ეპიზოდი მეხუთე
„1789“
არიან მნუშკინი & Le Théâtre du Soleil
პარიზის ემიგრანტთა ოჯახში გაჩენილმა მოაზროვნემ, არიან მნუშკინმა, ფრანგული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავალი Le Théâtre du Soleil („მზის თეატრი“) ვენსენსის ბნელი ტყის შუაგულში, ლა კარტუშერის ტყვია-წამლის ქარხანაში დაიწყო. 1964 წლიდან აღმოსავლეთ პარიზში, იარაღის ყოფილი ქარხნის ფარდულში, ჟაკ ლეკოკის დრამატული ხელოვნების საერთაშორისო სკოლის ათ პარიზელ სტუდენტთან ერთად დაარსებული თეატრალური დასი, არა მხოლოდ სპექტაკლების შესაქმნელად, არამედ თვითკვლევისა და რეფლექციისთვის შეიკრიბა. "მზის თეატრი" ნებაყოფლობითი საზოგადოება იყო ადამიანების, რომლებიც აღიარებდნენ კოლექტიურ შემოქმედებას ხელოვნებაში და თანასწორობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავს სოციალისტურ მრწამსს ამართლებდა კიდევაც შერჩეული მართვის პრინციპი: თითოეული წევრი 900 ფრანკის ფასად ფრანგული ისტორიის მწერალი ხდებოდა. თეატრის დასახელებას კი ასე ხსნიდნენ: „ჩვენ ვისწრაფით სინათლისკენ, სილამაზისკენ, სითბოსკენ სიცოცხლისთვის, ძლიერებისთვის და ნაყოფიერებისთვის“. აქ ყველაფერი განსხვავებული კუთხით იყო ნაჩვენები: სოციალური კრიტიკა, ქვეყნის ისტორიაც და აწყმოც, მსოფლიო თეატრის ძველი და ახალი ფორმები და რაც მთავარია ჯერ უნახავი "კომუნალური თეატრის უტოპიური ფორმა", რომელიც დასის კოლექტიური ძალის გამოყენებით ახალ თეატრალურ ხელწერად უნდა გარდაქმნილიყო. და ასეც მოხდა. დღეს მათი შემოქმედება თანამედროვე მსოფლიოს ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
დედით ინგლისელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, რომელიც სორბონიდან ჩავიდა ინგლისური ლიტერატურის შესასწავლად და ყოველი ბრიტანელისთვის საკრალურ „ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამა საზოგადოების“ წევრი გახდა, იშვიათად სტუმრობს ამ დიდებულ კუნძულს. მიუხედავად თეატრის საერთაშორისო ტრიუმფისა და აღიარებისა Le Théâtre du Soleil ჩვეულებრივ იშვიათად მოგზაურობს საერთაშორისოდ, ამიტომ კარგად მახსოვს როგორი მღელვარებით ელოდენენ მას „რივერსაიდ სტუდიოში“, სადაც 20 წლიანი განშორების შემდეგ „ავრორა“ გაუნათა ლონდონს (2012).
Les Naufragés du Fol Espoir (Aurores) („ავრორა“) –
(„ხომალდის ჩაძირვისას გადარჩენილები ფოლ ესპუარიდან“ („მზის ამოსვლა“)
ასე ჰქვია მის სპექტაკლს - პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, კინო-გადასაღებ მოედნად გადაქცეულ ცნობილ კაბარე ‘Le Fol Espoir’-ში გათამაშებულ გაზაფხულის რაფსოდიას - სადაც მზარეულები და ოფიციანტებიც თამაშობდნენ. დადგმა ბრიტანულმა პრესამ სულ მცირედი კრიტიკის გარეშე შეაფასა "Nothing less than a nomad of the imagination!". თუმცა მალე მაინც წაჰკრა კალამი და ცნობილ უტოპისტს ამჯერად ‘ნატურალიზმით შეპყრობილი’ უწოდა. რეჟისრომა კი ერთ-ერთ ინტერვიუში მიუგო:
‘ნატურალიზმი’ მშვენიერი სიტყვაა ცუდი იდეის დასახასიათებლად ...ხელოვნება ხომ მუდმივ გარდაქმნაშია?! თანაც უტოპია სრულებით არ ნიშნავს რაღაც შუეძლებელს. იგი მხოლოდ ისაა, რაც აქამდე ვერ შექმნილა’
ევროპული თეატრის ფრანგი მედროშე და მემარცხენე ავანგარდისტი, რუსი ებრაელი კინო პროდიუსერის ალექსანდრე მნუშკინის და ბრიტანელი მსახიობის ჯეინ ჰანენის ქალიშვილია. (მამამისის კინო კომპანიამ "Ariane Films"მუშაობა 2007 წელს შეაჩერა და მთელი მისი კინო ფონდი საფრანგეთის მოწინავე TF1 მაუწყებელს გადასცა, რაც ახლა ეროვნულ ოქროს ფონდს წარმოადგენს.) არიან(ა) მნუშკინის ცნობილი ციტატა I am in the present and only the present matters to me (მე აწყმო ვარ და მხოლოდ აწყმოს აქვს მნიშვნელობა ჩემთვის) ყველა თაობაში პოპულარული ფრაზაა და 50 წლის შემდეგაც ზუსტად ისეთივე აქტუალური, როგორც მისი წარმოდგენები.
