნერგებს; მის ადესას, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს დალევს.
მიხაკოს მითითებით შეგროვებული ანდრიას წამოღებული საგზალი სულ მცირდებოდა, მაგრამ ხმელ ხილს, გარჩეულ ნიგოზს, თეთრ ღვინოს, სუხარს ან ხმელ ნამცხვარს ისეთი სიახლოვე მოჰქონდა სამშობლოდან, რომ მთელი ცხოვრება მიხაკო ასეთ საგზაო კალათებს იმზადებდა და ელოდება შვილისგან სიბერეშიც, გურიაში რევმატიზმით დაბრუნებული:
„საყვარელო ბიძია შუშკი!“ სწერს თავის დის შვილს, უკვე მოხუცებული მიხაკო. „გარდა ყოვლისა, მეც ავად შევიქმენი. საშინლად მისივდება ფეხები. გერმანეს აზრით ეს გულის სისუტის ბრალია და აუცილებლად მირჩია ქობულეთის სანატორიუმში მკურნალობა. ამიტომ ვთხოვ ლეოს და ნათელას, დაჩაქარებით ამიღონ „путевка“ და ჩქარა გამომიგზავნონ. იქ კარგად ყოფილა ყველაფერი მოწყობილი. კარგი იქნებოდა თუ სოლომონიც მოისურვებდა ზაფხულის იქ გადატარებას. ეს საკითხი შენ გამოარკვიე და ნათელას უთხარი. ამდენს ნათელას არ ვწერ, რადგან მას განუწყვეტელი ტელეფონის რაწკუნი აქვს და მგონია რომ მას გადაავიწყდება, შენ კი ყოველთვის მოაგონე, მანამ საქმე არ შესრულდება. წერილის პასუხი დაუყოვნებლივ მაცნობე.
მაგრად გაკოცეთ ყველას,
მიხაკო
P.S „путевка“ არის საჭირო სანატორიუმის უკეთეს ნაწილში!“
ციმბირის შავყელიანი ლოონი ყივილით მატარებლის ხმაურსაც აჭარბებდა.ზუსტად ამ დროს ემსგავსებოდა მისი მიკარგული ძახილი გურულ „თესე - კაფე!“-ს. შრომის ნამდვილად არ ეშინოდა მიხაკოს, მაგრამ არც ერთმა ძმამ იცოდა, სინამდვილეში რა ელოდათ წინს. რუსულად კითხვა ჯერ რადგან ისევ უჭირდა ანდრიას, უფროსი ძმა მთელი გზა გულმოდგინეთ ამეცადინებდა. მაგრამ მაინც ფოტოებს და ნახატებს ათვალიერებდა დიდი ყურადღებით იმპერიის მეგზურში. მიხაკო რომ დედამიწაზე ყველაზე სწრაფ ამურულ ვეფხვებზე უყვებოდა, Panthera tigris altaica,იმ ვეფხვების ფოტოს ეძებდა. ერთი სული ჰქონდა მანჯურიას როდის გაივლიდნენ, მატარებლის ფანჯარას რომ ერთი წუთით არ მოსცილებოდა. ბჟუჟიდან ამოკრეფილ კენჭებს აჭისწყალში რომ ისროდა, ის ვერ ამოეხსნა ამოტოლა მდინარეში რასალაგა ათხრიშინებს ნაბჟუარა ტალღებს, ახლა კი ამხელა ამურის ზღვას ატლანტიკური ოკეანის ციკლონები თუ შეუტევდა, ისეთი წვიმები დაიწყებოდა, რომ კალაპოტიდან გამოქცეული წყალი ხვევებს და ჭაობებს წყალდიდობით წალეკავდა . მერე გენახათ ბორნებზე მიმოფანტული ჯუჯა ფიჭვები, მანჯურიული კაკალი, ამურის კორპის მუხა, ველური ჯინსენგი, დაჰურიული ცაცხვი. წყლიდან ამოჰყრიდა კუს და ციმბირის ორაგულს, ჩინურ ქორჭილას, სიგას და ამურს, აქეთ-იქით მიმოყრიდა ბამბის ბალახს, მტევრს, ხრეშს და ყაყაჩოს.
გამცილებელი ლეგენდას მოუყვა, რატომ ეძახდნენ ამურს „შავ ურჩხულს“, ადრე მდინარეში რომ ცხოვრობდა შავი და კეთილი. „ხინგანის ლოყებს“ (რეგიონი ჩინეთში) მდინარის ფსკერზე რომ დაუსვენებია, თეთრზე და ბოროტზე გამარჯვებული. "კუდი" მონღოლეთის დაურიის სტეპებში მოუქნევია, მარჯვენა თათი კი - სუნგარისკენ და უსურიისკენ. წყალს თათრის სრუტედან სვავდა, ოხოტის ზღვიდან ყურით რომელსაც აწოდებნდნენ. იქ მას „ამურ-სახა-მურენს“ "შავ ფართო მდინარეს" ეძადნენ და ვიდრე საკმარის დალევდა და გაივსებოდა კუდიდან თავამდე (მდინარის სიგრძე 4500 კმ-ზე მეტია), იმდენჯერ დაღამდებოდა და გათენდებოდა, ვიდრე ვლადივასტოკში არ გაჩერდებოდნენ.
ვლადივასტოკი, ტრანს-ციმბირის რკინიგზის აღმოსავლეთ ტერმინუსი, 1860 წელს დაარსდა, როგორც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სახლი და შესანიშნავი ბუნებრივი ნავსადგური. ქალაქი მდიდარი იყო ბუნებრივი მასალებით და მინერალებით: კალით, ვერცხლისწყლით, ანტიმონით, კობალტით, ვოლფრამით, ტყვიით, თუთიით. მუშავდებოდა ბრილიანტის და ოქროს საბადოები. ტრანს-ციმბირის რკინიგზა ასევე ხელს უწყობდა ბუნებრივი რესურსების ტრანსპორტირებას აღმოსავლეთ აზიიდან ევროპის ქვეყნებში, როგორიცაა მარცვლეული, ქვანახშირი, ნავთობი, ხე-ტყე, რაც დიდ გავლენას ახდენდა მთელი კონტინენის, თუ არა მსოფლიო ეკონომიკაში. ხოდა, ეს ზუსტად ის ქალაქი იყო, სადაც მიხაკო თოხაძეს საკუთარი ადგილი უნდა ეპოვნა.
ფოტოზე: ვლადივასტოკი
პატარა დაუსახლებელ კუნძულებზე გაშენებული ქალაქი, სადაც „აღმოსავლეთ ბოსფორის სრუტე“ ორ ყურეს - ამურსა და უსურისას აკავშირებდა, თვალწარმტაც ბორცვებზე იყო გადაშლილი. საპორტო ქალაქმა „ოქროს რქის“ ყურის სანაპიროებზე, ნამდვილად მიიღო მსოფლიოს თითქმის ყველა ერი. მას ბევრი რამ აქვს საერთო ზღვასთან, მუდმივ სტუმრებთან და მოგზაურებთან, რომლებიც ყოველ უცხო შემთხვევას და დეტალს ისტორიულ აღმოჩენად აღიქვავენ. აქ ადგილობრივ რუსებთან ერთად ცხოვრობდნენ გერმანელები, პოლონელები, პრიბალტები, სკანდინავიელები, ბრიტანელები, ამერიკელები, ფრანგები, იტალიელები, ებრაელები, ბერძნები, იაპონელები, კორეელები და, რა თქმა უნდა, ჩინელები.
იმ დღეებში არავის უკვირდა ქალაქის ქუჩებში მრავალენოვანი მეტყველება. ვლადივოსტოკში სხვა და სხვა აღმსარებლობის სულ მცირე ათეული ეკლესია იდგა: მართლმადიდებლური, კათოლიკური, ლუთერანული ეკლესია, ბუდისტური ტაძარი, ებრაული სინაგოგა და ჩინური სამლოცველოები. ყველას სჯეროდა რაც სურდა. პირველ მსოფლიო ომამდე აქ 10 უცხოური საკონსულო იყო. პორტში მუშაობდა გემების შეკეთების მექანიკური სახელოსნოები, 5 აგურის ქარხანა, დიდი ლინდჰოლმის ორთქლის ქარხანა და ლუდსახარში. XX საუკუნის დასაწყისისთვის 40-ზე მეტი კერძო საწარმო და 1,5 ათასი მუშა, რომლებიც აწარმოებდნენ 1 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების პროდუქტებს.
რამდენიმე ათეულ წელში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ფილიალიც გაიხსნა, 16 კვლევითი ინსტიტუტი და 20 საგანმანათლებლო დაწესებულება.
