top of page
Writer's picture Sophie Tortladze

10 პოლიტიკური დრამა, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ეპიზოდი მეორე


THE LIVING THEATRE, NY

B R I G

(სამხედრო საზღვაო ხომალდის კარცერი)

„ცოცხალი თეატრი“, ნიუ იორკი


ჯუდიტ მალინა გერმანიაში, პოლონელი ებრაელების ოჯახში დაბადებული ამერიკელი მსახიობია, მწერალი და რეჟისორი. ერვინ პისკატორის სტუდენტმა მეუღლესთან, ჯულიან ბეკთან ერთად, რადიკალური პოლიტიკური თეატრალური დასი The Living Theatre (ცოცხალი თეატრი) დააარსა. შექმნა ახალი თეატრი, რომ ხელოვნების საშუალებით საზოგადოებრივი მოძრაობა გაეჩაღებინა. აი ასე პირდაპირ, ყველანაირი შეპარვის გარეშე, საჯაროდ და ღია პოსტულატით:


„ჩვენ ვართ მსახიობთა გუნდი, რომელსაც სურს მოახდინოს ულამაზესი არაძალადობრივი ანარქისტული რევოლუცია!... მაყურებელი ამბობს: 'დიახ, სამყარო საშინელ მდგომარეობაშია, მუდმივი ომები, პოლიტიკური კონფლიქტი და უბედურება. მაგრამ ვინ ვარ მე? ან მე რა შემიძლია გავაკეთო?!’ ზუსტად იმისთვის, რომ ხალხს ამის გაგება და ძალა მივცეთ, „ცოცხალ თეატრს“ ვქნით." და ის მართლაც გახდა ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტული თეატრი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

საინტერსოა ფაქტი, რომ ცოლ-ქმრის კრიტიკული წარმატების პირველი მიზეზი პაბლო პიკასოს 1941 წელს დაწერილი თეატრალური ფარსი გახდა. „კუდით დაჭერილი სურვილი“ (Le Désir attrapé par la queue) მხატვარმა 1941 წლის ზამთარში დაწერა, გერმანელების მიერ პარიზის ოკუპაციის შემდეგ. თუმცა აუდიტორია მხოლოდ 1944 წელს შეკრიბა, რომელსაც პიესის სცენებს ხან სიმონა დე ბოვუარი, ხან ჟან-პოლ სარტრი, ხანაც ვალენტინ ჰიუგო და თავად პაბლო პიკასო უკითხავდა. რეჟისორი კი ალბერ კამიუ იყო.


„ცოცხალმა თეატრმა“ დადგმას „ბოჰემური საღამო“ დაარქვა და პრემიერა 1952 წელს გრინვიჩ ვილიჯში, Cherry Lane Theater- ში ითამაშა. წარმოდგენა ერთდროულად სამი პოეტური პიესისგან შედგებოდა, რადგან პიკასოს ფარსს გერტრუდა სტაინის და ტომას ელიოტის სტანცები დაამატეს. მიუხედავად იმისა, რომ თხრობა არაწრფივია და პიესიდან შინაარსის გაგება თითქმის შეუძლებელია, მიზანსცენებიც პრიმიტიული და თან გაუგებარი იყო, ნაწარმოები შეაქეს. წამატებას შემდეგ მოჰყვა ლუიჯი პირანდელოს Questa sera si recita a soggetto (ამ საღამოს ვთამაშობთ იმპროვიციას) და პუერტო რიკელი ულიამ კარლოს უილიამსის „უამრავი საყვარელი“.


თეატრალებისთვის საინტერესო იქნება ცნობაც იმის შესახებ, რომ სწორედ მათი ძალისხმევით და ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი off-Broadway and off-off-Broadway დაარსებას, როგორც მნიშვნელოვან ძალას აშშ – ს თეატრში. ეს მას შემდეგ, რაც ნიუ იორკის სხვა და სხვა პატარა ადგილას თეატრალურ მოედნად შერჩეული სივრცეები ხშირად იკეტებოდა ფინანსური პრობლემების ან ქალაქის ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო. ამბოხებულ ხელოვანებს კი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ ქალაში აშკარად სჭირდებოდათ თავისუფალი სივრცე.


„ცოცხალი თეატრი“ მისი კონცეფციითა და არსით მიმართული იყო საზოგადოებაში ძალაუფლების ორგანიზების გარდაქმნისაკენ: კონკურენტული იერარქიული სტრუქტურიდან, კოოპერატიულ და კომუნალურზე, რასაც აუდიტორიის მოთმინებიდან გამოყვანით ცდილობდნენ. ცხადია დასი არსობრივად ეწინააღმდეგებოდა ბროდვეის სპექტაკლების კომერციულ ხასიათს, დგამდა მათ აუდიტორიის თვითკმაყოფილების საქილიკოდ, უფრო ხშირად პოეტურ დრამებს, აბსტრაქტულ ექსპრესიონისტულ წარმოდგენებს და საკუთარი „ღია ქორწინებით“ (ჯულიან ბეკი ბისექსუალი გახლდათ) მუდმივად იღებდნენ მონაწილეობას ნიუ-იორკის არა ერთ დემოსტრაციაში, თუ საპროტესტო მოძრაობაში.