სორბონაში სწავლის დროს მან პარიზელი სტუდენტების თეატრალური ასოციაცია ჩამოაყალიბა ( ATEP -l'Association Théâtrale des Etudiants Parisiens), რამაც სორბონის კლასიკურ თეატრალურ კომპანიას დაუდო საფუძველი. ღია ლექციებმა ალჟირის ომის შესახებ, ადამიანის უფლებების პროპაგანდამ, პალესტინის, ტიბეტის, ავღანეთის თემაზე და დევნილებზე მსჯელობამ, თუ ფრანგული ხელისუფლების კრიტიკამ მნუშკინის თეატრალური დასი მსოფლიოს თანამედროვე კულტურული და სოციალური ისტორიის ცოცხალ ქრონიკად აქცია.
მნუშკინის პირველმა ადაპტაციამ კლაუს მანის სატირული ნოველისა „მეფისტოფელი“- ერში ნაციზმის გაჩენის შესახებ - რომელიც ერთის მხრივ ამოწმებდა კიდევაც თეატრალური დასის წევრების გამძლეობას, მათ იდეოლოგიასა და მორალს; დევნილების მუდმივმა ღია მხარდაჭერამ, (1996 წელს თეატრალურმა კომპანიამ კარი გაუხსნა 382 არალეგალ ემიგრანტს საფრანგეთის მალის კოლონიიდან) და არაერთმა თეატრალურმა წინასწარმეტყველებამ მნუშკინის მითი ეროვნული მნიშვნელობის გახადა. ამიტომაც ნამდვილად სიმბოლური იყო პანდემიის მრისხანების დროს, კარტუშერის დასის არქივიდან, სამჯერ მოლიერის ჯილდოთი აღიარებული დადგმის „გუშაგები კაშხალზე“ /Tambours sur la Digue/(Drums on the Dyke) საჯარო გადმოცემა.
მას შემდეგ, რაც ფრანგული თეატრის ლეგენდას კოვიდ ვირუსი შეეყარა, ჯერ კიდევ უცნობი დაავადებით შეშინებულ მსოფლიოს 81 წლის რეჟისორმა ერთი სიტყვით უპასუხა ჟურნალ ‘ტელერამაში’: “არც კი განვიხილავ მაყურებლის სპექტაკლზე დასწრებას რაიმე ახალი კოვიდ რეგულაციის მიხედვით; და არც მსახიობებმა მსურს გამართონ ჩემი სპექტაკლები ცოცხლად სცენაზე, ასეთ დროს ეს ხომ „სიხარულის საწინააღმდეგო“ საქციელი იქნება?!“
სოციალური დისტანცირების ეპოქაში, ყველა დაბნეული და შეწუხებული კოლეგისგან განსხვავებით, Le Théâtre du Soleil დასმა მსოფლიო მაყურებელს საკუთარი სპექტაკლების არქივის (რომელიც ნახევარ საუკუნეს ითვლის) ონლაინ ყურების შანსი მისცა, რა თქმა უნდა უფასოდ.
„ნიუ იორკ თაიმს“-ს მნუშკინის დასის ასეთი ერთიანი რეაგირება იმ უტოპიურ „ერთად ყოფნის განცდას“ ახსენებს, რომლიც მნუშკინის ყველა ნაწარმოების ცენტრალური იდეაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, რეჟისორის გადაწყვეტილება პროფესიონალებისთვის ერთობ მოულოდნელი ნაბიჯი იყო, რადგან ტექნიკური კონიუქტურა, რომელიც პანდემიის დროს უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა მსოფლიოში, მის თეატრში უკანასკნელ ადგილზეა. იქ დღემდე არ ყიდიან ბილეთებს ონლაინ, ინტერნეტით, მათი შეძენა მხოლოდ დარეკვით და წინასწარი დაჯავშნითაა შესაძლებელი. “We still have human voices!!!” (ჩვენ ადამიანის ხმების გაგონება გვჭირდება!) - მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერც მომავალი თაობის ცხოვრების ხასიათს და ზოგადად ვერც თანამედროვე თეატრალურ ინფრასტურუქტურას ეხმიანება, მაინც დიდებული ახსნაა!