რადგან ქარების, რელიეფის და წყლის მასების იშვიათმა კომბინაციამ აქ უნიკალური კლიმატური ანომალია შექმნა, ფლორა -ფაუნის წარმოუდგენელი მეტამორფოზები ძმებ თოხაძეებს ერთ თვიანი გუგუნის, ჯაყჯაყის, რყევის და რიცრიცის შემდეგ ჯადოსნურ სამყაროს ახვედრებდნენ. წარმოიდგინეთ პატარა ანდრიას გაკვირვება, როცა ჩრდილოეთის ფიჭვები სუბტროპიკულ ლიანებში ჩაძირული დაინახა, ვაშნარის წიფლებზე შემოხვეული მანჯურიული კაკალი, ჩინური მაგნოლიის ვაზი და ველური ყურძენი. მაშინვე გაახსენდა რას ჰყვებდონენ გურიაში თურქეთიდან ჩამოსახლებულ რუს სექტანტებზე – სტაროვერცებზე და სტაროობრიადნიკებზე, რომლებიც მდინარე ნატანების ზღვის შესართავთან ცხოვრობდნენ. ბერძნული ან ქართული წესით და კანონით წირვის წესის უარყოფა მართალია მაგიასთან ვერ დააკავშირებდა, მაგრამ რაღაც მოჯადოებული კი სჭირდათ მაგ შეჩენებულებს და ეს უცნაური ალთა-ბალთაც გურიაში რომ ენახა, ნამდვილად მათი ბრალი იქნებოდა.
"ვლადივოსტოკ"-ში (влади восток - დაისაკუთრე აღმოსავლეთი) მართალია დიდი იმპერიის მთავარი იდეა იყო ჩადებული - მაგრამ შემოქმედი ანტრეპრენიორებისთვის, ვისაც საკუთარი თავის და იდეების რეალიზება სურდათ, ათასი გზა და შესაძლებლობა იყო რეალიზებადი, ზუსტად ისე, როგორც მხოლოდ პროგრესულ სამყაროში. საითკენაც მუდამ მიიწევდა მიხაკო. რკინიგზის სადგური, სადაც თავის 8 წლის ძმასთან ერთად, პირველად ჩაადგა ფეხი, 3 წლის განმავლობაში შენდებოდა (1909 – 1911). სადგური „ოქროს რქის“ აღმოსავლეთ სანაპიროზე ისეთი სიმდიდრით ბრწყინავდა, რომ გადაჭარბებით ასრულებდა რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის, ნიკოლზ II რომანოვის პირად ბრძანებას: ისეთი ძეგლი აეგოთ, როგორიც აქამდე არსად დაუდგავთ რუსეთის კიდით. თავისუფალმა პორტმა მალევე მიიღო სატელეფონო ქსელი, ელექტროსადგური, ტრამვაიც კი.
ფოტოზე: ვლადივოსტოკის სადგური
ტრანსამურის გენერალური გუბერნატორი და აღმოსავლეთ ჩინეთის სარკინიგზო გზის (КВЖД/The Chinese Eastern Railway or CER) მიმდებარე მიწების განყოფილების უფროს, ნიკოლაი გონდატი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე და ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის მკვლევარი იყო. მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ნიკოლოზ II-ის სახელმწიფო მრჩეველი და მოვალეობის შემსრულებელი. სწორედ გონდატმა გახსნა ხარბინში უმაღლესი ტექნიკური საგანმანათლებლო დაწესებულება, რუსულ-ჩინური ტექნიკური სკოლა, თავჯდომარეობდა მანჯურიაში უძველეს კვლევით ასოციაციებს. სადაც ხშირად ივლის მიხაკო, მოისმენს ლექციებს, დაწერს დიპლომს და ფიზიკოსი გახდება.
გუბერნატორმა გონდატმა მეფის შტალმეისტერობიდან (ცხენოსან მხედართა რამზის უფროსი) რუსული სამეცნიერო საზოგადოების წევრობდამდე მართალია დიდი ცხოვრებისეული გზა გაიარა, მარა წირვა-ლოცვის ქართულ ენაზე წასაყვანად, ხარბინელმა ქართველებმა ის მაინც ვერაფრით დაითანხმეს. თუმცა მაშინ ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია დაკარგული ჰქონდა, თბილისში კი რუსი ეგზარქოსი იჯდა და სანქტ-პეტერბურგში გაგონებაც არ სურდათ იმისი, რომ შორეულ ხარბინში სამშობლოს მონატრებულ ქართველებს წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე, ქართველი ღვთისმსახურისგან მოესმინათ. ამიტომ, ჯერ ტაძრის სამშენებლო გეგმაში შეიტანეს ცვლილება - ქართული სტილის გუმბათის ნაცვლად რუსული გუმბათი დაადგეს, ხოლო როცა აშენდა, ირკუტსკიდან რუსი მღვდელი ჩამოიყვანეს. თანაც პეტიციაზეც დიასპორის ხელმომწერთა რიცხვის სიმცირე დაუწუნეს და ჩინეთში ქართველებს თავისუფლებლაც კი დააყვედრეს.
ვლადივასტოკი რევოლუციამდე მართლაც თავისუფალი ქალაქი იყო. მას „პორტო-ფრანკოს“ ანუ თავისფალი ფორტის სტატუსი მიენიჭა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა გახდა ოკეანის სანაპიროზე. ვერცხლისწყლით, კობალტით, ვოლფრამით, ტყვიით, თუთიით, ბრილიანტის და ოქროს საბადოებით მდიდარი მიწა არ შედიოდა სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე. ანუ ეს მიწა საერთაშორისო ან საბაჟო ზონა (Duty Free)) გახდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა ოკეანის სანაპიროზე. პოლიტიკური, კომერციული, კულტურული ცენტრი, რომელიც ახალი ამერიკული ქალაქების მსგავსად, რეალურად ახდენდა გამჭრიახი კაცის ოცენებებს.
ძველი ვლადივოსტოკის არქიტექტურა მაშინ იბადებოდა, როგორც განსაკუთრებული ფენომენი რუსულ იმპერიულ ესთეტიკაში. რუსული ტრადიციული, მოოქროვილი მართლმადიდებლური სამლოცველოები, ლუთერანული ეკლესიის სადა ხუროთმოძღვრების გვერდით, რომაული ციხესიმაგრესეებივით წამოჭიმული ქვის ნაგებობები და ბაროკოს სტილში აშენებული სავაჭრო სახლები ჰქმინდა იმ ეკლექტიკას, რომელიც გურულ ძმებს მთელ სამყაროს უტევდა ხელის გულზე. და ეს მხოლოდ მცირე მონაკვეთზეა საუბარი, რომლის გავლაც შესაძლებელ იყო რკინიგზის სადგურიდან პუშკინის თეატრამდე, სადაც მალე მიხაკო თოხაძე თავის მომავალ მეუღლეს, მარგარიტა მუსხელიშვილს გაიცნობს.
რადგან ვდივასტოკში უთვისებელი მიწის დამუშავება და კერძო საკუთრებაში დამტკიცება მნიშვნელოვანი შეღავათებით შეიძლებოდა, ქალაქი ინტენსიურად იზრდებოდა. ტერიტორიის განვითარების დამტკიცებული გეგმის თანახმად, ყველა შენობა აგურისგან უნდა აშენებულიყო. უკვე 1915 წელს, ქალაქში 1820 შენობა იდგა და აქედან ხისგან მხოლოდ რამდენიმე, ისიც ჩინურ კვარტალებში, რომლებიც დასავლეთიდან ესაზღვრებოდა ქალაქს, თავისი სათიბით და ამურის ყურის სანაპიროებით. ეს კვარტლები ცნობილი იყო როგორც "დიდი და პატარა მილიონკები", რომლებიც ქალაქს უამრავ მითს და ნამდვილს უთხზავდა.
მეფის გახსნილ ვლადივასტოკის #1 იმპერიულ გიმნაზიაში ანდრიას ხშირად უყვებოდნენ კლასელები ლეგენდას ჩინელი მძარცველების და ოქროს საგანძურის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ მილიონკას ღარიბ ქოხებში იყო დამალული.სწორედ აქ, ფარულ კუთხეებში დაუმალავს ხუნხუზების შეიარაღებულ ბანდას რუსებისგან "მანცის ომის" დროს რუკა, რომელშიც მითითებული იყო სამალავი. ხუნხუზების რუკა ხელიდან ხელში გადადიოდა, შემდეგ კი მთლიანად დაიკარგა.მაგრამ ფაქტია, რომ ოქრო აქ დარჩა სადღაც, მილიონკას სარდაფებში.
განძის არა, მაგრამ ოქროს პოვნა ნამდვილად შესაძლებელი იყო საბადოებით მდიდარ ციმბირში. ელენას კუნძულზე თიხის რეზერვებში რამდენჯერ აბრჭყვიალდა უცნაური ქანი. ხანაც ნამდვილი, ხანაც მატყუარა, მაგრამ როცა მიხაკომ თავად ააწყო ორთქლის ქვაბი, და აგურის გამოწვა დაიწყო, მისი კერძო სახელოსნო უცბად გახდა ძალიან პოპულარული. „თესე-კაფე!“ – „თესე-კაფე!“ მუდმივად ისმოდა გურული შეძახილი მის გონებაში, თანაც გამბედაობა გამოეცადა საკუთარი ბედი, ყოველთვის იყო მისი ხელმძღავნელი.
