top of page
Writer's picture Sophie Tortladze

10 პოლიტიკური დრამა, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ეპიზოდი მესამე


პიტერ ბრუკის დადგმა პიტერ ვაისის პიესისა "მარატ/სადი"

„ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა გათამაშებული შარანტონის საგიჟეთის მკვიდრთა მიერ მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით“


პიტერ ბრუკმა პიტერ ვაისის "მარატ/სადი" 1968 წლის პარიზის ამბოხებამდე 4 წლით ადრე დადგა, მაგრამ სპექტაკლი სწორედ იმ ნაღმს ატარებდა, რომელმაც ისტორიული კატაკლიზმა გამოიწვია. ჟან-პოლ მარატის დევნა და სიკვდილი საგიჟეთში, სამეფო შექსპირის დასისთვის საგანგებოდ შექმნილი ზონგებით, ბროდვეიზე 145-ჯერ ითამაშეს. ეს იმ დროისთვის ექსპერიმენტული და არა-კომერციული წარმოდგენისთვის სრული ტრიუმფი იყო.


ჩვენი თაობისთვის ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღდგენილი ამბები,1960-იანი წლების მსოფლიო მოვლენებზე, დღემდე ექოდ გაისმის დაუსრულებელი ქართული პოლიტიკური მღელვარების ფონზე. მართალია ჩე გევარა უკვე ერთი წლის დახვრეტილი იყო ვალიეგრანდეს სოფლის სკოლაში, მაგრამ რევოლუციის წარმოუდგენელი ჟინი კონტინენტებს მოედო. ჯერ კიდევ 1956 წელს უნგრეთში დაწყებული რევოლუცია, შემდეგ პოლონური ოქტომბერი, 1964 წლის პრაღის გაზაფხული და ა.შ ცხადყოფდა, რომ არა თუ საფრანგეთს თუ ნიუ იორკს, არამედ თვით საბჭოთა მონსტრის შიშით დაბეჩავებულ აღმოსავლეთ ევროპასაც კი „ახალი ადამიანის“ იდეა არ ასვენებდა. იქნებ ცხოვრების შერხევით და საზოგადოების შეღვიძებით, მართლა მიეცათ სოციალიზმისათვის ადამიანური სახე? ომის შემდგომმა შედარებითმა სიმშვიდემ ახალგაზრდობას საშუალება მისცა მატერიალური საზრუნავიდან ყურადღება გადაეტანა სოციალურ და რასობრივ თემებზე, რაც ვერ შესძლეს დიდი დეპრესიისგან ღონემიხდილმა მშობლებმა. ისინი აპროტესტებდნენ, ავტორიტარულ სასწავლო პროცესს უნივერსიტეტებში, ვიეტნამის ომს, საბერძნეთში დიქტატურის მხარდაჭერას, მოითხოვდნენ რასობრივი და სქესობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ანდაც ისეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს, როგორებიც იყო კაფეტერიებში სპაგეტის პორციის გაზრდა, მარიხუანას მოწევაზე აკრძალვის გაუქმება და ა.შ. პრესა წერდა, რომ იმ პერიოდში ახალგაზრდობა „საშუალო კლასის ფასეულობების ტყვეობაში აღმოჩნდა, გარანტირებული სტაბილურობით. თუმცა ამავე დროს აუტანელი მოწყენილობა, შეზღუდულობა და სიყალბე ამბოხს იწვევდა მათში, რადგან ცხოვრება გრძელდებოდა, როგორც შაბლონი.“


სწორედ ასეთ დროს პიტერ ბრუკმა მშობლიურ ბრიტანეთს მის მთავარ თეატრში, სამეფო შექსპირის დასის, RSC -ის წამყვან მსახიობებთან ერთად, ნამდვილი თეატრალური რევოლუცია მოუწყო: „The play that began a stage revolution“ წერდნენ გაზეთები. ვუდსტოკის, ბითლზის, LSD მთვრალ თაობას კიდევ მეტ შოკში აგდებდა სცენაზე ნანახი, როცა იგი შიზოფრენიით, პარანოიით, ცერებრალური სნეულებებით დაავავადებული ხალხით გავსებული ნახა. დადგმის მუსიკა - სატირული ზონგი, რომელიც პოლიტიკურ კომენტარს ურთავდა თითოეული გმირის ქმედებას, თითქოს ნაკლებად კავშირში იყო პერსონაჟთან, რაც ჰქმნიდა კიდევაც იმ გაუცხოვების ეფექტს აუდიტორიასა და სცენას შორის, რომელსაც ‘ბრეხტისეულს’ ეძახიან. თუმცა დღევანდელი თეატრალებისთვის ცნობილია ამერიკელი მკვლევარების ისტორიული ნაშრომი „ბრეხტის დამარცხება არტოს მიერ პიტერ ბრუკის მარატ სადში“ (Torner, Evan M. "The Cinematic Defeat of Brecht by Artaud in Peter Brook’s Marat/Sade," EDGE - A Graduate Journal for German and Scandinavian Studies: Vol. 1), სადაც არგუმენტული მსჯელობა თვალსაჩინოდ ააშკარავებს, თუ როგორ სჯაბნის ვაისის მოდერნისტული დრამის ბრუკისეული ინტერპრეტაცია თავად ავტორის რეზოლუციას: თანაბარ პირობებში გამართულიყო ლიტერატურული, სიმბოლური თუ ესთეტიკურ დებატები ბერტოლტ ბრეხტსა და ანტონინ არტოს შორის. რადგან რეჟისორი არტოს "სისასტიკის თეატრს“ ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ ბრეხტის გასხვისების ტექნიკა თვით წერილობით ფორმაში, ანუ თავად ტექსტშია გამოყენებული, არტოს გროტესკულ საშინელებათა წინააღმდეგობრივი ელემენტების გვერდით და ერთმანეთთან მოუგვარებელ დიალექტიკაში.“