იდეალისტები, პაციფისტები, ანარქისტები ბალაგანური თეატრის ესთეტიკით, ხშირად ქუჩაში ჰყვებოდნენ ვიეტნამის ომის დროს, ამერიკელების მიერ ტყვეების წამების ამბავს. რისთვისაც აპატიმრებნენ კიდევაც. 1964 წელს ფედერალურმა სასაამრთლომ ბრალი წაუყენა ბეკს და მალინას და დამნაშავეებად ცნეს, მაგრამ მათ სასჯელის მოხდის წინ უფლება მისცეს ბრიტანულ გასტროლზე გამგზავრებულიყვნენ, რადგან შეესრულებინათ კონტრატით განსაზრვული ვალდებულებები. ამბობენ იმასაც, რომ თავისუფალი ქვეყნის შიდა შემოსავლების სახელწიფო სამსახურმა დიდი თანხის გადახდა მოსთხოვა გაღარიბებულმა ჯგუფს, რომელიც ისედაც მუდმივად ეძებდა გადასახადებისაგან თავისუფალ სტატუსს.



ფაქტია, რომ 1963 წელს შემდგარი პირველი პრემიერა მათი წარმოდგენის „ბრიგ“ (სამხედრო საზღვაო ხომალდის კარცერი), სახელმწიფოს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. იგი თეატრალების მოულოდნელ, თამამ და რადიკალურ განცხადებად გაისმა. ყოფილი მეზღვაურის კენეტ ბრაუნის პიესის მიხედვით გათამაშებულმა წარმოდგენამ, რომელიც თითქოს ამერიკელ პატიმარ მეზღვაურზე ჰყვებოდა, სპექტაკლის მთავარი მიზანი საკუთარი პათოსით მალევე გაამჟღავნა. ხოლო ბევრი ხნის შემდეგ, როცა აბუ გრეიბის ციხის გამოძიება გაიხსნა, „ცოცხალმა თეატრმა“ ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით ხელმეორედ დადგა იგი 2007 წელს და „ობის“ პრემიითაც დაჯილდოვდა\.


„...დიახ პატიმტრობა, ციხე, კედელი, პოლიცია, ფულის სისტემა, საზღვრები, ტაბუ - ყველაფერი ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ან მე როგორ ვარ თავისუფალი?! ჩემს გონებაში ხომ გარკვეული სტრუქტურაა, რომელიც რეალუარდ მაპატიმრებს. იგი აპატამრებს მთელ სამყაროს. აი მაგალითად მე: მე კანონებს ვემორჩილები, მაგრამ შეიძლება მაინც დამაპატიმრონ. ხშირად ვერ ვიქცევი საკუთარი სექსუალური სურვილის თანახმად, ვერ ვპოულობ წყაროს შევქმნა ხელოვნება, ვერ ვაჩერებს ომს. მე ფულის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. აი ასეთი რთული სტრუქტურაა ჩემს თავში. ეს სტრუქტურა სინამდვილეში ჩვენი საზოგადოებაა.“ წერდა ჯუდით მალინა.


„ცოცხალი თეატრი“ არა მხოლოდ ჩვენს გონებაში არღვევდა საზღვარს კონფორმისტსა და მეამბოხეს შორის, ანდაც იბრძოდა სოციალური სტიგმის დასაძლევად, იგი ხელისუფლების სრულიად კონკრეტულ და მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებდა, რამაც ჭეშმარიტად პოლიტიკურ თეატრად აქცია იგი. სახელოვნებო თვალსაზრისით კი, საუკუნის წინ შექმნილი თეატრის „მეოთხე კედლის“ თეორია, იმ წარმოდგენილი კედლის შესახებ, რომელიც მაყურებელს და სცენაზე გამოგონილ სამყაროს შორის იმართებოდა, ცხადია უნდა განადგურებულიყო. რაც ხელოვანებს მეტაფიზიკური თუ დრამატული ხერხებით უნდა შესძლებოდათ: უხმო დიალოგით აუდიტორიასთან, შეგრძნებების განდობით, შინაგანი მონოლოგით და ასე შემდეგ. თუმცა „მეოთხე კედლის“ რღვევა აქ ორმაგ მეტაფორულ დატვირთვას იღებდა: უნდა გამქარლიყო ზღვარი როგორც ხელოვნებასა და რეალობას შორის, ასევე დამკვირვებელსა და მოქმედ პირს შორის (ანუ მსახიობსა და მაყურებელეს შორის), რაც თავისთავად გულისხმობდა ერთით მეტი მოქალაქის ჩართვას ამ „თეატრალურ“ ამბოხებაში.


სოფო თორთლაძე

2021 წელი. მარტი





80 views0 comments

Comments


bottom of page