ელენას კუნძულს „განძის კუნძულსაც“ ეძადნენ და ვინ იცის, იქნებ იქაც იმალებოდა ხუნხუზის რუკა. ბახმაროს აივანზე ერთი ორჯერ კი გაირჩა ამბავი მიხაკოს გამოგზავნილი ზოდებით რა უნდა ექნათ, მაგრამ ცრუპენტელა ვაჭრებმა მთაზე მიბნეულ ცხვრის ფარაში გააცვლევინეს ოქრო, რომელიც მოტყუებით აყიდინეს გურიაში ნათესავებს, მაგრამ არასდროს მოუყვანეს სახლის კართან.
მიუხედავად იმისა, რომ იოჰან კუსტერის, ოტო ლინდგოლმის და სტარცევის ცნობილი ქარხნების გვერდზე კიდევ რამდენიმე აგურის ქარხანა მუშაობდა და კერძო სახელოსნოებიც იხსნებოდა, მაინც წარმოუდგენელი სისწრაფით იცლებოდა მარაგი. აგურს ადგილობრივი ნედლეულისგან ამზადებდნენ სხვადასხვა დანიშნულების, ზომის, ფერის. შესაბამისად სხვადასხვა ტიპის მარკებით, რომლებიც მწარმოებლის სახელს, ხარიხს და ნიშანს საერთაშორისოდ უთქვამდა სახელს. მაგრამ რადგან იმ დროისთვის ახალი ქალაქის მშენებლობის რეალურ მასშტაბს სამშენებლო მასალის დიდი რესურსი სჭირდებოდა, გემებით მასალა უცხოურიც კი მოჰქონდათ. თუმცა იქაურ კერძო საამქროებში დამზადებული აგურიც უცხოურივით ძვირად იყიდებოდა, რადგან ოფიციალური სანიშნე მარკის გარეშე გამომწვარ მასას, ტვირთის გარეშე დარჩენილი გემები იყენებდნენ როგორც სიმძიმეს, მშობლიურ ქვეყნებში მშვიდობიანად დასაბრუნებლად: მეზღვაურები ხომალდის წონასწორობისთვის, სათავსოებს აგურით ავსებდნენ. ასეთი ტვირთი კი ხამ მოულოდნელად, ხანაც სწრაფად ხშირად სჭირდებოდათ. ამიტომ კერძო შეკევეთებს ყოველთვის განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. მალე მიხაკომ ჰოფმანის რგოლის ღუმელიც შეიძინა, საზღვაო სატრანსპორტო საწარმოც გახსნა, ბრტყელძირიანი ტივტივა ნავებით სამშენებლო მასალის გემებამდე გადასატანად და ძალიან მალე ქალაქის ერთ-ერთი საპატიო წევრი გახდა. თანაც ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, როცა საგანგებო სტუმრების რიცხვში გუბერნატორის მიღებებზე, ბანკის გახსნაზე, „ადმირალის ბაღში“, გაზეთების დახლთან ან თეატრში შეამჩნევდნენ. დღეში რამდენჯერმე იცვლიდა ტანსაცმელს, როგორც ამას წესიერება კარნახობდა. მიუხედავად იმისა, რომ ტანისამოსში ბევრი რამ შეიცვალა, არასდროს ჩაუცვამს მჭიდრო ქურთუკები დახრილი მხრებით და არც ნაქსოვი ჰალსტუხები უტარებია, მხოლოდ განსაკუთრებული, სეჩუანური აბრეშუმისგან. ზამთარში წვრილ მატყლის ქურთუკს, ენოტის ქურქით, ჩვეულებრივ კი საქმიანი სამოსს ატარებდა, თეატრში და მიღებებზე-სმოკინგს და ბაფთას და არასდროს გამოდიოდა საზოგადოებაში ქუდის გარეშე,ზაფხულში მსუბუქ ქუდს ატარებდა, ტრიბლის, ისე კი „ჰამბურგის“ მსგავსს, მაგრამ უფრო დაბალს და მსუბუქად დათბილულს: ქუდი უნდა იყოს მკაცრი და დამცავი პარაზიტი მწერის მუქი ბაგეებისგანო, თანაც მუდმივად თანმხლები გასეირნებისათვის. სიდნეიში მსუბუქი ავარიის შემდეგ, სიარულში ტროსტსაც დაიხმარს და როცა სიბერეში საქართველოში დაბრუნდება და თბილისის ფუნიკულორის კაფეში ფინჯან ყავას შეუკვეთავს, მისი უნაკლო ქართული საუბარი ყველას გააკვირებს.
ვლადივასტოკის თეატრს, რომელიც არქიტექტორ პაველ ვაგნერს შეუკვეთეს, ან იური ვაგნერს, მოკლედ რომელიღაც გამჭრიახ არქიტექტორს, რომელსაც ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ოტო ვაგნერის გვარი აეღო ფესვდონიმად, ორთქლის გათბობა და შესანიშნავი აკუსტიკა ჰქონდა. წვეტიანი კოშკებით და აჟურული დეტალებით გაწყობილი გოთური სტილის აგურის შენობაში 400 ადგილიანი თეატრალური დარბაზი, საუკეთესო ბიბლიოთეკა და ბოტანიკური ბაღი გაიხსნა. ჭერის მოხატულობა, რომლის სიმაღლე 23 მეტრს აღწევდა, მოდერნისტული სტილის ვაზის ორნამენტებით იყო დაფარული. ეს ყველაფერი კი ორგანულად ამართლებდა შენობის მთლიან დიზაინს, რომელიც ნეო-გოთიკურ და არტ ნუვოს ელემენტებს აერთიანებდა. თეატრის ეზო ღია ცის ქვეშ საზაფხულო საკონცერტო დარბაზად გადაიქცა. ასე რომ „ქალი ლირით“, როგორც ხშირად ეძახდნენ თეატრს ქალაქში, სადაც აისედორა დუნკანიც ფეხშველა იცეკვებს „რევოლუციის ცეკვას“ , მიხაკო თოხაძის მომავალ მეუღლეს, მარგარიტა მუსხელიშვილს ხშირად მასპინძლობდა.
ბავშვები მარცხნიდან: ნიკოლოზ, მარგარიტა და ალექსანდრე მუსხელიშვილები. დედა - დარია საგინაშვილი, მამა - ივანე მუსხელიშვილი
ქართველი სამხედრო მოღვაწის, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის ივანე მუსხელიშვილის ქალიშვილი და კონტინენტური მასშტაბის მეცნიერის, მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლის ნიკო მუსხელიშვილის და, მარგარიტა მუსხელიშვილი, ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის შემსწავლელ ექსპედიციას ზუსტად მაშინ გაჰყვა, როცა 1917 წლის ორომტრიალმა სამყარო შეცვალა. სამშობლოში უკან დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მრავალმხრივ განათლებული ქალისთვის კი საქმის პოვნა ძნელი რადგან არ იყო: უნაკლო მუზიცირების ნიჭით და ფორტეფიანოზე შესრულების უნარით მან უცებ გაითქვა სახელი. მალე ქალაქის მდიდარ ოჯახებში მარგარიტას მაგალითზე ყველას მოუნდა შვილების სათანადოდ აღზრდა, ამიტომ ანაზღაურებას ბევრი ჰპირდებოდა პედაგოგობისთვის. სამშობლოში დაბრუნებამდე კი ასეთი წინადადება მისაღებიც იყო და სასიამოვნოც. მალე შეუდგა საქმეს ქართველი ქალბატონი შორეულ ციმბირში და პატარა საყვარელი ბიჭის მუსიკალურად აღზრდას.
მიხაკომ მარგარიტა პირველად თეატრში ნახა. მხოლოდ არ გამოეცნაურა. აივნიდან თვალს არ სწყვეტდა და როცა საქვემოქმედო კონცერტი დასრულდა, ზუსტად იცოდა რას უთვლიდა ბედისწერა. ადვილად გაიგო სად ცხოვრობდა მარგარიტა და დიდი თეთრი როიალი გაუგზავნა საჩუქრად.
მიხაკომ და მარგარიტამ ჯვარი ღვთისმშობლის მიძინების უძველეს კათედრალურ ტაძარში დაიწერეს. იქ გაჩნდა მათი ქალიშვილი, ნათელა თოხაძე.