მართალია პიესა თავდაპირველად ბერლინში, შილერის თეატრში დაიდგა 1964 წელს, პოლონელი რეჟისორის კონრად სვინარსკის მიერ, მაგრამ ზუსტად იმავე დროს, ოლდვიჩ თეატრის სარეკლამო ბილბორდები, მაშინდელი RSC- ის ლონდონური სახლის - საზოგადოებას პიტერ ვაისის ტექსტის მიხედვით დადგმულ ახალ სპექტაკლზე იწვევდა: „ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა გათამაშებული შარანტონის საგიჟეთის მკვიდრთა მიერ მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით“



სათაურის სირთულეს ჭეშმარიტად შეესაბამებოდა რთული დრამა სცენაზე, რომელიც ერთდროულად იწვევდა მაყურებელს პოლიტიკური ფილოსოფიისა და ადამიანის ბუნების გასაანალიზებლად. თუმცა პიესით გადმოცემული ინტელექტუალური იდეები ძალიან რთულია ნაყოფიერად შეჯამებისთვის. ზოგს იგი ალბერ კამიუს "მეამბოხეს" ახსენებდა, რომლის წაკითხვაც ასევე ერთულებოდა მაყურებელს. თუმცა აშკარად ჩანდა, რომ სნეულთა ამბოხი არა მხოლოდ სოციალური წუხილისა და უკმაყოფილების შედეგი იყო, არამედ ადამიანური განსაცდელის. ბრუკმა ხომ თავის სპექტაკლში 60-იანელების სულიერი კრიზისი გადმოსცა, შეიძლება უკიდურესი ფორმით - ფსიქიური აშლილობით, მაგრამ ყველაზე ხმამაღლა მსოფლიოს მან ჰკითხა საჯაროდ: რევოლუცია საზოგადოების ცვლილებით მოდის თუ ადამიანის?


მისი ეპოქალური პოლიტიკური განაცხადი ორღანით, ზარებით, სიმბალების წკრიალით, უკვე საკმარისად აღელვებულ მაყურებელს ზღვარზე ატარებდა. ცხადია, რომ ტრადიციული მუსიკალური ფორმატისგან განსხვავებით, აქ სიმღერები არ განაპირობებდა პიესის ხასიათის სიუჟეტურ ან ექსპოზიციურ განვითარებას. ისინი ხშირად წყვეტენ მოქმედებას სცენაზე და სთავაზობენ ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ კომენტარებს. ესეც თქვენი ბრეხტი!


პიტერ ვაისის პიესით რეჟისრომა 60-იანი წლების ბრიტანეთს თითქოს რევოლუციის ჟინი გადასდო. რა გასაკვირია, როცა RSC-იმ სპექტაკლის აღდგენა გამოაცხადა 50-ე საიუბილეო სეზონის ფარგლებში Stratford-upon-Avon- ზე, არ გულისხმობდა ისტორიის დაბრუნებას, ეს იდეა შეუძლებელი იყო. მართალია RSC-ის მიწვეული შოტლანდიელი რეჟისორი, ენტონი ნილსონი, ბრწყინვალე იმპროვიზატორი და დრამატურგი, კარგად ცნობილი იყო მსგავსი სიურეალიებით, მაგრამ არაბული გაზაფხულის ექოდ აღდგენილი პიესა მხოლოდ ძველის შეხსენება იყო და არა დღესასწაული. მას შემდეგ თაობები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები, თვითმხილველები დაბერდნენ, გამოიცვალა ეპოქა და კონტინენტის მითიც, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნის თეატრის მეთვალყურეებს პიტერ ბრუკის წარმოდგენა მემკვიდრეობად გადმოეცა. რადგან პიტერ ბრუკი თეატრალური ტრადიციაა, რეალობა და მომავალიც. იგი ეპოქალური რეჟისორია, რომლის ნამუშევრებმა შეცვალეს არა მხოლოდ თეატრის მომავალი, არამედ ადამიანების ცხოვრება.


სოფო თორთლაძე

მარტი, 2021




154 views0 comments

Comments


bottom of page