ფოტოზე: მიხაკო და ნათელა თოხაძეები
მალე აშკარა გახდა, რუსეთის იმპერიის უკანასკნელი პორტო ფრანკო რევოლუციის ჩრდილში მოექცეოდა. ამიტომ ციმბირის ეპისკოპოსებმა ერთხმად დაადგინეს ადმირალი ალექსანდრე კოლჩაკი ბოლშევიკებისგან განმათავისუფლებელად და ციმბირის ტერიტორიებზე მართლმადიდებლური ეკლესიის დროებით წინამძღვრად აკურთხეს. ადმირალმა ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა ომის, კომუნიზმის, ექსპროპრიაციის წინააღმდეგ და საკუთარ 150 ათას კაციან არმიას 3,5 ათასზე მეტი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, მწვანე დროშის მუსლიმური რაზმები, ებრაული რწმენის დამცველთა ბატალიონიც შეჰმატა. თუმცა ღიად გამოცხადებული მასობრივი რევოლუციური ტერორის ფონზე, შორეულ აღმოსავლეთში გადახვეწილ ინტელიგენციას, მეცნიერებს, მეწარმეებს, კულაკებს და სამხედროებსაც კი თავზარს სცემდა.
მართალია კოლჩაკის ხელმძღვანელობით უნიკალური ეკონომიკური პროგრამა გატარდა სამრეწველო ბაზის შესაქმნელად ცენტრალურ და დასავლეთ ციმბირში. და რაც მთავარია, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შესარიგებლად. მაგრამ ეს ყველაფრი მხოლოდ დროებითი იყო. არა და თავის ოცნებას ბახმაროდან სდია მიხაკო თოხაძემ და ახლა ვერაფრით დასთანმხდებოდა მის წართმევას. გემების პატრონებისგანთან ხშირად გაუგია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პორტამდე მხოლოდ 968 საზღვაო მილი, 7 დღე და ღამე და მისი ნება იყო საჭირო. წყნარი ოკეანის სანაპიროზე აღმოსაველთ აზიის ყველაზე დიდი პორტი იმ თავისუფალ შანჰაიში ჩაიყვანდა, რომელსაც ახალ წარმატებაზე ჩასვლის თანავე გაურიგდებოდა.
მარგარიტა არ დასთანხმდა და ქალიშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. წყენა დაშორების მთელი ცხოვრების ხელა აღმოჩნდა, მხოლოდ ნათელა დარჩა მისი ბედისწერის სამუდამო ვარსკვლავად, რომელსაც მამისგან სამაგალითო მამაცობა, მიზანსწრაფულობა და ცხოვრება ერგო, როგორც ნამდვილი თავგადასავალი.
მიხაკო და ანდრია იაპონიის ზღვას ყვითელი ზღვისკენ ჭრიდნენ და შანჰაის ბუნდეს ცხოვრების შეცვლას ანდობდნენ, როგორც „ჩინეთის დიდებულ ათენს", სადაც გაგრძელდა გურული ძმების ოდისეა. ივლისის თბილ ღამეებს წყნარი ოკეანის უკიდურეს შელფში, არ დასდევდა ძლიერი ქარი. არც მიმოქცევას განიცდიდა, არც მიწისძვრას და არც ანთებით ემუქრებოდა იაპონიის კუნძულების ჩამქრალ ვულკანებს.
ზღვის დეპრესიას თოხაძეები სამშობლოს, დაქცეული იმპერიის, თანამედროვე წითელი ისტორიის იქით მიჰყავდა, უწყვეტ ზოლში ჩინეთის წყლებამდე. ზომიერი და ნოტიო მოქცევა შელფის რელიეფში გარდამავალ უბნებსაც ისე რეცხავდა, როგორც განშორების სევდას, წყენას და გულისტკივილს.
ჯერაც ბანგით და ხაშხაშით გაბრუებული ჩინური სანაპირო, ოპიუმის ომების, შიმონოსეკის ხელშეკრულების და იაპონური ჰეგემონიის შემდეგ, შორეული აღმოსავლეთის უდიდესი ფინანსური ცენტრი ხდებოდა. ექსტერიტორიულობის უფლებით და საკონსულო იურიდიქციით გამყარებული ფრანგული და ბრიტანული კონცესიები შანხაის საერთაშორისო დასახალებას და ურბანული ინდუსტრიის განვითარებას დიდი მოწადინებით ეწეოდნენ. 1927 წელს რესპუბლიკური მთავრობის მეფობის დროს შანხაიმ მიიღო სპეციალური ქალაქის სტატუსი და რაც უფრო მეტი უცხოური ძალა ერთიანდებოდა ჩინეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში, მით უფრო მეტი მოქალაქე ხდებოდა უცხოური კონცესიის ადმინისტრაციის ნაწილი. შანხაის საერთაშორისო პორტი ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთ ეპიცენტრი გახდა. და რაც მთავარია ხელოვნების, კულტურის, არქიტექტურისა და კინოს მნიშვნელოვანი მექა.
შანხაი მართლაც წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდებოდა. მისი არქიტექტორი, რომელმაც 1920-1940 წლებში ჩინეთის მთავარი საერთაშორისო პორტი მითიურ ქალაქად აქცია, უნგრელი ებრაელი ჩარლზ ჰენრი გონდაა. მისი აშენებული ჩინეთის და სამხრეთის ზღვის ბანკის შენობები, კომუნიკაციის სამინისტრო, შანჰაის ლუნა პარკი, Lane, Crawford & Co, Sun Sun Co, Whiteaway, Laidlaw სავაჭრო ცენტრები და ა.შ, ქალაქის ძირითად ფინანსურ და სოციალურ არტერიად იქცა. 1928 წლის თებერვალში გონდამ გამოაცხადა პარტნიორობა გერმანელ არქიტექტორთან, ემილ ბუშთან და სახელწოდებით „Gonda & Busch“ შექმნა და ააშენა შანხაის დიდი „კატაი თეატრის“ (Cathay Theatre), კოსმოპოლიტენ თეატრის, რიც თეატრის, ვიქტორია თეატრის,“დედოფლის“ და „სამეფო“ თეატრების 1200 კაციანი კინო დარბაზები, ჯაზის კლუბებით და ჩაის მისამრთმევი ოთახებით. რაც მთავარია, გონდამ ააშენა ყველაზე დიდი კინო სახლი კონტინენტზე, რომელსაც „უმდიდრეს შენობას“ ეძახდნენ შორეულ აღმოსავლეთში.
ჩარლს ჰენრი გონდა, ნამდვილი სახელით კაროლ გოლდშტეინი, მამის გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებლად ვენაში გადავიდა. სადაც ვენის ტექნიკურ კოლეჯში ჩაირიცხა, არქიტექტურის განხრით. მაგრამ 1914 წლის ზაფხულს მიატოვა სწავლა და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც პარიზის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და Ecole des Beaux-Arts დიპლომით ლონდონში გამეგზავრა, სწავლის გასაგრძელებლად. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, კაროლი და მისი ძმა აურელი ეროვნული გვარდიის ქვეითთა 309-ე პოლკში გაიწვიეს, მისი საგმირო შემართვებისთვის და მამაცობისთვის მას ვერცხლის მედალი ვაჟკაცობისთვის მიენიჭა. თუმცა გონდა რუსებმა შეიპყრეს და ნიკოლსკ-უსურიისკის მახლობლად სამხედრო ტყვეთა ბანაკში მიიყვანეს. ტყვეობაში ყოფნისას იგი შეხვდა ევდოკიას, ცნობილი არქიტექტორის ნიკოლაი დმიტრიევის ქალიშვილს, რომელიც რუსეთის რევოლუციის მღელვარებისგან თავის დასაღწევად მოსკოვიდან ვლადივოსტოკში გადავიდა საცხოვრებლად. იმის გამო, რომ გონდა ერთნაირად თავისუფლად ფლობდა უნგრულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს, ევდოკიამ კარლი მისი ორი ვაჟის, გიორგისა და ვლადიმერის ენის მასწავლებლად დაიქირავა. 2 წელიწადაში, 1919 წლის იანვარში, კაროლი და ევდოკია დაქორწინდნენ. გონდამ იშვილა ევდოკიას ვაჟები და ვლადივასტოკში დასახლდა.
რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე მიხაკო და ანდრია წყნარ ოკეანეს შანხაის ნაპირებთან მიადგებოდნენ, კარლმა და ევდოკიამ ვლადივასტოკის ინტელიგენციას საკუთარი გადაწყვეტილება გაანდეს. როცა რუსეთი სამოქალაქო ომში ჩაეფლო, წყვილმა დატოვა ქვეყანა და ჩინეთში, შანხაიში გაემგზავრა. ეს არი იყო პირველი რეალური მაგალითი, რაც მიხაკოს მომავალ გეგმას და მიზანს ასაზრდოვებდა. შანხაი ნამდვილად იყო ახალი შესაძლებლობა და გონდამ ეს მალე ყველას დაუმტკიცა.
„ჩვენი დროის პულსი აუცილებლად უნდა გესმოდეთ, რადგან ამ უთქმელი საშინელების ქაოსიდან ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად, გაიღვიძებს ახალი სტილი, ახალი სამყარო“ წერდა ჩარლს გონდა, ჯერ როგორც პუბლიცისტი, ფსევდონიმით ანდოგ.
მათი ბავშვები ვლადივოსტოკში დარჩნენ ვიდრე მშობლები მოეწყობოდნენ. გონდამ შანხაის მუნიცეპალური საბჭოს თავჯდომარის ედვარდ ალბერტ პრობსის კერძო კომპანიაში Probst, Hanbury & Co Ltd დაიწყო მუშაობს. ქონების მართვის დეპარტამენტში და ძალიან მალე მიაღწია დაწინაურებას. სულ მალე კი თავისი არქიტექტორული ჩანაფიქრით და გეგმებით შანხაის მთავარ ოლიგარქს, ვიქტორ სასუნს დაუმეგობრდა.
რამდენიმე წელში შანხაიში კარლის და ევდოკიას შვილები ჩავიდნენ. იგივე გემით, რომელმაც მიხაკო და ანდიას ჩინეთში ჩაიყვანა, თუ არა არ ვიცით. არც ის ვიცით ვლადივოსტოკში მარტო დარჩენილ ბიჭებს მიხაკოს ქართველი ქველმოქმედი მზრუნველობას აკლებდა თუ არა. მაგრამ როცა ჩარლს გონდამ შანხაი „აღმოსავლეთის პარიზად“ აქცია, მიხაკოს 5 დიდი თეატრის გენერალური მენეჯმენტი და მესაკუთრის წილი გადაეცა. რომლის წარმატებაზეც „ჰოლივუდის ჰერალდიც“ წერდა.
ფოტოზე: ანდრია თოხაძე
ამასობაში ანდრიამ ბრწყინავლედ ისწავლა ფორტეპიანოზე მუზიცირება. მარგარიტას გაკვეთილები ძალიან დაეხმარა ბავშვობიდან გამოყოლილი მელოდიისთვის მოეძებნა სწორი ოქტავა. მაგრამ მუსიკის ჩაწერას ჯერ შიშით მაინც ვერ ახერხებდა: მუსიკალურ გრაფზე ჯერ ისევ არ გაუბედავს დაენიშნა ლიხაურის 7 ხმიანი ცისკარი: იმ მუსიკის მშვენიერი სირთულე, ბავშვობიდან სულ რომ ესმოდა გონებაში. ესმოდა საკუთარი სმენით განვითარებული შემდეგი თანმიმდევრობაც. ერთი სული ჰქონდა რომ იმ მოტივით სწორად გაემართა პერსონალის ოთხივე სივრცე, მარგარიტას რომ შეექო, სხვებსაც რომ მოესმინათ, მიხაკოს რომ ეამაყა. აუცილებლად C მაჟორში ჩაწერდა მთავარ მუსიკალურ ფრაგმენტს, მაგრამ შემდეგ,თითქოს ავის მომასწავლებლად, დაღმავალ ცვენაში მეორდებოდა საბოლოო კადენზა. ზუსტად იცოდა ანდრიამ მისი რაფსოდიის რიტმის ნიმუში; ისიც იცოდა, რომ მის გარეშე არაფერი გაიჟღერებდა. ეს რიტმი იყო რაც არასდროს ჩუმდებოდა ძმების გონებაში, რაც განუწყვეტლივ მეორდებოდა სკოლაში, ლექციებზე, მიხაკოს ქარხანაში; ოკეანის ტალღებით, ლიანდაგის გუგუნით, გუგულის ძახილით - „თესე-კაფე!“ „თესე-კაფე!“„თესე-კაფე!“
„Великий грузинский композитор Андриа Тохадзе умер в Шанхае от карбункула!“ ხშირად იმეორებდა ნათელა თოხაძე ფრაზას, რომელიც ალბათ თვითონ მოიგონა ბევრი წლის შემდეგ, რაც ანდრიამ საკუთარ დაავადებას ყურადღება არ მიაქცია. არავინ იცის ეს ამბავი როგორ გამოაპარა მიხაკოს... ან ახალგაზრდა, „მორცხვ და საამურ“ ვარვარას, მშვენიერ რუს გოგოს, რომელიც შეუყვარდა და მალევე მოიყვანა ცოლად. რუსეთის საიმპერატორო კარიდან მანჯურიაში გახიზნული „თეთრი ემიგრაცია“, მათ შორის გორშინინები, მართალია სამეფო კანცელარიაში ყოველთვის აღირიცხებოდნენ, როგორც დიდგვაროვნები, რომლის წახალისება მონაქრიის სტაბილურობის გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოსავლეთ ჩინეთის სარკინიგზო გზის (КВЖД) არც ერთ საარქივო დოკუმენტში ვარვარა გორშინინა არ იძებნება. მოგვინებით „მანჯურიის მაცნეშიც“ მხოლოდ მათზე ჰყვებიან, ვისაც ჩინეთში სულ პირველი საბჭოთა პასპორტი აუღია და არა ჩინეთის მოქალაქეობა, რომ როგორღაც გაჰპაროდა დახვრეტას, ტრიბუნლს და დაჭერებს.
ფოტოებზე, რომელსაც ანდრია თავის შეყვარებულს უგზავნიდა, ის ყოველთვის ბრწინვალედ გამოიყურებოდა. თეთრი პერანგით და შეუცდომლად შერჩეული ჰალსტუხით, ზედმიწევნით შეხვეულით ბოლო ღილით შეკრულ საყელოზე; კოხტად მორგებული კოსტუმი, დახვეწილი დეტალებით: გრძელი მკლავები, წვეტიანი წამწამები, რომლებიც გაშლილი იყო ზედა ღილებთან. აბრეშუმივით დაწყობილი მოკლე თმა და საგანგებოდ შეჭრილი ბაგეები ყურებთან. ანდრიას ფოტოები „მღელვარე 20-იანი წლების ილუსტრირებული ატლასის“ ბრწინვალე მაგალითი იყო, მხოლოდ ქართული გამომეტყველებით. რადგან ქართულად მხოლოდ მიხაკოსთან საუბრობდა, სკოლამ, გონდატის უმაღლესმა ტექნიკურმა სასწავლებელმა, მეგობრებმა, მეზობლებმა და ქვეყანამ მთავარ ენად რუსული დაუწესა. მისი წერის მანერა, კალიგრაფია, საუბრის მგრძნობიარე სტილი და მოხდენილობა ანდრიას ჩინებულ ხასიათზე მეტყველებდა.
ჩემი „კუჩუ!“ ასე ეძახდა ვარვარას და თავდაჭერილობას უქებდა მის მომავალ ცოლს.
მანჯურიაში და არა რუსეთში, სადაც ვარვარას ოჯახი ცხოვრობდა, სამშობლოს განცდა ისეთივე წარმოსახვითი და ნავარაუდები იყო, როგორც ანდრიასთვის. მასზე ხომ ახლა მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. შორეულ მშობლიურ ქვეყანას, მიხაკოს და მარგარიტას გვერდით ისე იბრუნებდა, როგორც ვარვარა, მამის ენთუზიაზმით მოყოლილი ისტორიებით, ხანდახან გრძელი დურბინდით ხარბინის მაღალი ბორცვებიდან ურალისკენ რომ იყურებოდა.
ანდრიას სახელი არც ერთ საარქივო დოკუმენტში, არც ერთ სასაფლაოზე, არც ახლა უკვე საჯაროდ გამოქვეყნებულ საბჭოთა უსაფრთხოების არქივებში (Russians in China. Genealogical index (1926-1946) არ იძებნება. ახალგაზრდა, ლამაზი და მეოცნებე ისე მალე დაიღუპა შანხაიში, რომ სულ ახლა ხანს გაჩენილი მისი პატარა ბიჭის, მიხეილ თოხაძის, ნათლობასაც ვერ დაესწრო.
გურიაში არავის გაუგია ეს ამბავი.. მიხაკოს წერილები ძალიან გვიან ჩადიოდა მათთან, ან იშვიათად ვინმეს ცოცხალი ხელით, რომელიც შორეული აღმოსავლეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა. ანდრია ბედნიერი კაცი იყო, მშვენიერი ცოლით და სავსე იმედებით. მხოლოდ არა გურიაში, არა მშობლებთან, დებთან და ძმებთან ერთად, სადღაც ძალიან შორს, სადაც არავის უნახავს, როგორ მიიცვალა.
"იჯდა დედა მარიამ კარსა სამოთხისასა, ქსოვდა ქსელსა ძოწეულისასა. მოვიდა ქალი იგი საშინელი და კაცი იგი საშინელი, ამიშალა ქსელი ჩემი, წამიხდინა მხარი ჩემი. იმასა ტირის, იმასა ჩივის, იმასა ყრის ცრემლსა მარგალიტისასა, იმასა იგლეჯს თმასა გიშრისასა, იმასა იგლეჯს ლოყასა ლალისასა. მოვიდა ქრისტე, ჰკითხა რას ტირი დედაო მარიამ? გაიღე რვალი, დასვი, დასდაგე თვალი და ყური, ავი თვალისას თვალი დაუფსე.“
ასე ებრძოდნენ გურულები განუკურნელს. ამ ლოცვას ხალხი ყველაზე უებრო წამლად მიიჩნევდა, რის გამოც ის ყოველთვის ზეპირად ახსოვდათ გურულ ქალებს. ვინ იცის, რამდენი ლამაზი გოგო მოიხსენიებდა ლოცვაში ანდრიას სახელს, რამდენი იტირებდა, რამდენი იგლოვებდა, რამდენი მოიგლეჯდა ლოყებს ლასისას.
ანდრიას ფერფლი ძმამ ხარბინის ქართული სათვისტომოს თავჯდომარის შვილს, ლევან ხაინდარავას საქართველოში გამოატანა და გურიაში, თოხაძეების სახლში დააბრუნა. ახლა ანდრიას ნეშტი დედ-მამის გვერდით განისვენებს , თვითონ კი სადღაც, ახლოს სამოთხესთან, 9 ხმიან ცისკარს ღიღინებს.
ანდრიას სიკვდილის შემდეგ მიხაკო ამერიკაში გაემგზავრა, თითქოს საქმეებზე, მართლა საქმეებზეც, მაგრამ შორს თავისი დაღუპული პატარა ძმის ტრაგედიისგან. 3-4 თვე ელოდებოდა ვარვარა ანდრიას ძმას, რომ პატარა მიხეილი მეონათლა. არა და ზღვებს, ყურეებს და სრუტეებს მაინც არ მიჰქონდა მიხაკოს დარდი. უკვე სიბერეში, სამშობლოში დაბრუნებულმა უცნაური ვნებით მოისურვა თავის ცხოვრების საწყისს, საძირკველს, პირველქმნილს და პირელ-შემქნელს დაბრუნებოდა. იქ, სადაც დედ-მამასთან ერთად ანდრიაც ელოდებოდა.
„ძვირფასო დაო, ჩუნი!
რატომ მითხარი ის, რომ თითქოს არ მქონდა ბახმაროს სახლზე დარდი? განა მთელი 60 წლის განმავლობაში არ გედექით გვერდზე, დედ-მამას საფიცარი მიხაკო?!
ახლა კი გთხოვ, ბათუმში ჩამოსვლისას ინახულო დათიკო, გაოიართვა ფული. ფული უპირველეს ყოვლისა უნდა მოვიხმარო დედ-მამის ძეგლის დასასრულებლად და მათი დატოვებული სახლის ხელმეორედ ასაშენებლად მახარაძეში, რათა მსურს იმ სახლში მქონდეს ერთი ოთახი სულ ჩემს განკარგულებაში. აწი, ნახვადმდის. წერილები თქვენ ჩემზე კარგი გამოგსდით და იმედია ჩემს თხოვნას განსაკუთრებით ყურადღებით მოექცევით.
გაკოცეთ მაგრა ყველას. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენი პასუხის მოლოდინში,
მარად თქვენი მოყვასი ,მიხაკო “
1964 წელი, სიდნეი. ავსტრალია
შანხაი, თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო საზღვაო პორტი აზიასა და აღმოსავლეთში, 1842 წელს გაიხსნა. ნიუ-იორკის, სინგაპურის და როტერდამის შემდეგ დღეს ის ყველაზე დატვირთულია. შანხაი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული, კომერციული, ფინანსური, ინდუსტრიული და საკომუნიკაციო ცენტრია და ასეთად ძალიან მალე იქცა, მეოცე საუკუნის დასაწყისში. 1920-იან და 1930-იან წლებში ის ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთ ეპიცენტრი გახდა და რაც მთავარია ჩინური კინოს მითიური ქალაქი.
კინო ჩინეთში მისი დაბადებიდანვე სწრაფად გავრცელდა. სულ რაღაც ერთი წლის თავზე პარიზის დებიუტიდან, 1896 წელს ძმებმა ლუმიერებმა შანხაიში აჩვენეს თავიანთი ქმნილება.
სწორედ ამ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ცხოვრების ცენტრში კინოთეატრმა იპოვა თავისი იდეალური ადგილი. ჩინური კინოს ადრეულ ეტაპზე სწორედ შანხაი იქცა კინოს მექად. ამის მრავალი მიზეზი იყო, ერთ-ერთი მიზეზი კი მისი ეკონომიკური სიძლიერე საერთაშორისო ვაჭრობაში. შანხაი აზიის პარიზი იყო, სადაც მოდერნული იდეები იყრიდა თავს. აზროვნების ეს სიახლეები, რომელიც ევროპის და ამერიკის კულტურებიდან შემოდიოდა ჩინურ აზროვნებაში და ახალ არეალს ხსნიდა.1905 წლის ნოემბერში ჩინელებმა გადაიღეს პირველი ფილმი „დინჯუნშანის ბრძოლა“. იგი ადაპტირებულია ამავე სახელწოდების ოპერიდან და გადაღებულია Fengtai Photography Studio-ს მიერ, რომლის პრეიმიერით აღინიშნა კიდევაც ჩინური კინოს ოფიციალური დაბადება. პირველი კინო კომპანია ჩინეთში Asia Film Company, რომელმაც დრამატული ფილმების წარმოება დაიწყო, სწორედ შანხაიში დაარსდა 1909 წელს, ამერიკელი ბიზნესმენის ბენჯამინ ბროსკის მიერ. პირველი ჩინური მხატვრული ფილმი ტიტრებით, "რთული წყვილი" (Chinese: 难夫难妻; Nànfū Nànqī), ასევე შანხაიში გადაიღეს. პირველად ამ ქალაში ჩაწერეს ხმა და აქ ანახეს პიველად ფერადი კინო. \ამერიკული კინოს პარალელურად ვითარდებოდა შანხაური კინოც და უკვე 1927 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 181 საპროდუქციო კომპანია არსებობდა, საიდანაც 151 შანხაიში მდებარეობდა.
ჰოლივუდის სტუდიებმა მალევე ჩამოაყალიბეს შანხაიში სადისტრიბუციო კომპანიები. მათი ნაწარმი იქ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამერიკული კინოს წარმატებამ შანხაის საერთაშორისო მეტროპოლისის სტატუსი მოუტანა. ამ ქალაქში, სადაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ჩინელი მოსახლეობისთვის კინოს ბილეთი განტვირთვის ერთადერთი საშუალება და თავისი პრობლემის დროებით დავიწყების ერთადერთი ხელშესაღები იარაღი იყო.
ეს უბრალოდ ჯადოსნური დრო იყო, როდესაც შანხაი შეხვდა კინოს! ეს პერიოდი ცნობილია, როგორც ჩინური კინოს ოქროს პერიოდი და ზუსტად ამ დროს მიხაკოს განკარგულებაში 4 დიდი კინოთეატრი მუშაობდა: "ბროდვე", "როიალ", "შანზე" და "ორიენტალ". მისი კინოთეატრების ჯაჭვზე ხშირად წერდნენ ჰოლივუდშიც, რადგან როცა იაპონიის შეჭრამ ჩინეთში და შანხაის 1932 წლის დაბობვამ კინოინდუსტრიის განვითარება შეაფერხა, დიდმა გონდამ და მიხაკომ მაინც ახალი კინოთეატრების შენება გადაწყვიტეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 1854 წლიდან 1937 წლამდე შანხაის საბაჟოს განაგებდნენ აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი. 1937-1945 წლებში კი ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. სამშენებლო მასალის იმპორტის გრძელი პროცედურა და წარმოების მართვა მიხაკოს ბრწყინავლედ გამოსდიოდა. გურულ ძმებს ხომ გუგულის განუწყევეტელი ძახილი მუდმივად ესმოდათ გონებაში.
1942 წელს ჩარლზ გონდამ მიხაკოს ჯაჭვის ბოლო რგოლი, Royal Theater (上海大戏院) დაასრულა. 950 ადგილიანი ახალი შენობა „ფრანგული კინო საზოგადოებასთან“ (Société Française des Cinemas) თანამშრომლობით, ფრანგული კონცესიის ლაფაიეტის ქუჩაზე აშენდა, მიუხედავად იმისა, რომ 30-იანი წლების ბოლოს შანხაი, როგორც კინოიდუსტრიის ცენტრი, ოკუპაციას მნიშნელოვნად განიცდიდა, მიხაკო რეპერტუარის მრავალფეროვნებით, ფასების ოპერირებით და მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმეს სამაგალითო წარმატებით აწარმოებდა. მისი კინოების ცნობილი ჯაჭვი, იმ დროისთვის მსოფლიოში წარმოებულ ბრწყინვალე ნამუშევრებს აჩვენებდა. თანაც 1930-იანი წლების ჩინელმა კინორეჟისორებმა რეალიზმის ტალღა შემოიტანეს: სამოქალაქო ომის ზღვარზე მყოფ ჩინელ საზოგადოებას ახლა განსაკუთრებით იზიდავდა ეროვნული და პოლიტიკური იდეები. ფილმს უკვე მხოლოდ გართობის ფუნქცია არ ქონდა, არამედ ის რაღაცის სასწავლებლადაც მოიაზრებოდა. თანაც იაპონული დამპყრობლური გარე საფრთხის და სამოქალაქო იმის წინაშე მდგარი საზოგადოება მზად იყო ეროვნული წინააღმდეგობისთვის, რომლისთვისაც კონსოლიდირებას და შემართებას თანამედროვე კინო აშკარად ამაღლებდა.
ანდრიას დაღუპვის შემდეგ, ვარვარაც მალე გარდაიცვალა. პატარა მიხაკო თოხაძე ბიძის ერთადერთი ოჯახი და იმედი გახდა. მან პატარა მიხეილი შანხაის წმინდა ფრანსის ჰავიერის კოლეჯში შეიყვანა (St. Francis Xavier's College, Shanghai), რომელიც კათოლიკური ეკლესიის ძმების რელიგიური კრების - „მერის ძმების“ დაარსებული იყო. ძმებმა მერისტებმა დატოვეს საფრანგეთი 1891 წელს და ჩინეთში ჩავდინენ. 1896 წელს ძმებს კოლეჯზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრათ. რელიგიურ სწავლებას წმინდა მარტინის ინგლისურ სკოლაში პატარა მიხაელ თოხაძე ახალ ენაზე სწავლობდა და ბიძის საამაყოდ კლასშიც გამოირჩეოდა.
ფოტოზე: მიხეილ თოხაძე (უმცროსი) წმინდა ფრანსის ჰავიერის კოლეჯი, ზევიდან ქვემოთ: მეორე რიგში, მარჯვნიდან მეორე
1937 წელს იაპონიის არმიამ დაიპყრო შანხაი და იქ მარიონეტული მთავრობა დატოვა. ქალაქი დარჩა დამპყრობლების ხელში 1945 წლამდე, იაპონიის დანებებამდე. ამბობენ მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ევროპიდან ლტოლვილების თავშესაფარი გამხდარა. თუმცა მანამდე მთლიანად კომუნისტური პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა. შანხაის მრავალფეროვან საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას ენით უთქმელი საფრთხე დაემუქრა. კონტრ-რევოლუციონერებად მიჩნეული ადამიანების დახვრეტა მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი გასაცდელის, რაც ამ ქალაქს ელოდა. ელეგანტურ სამეჯლისო დარბაზებში მასობრივი რეპრესიით დახოცილი ათასობით ადამიანის გვამი ეყარა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის ბოლოს იაპონელებმა შანხაის ებრაელი ემიგრანტები დააპატიმრეს გეტოებში, სადაც დაიწყო ინფექციური დაავადებები, როგორიცაა დიზენტერია.
ომის დასრულებისთანავე, პრაქტიკულად იმავდროულად რაც აშშ-ის მთავრობამ პირველი ანტიბიოტიკის მასიურ წარმოებას მხარი დაუჭირა და შოტლანდიელ მიკრობიოლოგს - ალესანდრ ფლემინგს ნობელის პრემია მიანიჭა, მიხაკომ საქართველოში 2 ვაგონი პენიცილინ ნოტატუმი გამოაგზავნა. ათეული წლის წინ აღმოჩენილი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატი ჩვენთან პრაქტიკულად არც იხმარებოდა. ეს ყველა ანდრიას გადასარჩენად იყო, ვისაც ინფექცია შეჰყროდა. ჭრილობების მოსარჩენად.
1943 წლის დასაწყისში ხელმოწერილმა ახალმა ხელშეკრულებებმა ოფიციალურად დაასრულა ამერიკელების და ბრიტანელების ექსტრატერიტორიული პრივილეგიები და შანხაი, როგროც „აზიის ვარსკვლავი“ კაცობრიობის ისტორიის წარსული გახდა. ჩარლზ გონდას ბოლო შენობა „კომუნიკაციის ბანკი“ ბუნდებზე*, ახლა სულ სხვა ისტორიის ნაწილი გახდა. 1949 წელს, ის ნიუ ჯერსიში გადასახლდა და პეიზაჟების ხატავში 80 წლის გარდაიცვალა.
მიხაკოს არა მხოლოდ კინოები ჩამოართვეს, დარბაზები, სამსახური, საქმე, პერსონალი, არამედ მის თანამშრომლებს პენსიის ქონის უფლებაც აუკრძალეს. წლები ელოდებოდა იგი ჩინეთიდან გასვლის ოფიციალურ ნებართვას. ჰონგ კონგში გაქცეული, პატარა მიხეილთან ერთად, საკუთარი ინდუსტრიის საგადასახადო ვალდებულებებს და „რეტროაქტივს“(ანუ სახელმწიფო ბეგარას წარსულ დროში განხორციელებული აქტიობისთვის) იხდიდა და იხდიდა და იხდიდა. სანამ 1947 წლის 25 მაისს „შანხაის საბჭოთა კავშირის მოქალაქეთა ასოციაციამ“ დიდი მადლობა არ მოუხდა იმ უზარმაზარი შენაწირისთვის, რომელიც განსაკუთრებული დანიშნულების ფონდს არ გადასცა. საბჭოთა ჩინეთის სარევიზიო კომისიამ მადლობის სიგელი და ჩინეთის დატოვების უფლება ერთად გამოუგზავნა მიხაკოს. ბიძამ ახალგზარა მიხეილი ცოტათი ადრე გაამგზავრა სულ სხვა კონტინენტზე და მანამ ვიდრე თავადაც დასახლდა სიდნეიში, მაროკოში ავანტიურისტებს, მეკობრეებს და ჯამბაზებს სამახსოვრო გაკვეთილი ჩაუტარა, თუმცა ამ ისტორიის ზუსტი მოწმე აღარ არსებობს.
მიხაკო თოხაძე და პატარა მიხეილ თოხაძე
შანხაიდან სიდნეიმდე ახალგაზრდა მიხეილმა უზარმაზარი გემით იმგზავრა. მხოლოდ მას არ აწუხებდა ზღვის ავადმყოფობა ხალხით გადავსებულ ხომალდზე. გემის სახელი მის შვილს, ლადო თოხაძეს, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს ამბები, როგორ გემრიელად მიირთმევდა ახალგაზრდა მიხეილი სადილს, გემის თითოეულ გადახრაზე ტვინის ქერქის როლით მიბნედილ მგზავრებში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკას და ავსტრალიას შანხაის პორტიდან მასიურად გადაჰყავდათ ემიგრანტები, რომლებიც ახალ პოლიტიკურ წყობას ვერ ეთანხმებოდნენ, ან ისევ გაურბოდნენ რუსეთის იმპერიის ახლა უკვე საბჭოთა ცელს. განსაკუთრებით ებრაელები, რომლებისთვისაც დიდი ხანია უკვე თავშესაფარი არსად აღარ არსებობდა. 1929 წელს უანგ ჰუანშენის მიერ ჩინურად ნათარგმნი „ოდესეა“ ახლა უამრავი ჩინელი, რუსი, უკრაინელი, ებრაელი ოჯახის მთავარ საუბრის თემად იქცა, შოტლანდიური გემთმშენებელი კომპანიის William Denny and Brothers Limited წარმოებული HWA LIEN ხომალდზე. პიტერ პლოუმანის წიგნის Australian Migrant Ships 1946-1977 მიხედვით, ყველაზე დიდი ხომლადი რომელმაც შანხაიდან სინდეიმდე 474 ლტოლვილი გადაიყვანა, 1947 წლის 10 იანვარს გაემგზავრა და სიდნეიში 28 იანვარს ჩავიდა.
მიხაკომ მოგვიანებით ჩააკითხა ძმისშვილს სიდნეიში და გენიალური იდეით, მას “დროის მანქანა“ უნდა შეექმნა! მანქანა სინათლის სიჩქარეზე იმოძრავებდა, რომ მაგნეტურ ველზე პროტონებს უნივერსალურ დროის ტრანსვერსია შეეეძლოთ. დარწმუნებული ვარ მომავალში. რადგან განათლებით ფიზიკოსს და ტექნოლოგიური პროგრესის პიონერს სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. დიდი სახლის ეზოში, რომელიც სიდნეიში შეიძინეს, პატარა კარავი იყო გაშლილი. ზუსტად იმ კარავში ხდებოდა ის ჯადოსნობა, რამაც ნათელა თოხაძეს საბჭოთა საზღვრის გადალახვის უფლება მისცა და მამასთან, სიდნეიში ჩავიდა 1964 წელს! 80 წლის მამა და ბიძაშვილი, უმცროსი მიხეილ თოხაძე, ოჯახით, სიხარულით დახვდნენ ცოცხალ და ხელშესახებ წარსულს და მომავალს, რომელსაც მიხაკოს დროის მანქანა უნდა აემუშავებინა. მან საქართველოში დაბრუნება და საკუთარ მიწაზე, გურიის მთებში და ზღვაზე, ხალხთან და ქვეყანაში, თავის დებში და ძმებთან ერთად სიცოცხლეც და სიკვდილი გადაწყვიტა.
ფოტოზე: მიხეილ თოხაძე Junior, ნათელა ხელში ლადო თოხაძით და თამარა თოხაძე (ცაგარელი)
ახაგალზრდა მიხეილმა მოიყვანა ქართველი ცოლი, თამარ ცაგარელი, რომლის მშობლებიც (ბებია და ბაბუა) ხარბინში უკრაინიდან, ჩერნიშევიდან ჩამოვდინენ. სიდნეიში გაჩნდნენ მისი შვილები, ლადო და ანდრო თოხაძეები. იმათი შვილები ქრისტოფი და ალექსანდრე თოხაძეები. ალექსანდრო სკოლის კაპიტანია და სიდნეის საერთაშორისო საკონვენციო ცენტრში International Convention Centre Sydney (ICC Sydney) გამოსვლაც უწევს, სიდნეის ახალგაზრდების სახელით. დედამიწის უდიდესი და უღრმესი ოკეანის განაპირას, ავსტრალიის კონტინენტზე მე და ჩემს ვებერთელა ნათესაობას გურულმა ბაბუებმა გრიგოლ თოხაძის დიდი ოჯახის ძვირფასი ნაწილი დაგვიტოვეს: ჩვენი ავსტრალიელი ბიძები, რომლებიც ამ უდიდესი თავგადასავლის ბრწყინვალე დასასრულიც და მომავალია.
მიხაკო თოხაძე და ლადო თოხაძე, ანდრიას შვილიშვილი
„ჩემო საყვარელო ჩუნია მამიდა,
ადრე წერილი ვერ მოგწერე, რადგან ძალიან გამიჭირდა მგზავრობა და საშინლად დაქანცული ჩამოვედი. მამიდიკო! შენი საყვარელი ძამიკო და ჩემი საყვარელი მამიკო ძალიან დაბერებულია. ისე დაბერდა, რომ ვუყურებ - გული მიკვდება. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩამოვედი. თვითონაც საშინელი კმაყოფილია. მომწონხარო მეუბნება, რომ პრანჭია არ ხარო. მამა ეს რამდენი დღეა ისევ ავად გახდა. და საერთოდ, საშინლად ბევრი აცვია. მე დავდივარ თხელ კაბაში და მამას კი აცვია 2 ჯემპრი,ზემოდან საროჩკა და პიჯაკი სულ მოხურული აქვს. შლიაპაც სახლში. ბერეტი. მე მგონია რომ სიცხისგანაა ძალიან ცუდად. თვითონ კი ამბობს სითბო მშევლისო. მამიდიკო მამას წამოყვანა არ ვიცი როგორ სჯობს: საშინლად მეშინია მგზავრობა, რომ მახსენდება როგორ დავიტანჯე გზაში.
მამამ მიამბო, რომ ერთხელ მოგიწერია, რომ ბესარიონი მოხუცდაო, ისეთი საშინელი სანახავიაო და მე არ მომინდა თქვენთან წამოსვლა, რაგან მეც მოვხუცდიო.
სიდნეი ლამაზი ქალაქია, მაგრამ მე არაფერი მინდა, მალე დავაღწიო თავი აქედან მამასთან ერთად. მამიდიკო აქ დიდი ზომები ტანსაცმელი არ არის, მამა ჩამოგიტანთ ნაქსოვ მატერიას, მერე თქვენ თვითონ შეიკერეთ. აკოცე ყველას. საშა ბიძის, ანდუს, რძალს, პატარა გოგოს.
გკოცნი ათასს,
შენი ნათელა
13 მარტი, 1964 წელი. სიდნეი“
„საყვარელო დაო ჩუნი,
წამოსვლა გადავწყვიტე. ვიმგზავრებთ ჰაერით და თუ სახლამდე მოვაღწიე, 40 დღე მინდა გამოვიგლოვო განსვენებული დედ-მამა, მამა ბესარიონი, ბიძა, ბიძაშვილები და სხვა მოკეთეები, რომლებიც ჩემს ნასხვას ნატრობდნენ და ვერ ეღირსნენ. ამიტომ არავითარი ჩემი ჩამოსვლის გახმაურება საჭირო არ არის (ბოლო წინადადება წერია ხაზგასმით)
იწერებით ნათელას დაუჯერეო. ნუ დაუჯერებ თუ გინდა. ის თავისას მაინც აკეთებს და ჩემ რჩევას ძალიან დიდ ყურადღებას არ აქცევს. ავტომობილის დაჯახების შემდეგ, ძვალი არ გამტეხია, ისე კი ძალიან დამტვრეულად ვგრძნობ თავს. უმეტესად მტკივა მარჯვენა ფეხი. კოჭლობით დავდივარ, როცა დიდხანს გასტანს. მიშიკა - თამარა კარგად არიან. ბავშვის სურათებს მიიღებ. ჩავიკრავ გულში პატარა ირინას, აგრეთვე თქვენ ყველა საყვარლებს და მრავალს გაკოცებ.
მარად თქვენი მოყვასი,
მიხაკო“
„ბატონო მიხეილ!
სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ის სიხარული, რასაც განვიცდი თქვენი და ნათელას შეხვედრის გამო. ასრულდა ნათელას დიდი ხნის ნატვრა და თქვენც კმაყოფილი უნდა იყოთ, როგორც ნათელას მოკლე წერილიდან შევიტყვე. მთელი თქვენი ნათესაობა დაინტერსებულია ყოველი წვრილმანით, რაც თქვენს ჩამოსვლასთანაა დაკავშირებული. მე მგონი ჩხუბიც კი მოუვათ, რომელმა წაგიყვანოთ პირველად თავისთან და რომელმა უფრო მეტი პატივი გცეთ. მე ვეუბნები, რომ მე და ნათელა არავის გითმობთ ბატონ მიხეილს-თქო. გუშინ ვფიქრობდი, რამდენ საინტერესოს ნახავს სამშობლოში და რამდენად გაახალგაზრდავდება და გაიხანგძლივებს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მეთქი. სულის ამოთქმასაც ვერ მოასწრებთ, იმდენი შთაბეჭილებები გექნებათ. რა თქმა უნდა ძნელია ამ სიშორეზე წარმოდგენა, მაგრამ თუ ჩემ სიტყვებს ენდობით, იცოდეთ რომ ხელმეორედ დაიბადებით. ერთ თვეში შემოგატარებთ მთელ გურიას და ყველა ნათესავს და მეგობრებს გაჩვენებთ. თქვენ კი ამბობთ, ერთ წვეთ ღვინოსაც არ ვსვავო, მაგრამ ლალისფერ „ადესას“ რომ დაინახავთ, მე მგონია გული არ გაგიძლებთ და ცოტას შევხურდებით სოფლურ ბუხართან, ვილაპარაკებთ და ვიქნებით. მიშიკო მეუბნება: „а дедушка будет со мной в зоопарк ходить?“ მახსოვს მამაჩემი ნატრობდა, მიშიკო რომ პატარა იყო, ნეტა ჩქარა გაიზარდოს და სიარული ისწავლოს, ყოველ დღე ერთად ვისეირნებთო. მამა ვერ მოესწრო და თქვენ და მიშიკო კარგი მეგობრები იქნებით.
მაშ გელით მოუთმელად! გულით, გაშლილი გულით და გაშლილი ხელით. უზრუნველყოფილი იქნებით ყველაფრით, ბევრჯერ უფრო მეტად, ვიდრე მანდა ხართ. აქ გექნებათ ყველაფერი, რაც თქვენს ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს. აქ გექნებათ მოსიყვარულე ნათესავთა გულები, აქ გექნებათ საქართველოს მზე, აქ გექნებათ ჩვენი გაზაფხული, აქ იგრძნობთ სამშობლოს მიწის სურნელებას, მხოლოდ აქ შეგიძლიათ გაიხაროთ ნამდვილი სიხარულით, მხოლოდ აქ ამოგიდგებიან მხარში ნამდვილი ადამიანები, რომლებსაც აინტერსებთ თქვენი ბედი, რომლებსაც აწუხებთ თქვენი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა. ექიმებიც არ დაგჭირდებათ, - აქაური ცა იქნება თქვენი მკურნალი. ბევრჯერ გადაგისერიათ ოკეანეები და ერთხელაც გადმოსერეთ, სადაც მოუთმელად გელიან თქვენი ალხობლები და მათ შორის თქვენი,
ლეო ბაქრაძე
P.S ალბათ ეს დღეები არ დაგიკლიათ და ეხლაც ჩემი თხოვნით, აკოცეთ ჩემს მაგივრად ჩემს გულად ნათელას
ლ.ბ
17 მარტი, 1964
თბილისი
© The Incredible Adventure of the Tokhadze Brothers
A Surprising Story of My Gurian Grandparents
Tbilisi, 2022
Comments