ფრანგი მეამბოხე ფემინისტი მწერლის, პოეტის, დრამატურგის და ფილოსოფოსის, ქალბატონი ჰელენ სიქსუს პიესა „გუშაგები კაშხალზე“ ანუ „ფსევდო-უძველესი კვაზი-სინო-აზიური ნაზავი“, (როგორც მას პრესამ უწოდა) მნუშკინმა 2001 წელს განახორციელა. მაგრამ დადგმის სტრუქტურულ სემიოტიკას, სიმბოლოების ენას და ალეგორიულად გადმოცემულ გლობალურ იგავს ბუნების მოუფრთხილებლობით მიღებულ კატასტროფაზე, კრიტიკა შერეულ ჟანრობრივ ესთეტიკაზე მაინც ვერ მოერია. ფაქტიურად კიდევ ერთი თეატრალური წინასწარმეტყველება მისი ავტორის და თანამოაზრე რეჟისორის ბრწყინვალე არჩევანი იყო ღია ეთერისთვის პანდემიის დროს.
აქ ამბავი იმ დამაქცეველ წყალდიდობას ეხება, რომელიც ჩინეთის მთავრობამ შეგნებულად მოაწყო, ადგილობრივი მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რომ მიწათმოქმედებისთვის მიზანმიმართულად დატბორილი მიწის დიდი ნაწილი წაერთმია. სიუჟეტი მითიურ შორეულ აღმოსავლეთში და დაუზუსტებელ ისტორიულ პერიოდში ვითარდება. ეს არის ამბავი ქალაქზე, რომელსაც საფრთხე ემუქრება, რადგან მდინარის დონე განუწყვეტლივ მატულობს. მოქალაქეები კაშხალს იცავენ, რომლის დანგრევაც შეცვლის წყლის მიმართულებას და რამაც შეიძლება იხსნას ისინი განადგურებისგან. მხოლოდ ამას ნაკლები ადამიანის სიცოცხლე უდნა შეეწიროს. აი ვინ უნდა დაიღუპოს, ესაა უმძიმესი მორალური შეკითხვა. არაჩვეულებრივი დადგმა და ბუნრაკის თოჯინების თამაში პრაქტიკულად ჩვენი აწყმოს გიგანტურ ტავტოლოგიად იქცა.
თუმცა პიესა, რომელმაც მსოფლიო შეძრა, „მზის თეატრის“ სულ სხვა წარმოდგენაა. სპექტაკლი „1789“ ფრანგულ რევოლუციაზეა. იგი კოლექტიური იმპორვიზაციის მეთოდით დაიდგა. მასზე მუშაობდნენ როგორც გუნდები, ასევე ცალ-ცალკე მსახიობები. არ არსებობდა არც პიესა, არც სცენარი. თემაზე სამუშაოდ დასი დღეებს ატარებდა ბიბლიოთეკაში, სინემატიკაში, მუშაობდნენ ისტორიკოსებთან ერთად. არენდით აღებულ სპორტის სასახლეში რეპეტიციებისას მათ განსაკუთრებული დადგმის პრინციპი შეიმუშავეს: ისტორიას მოხეტიალე არტისტები ჰყვებოდნენ, რომელთა მიერ გადმოცემული ყველა ეპიზოდი რეჟისორმა შეინარჩუნა და 20 საათიანი წარმოდგენა შექმნა. ამიტომ სპექტაკლი ორ ნაწილად გაიყო. რადგან მის განხორციელებაში ფინანსურ მონაწილეობას იღებდა ჯორჯიო სტრელერი, მისი პიკოლო თეატრით, პირველი პრემიერა მილანში შედგა და გამაყრუებელი წარმატებით.
პარიზში, კარტუშერის ტყეში გამართულ წარმოდგენებს სპექტაკლის არსებობის მანძილზე 281 370 მაყურებელი დაესწრო, ხოლო სპექტაკლის მეორე ნაწილი „1793“ მომდევნო სეზონში 102 100 ადამიანმა იხილა.
რა თქმა უნდა, საფრანგეთის რევოლუციაზე მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოების ფურცლებიდან გაცოცხლებულ ნახატებს ამდენი ხალხი უღრან ტყეში არ მიუყვანია. უაღესად თანამედროვე და რადიკალური ტექსტი, ანუ პიესა, ხაზგასმით სახალხო ენაზე ისმოდა, ხოლო განმარტებებს თანამედროვე მოვლენების კონტექსტში ურთავდნენ. მოქმედება ერთდროულად რამდენიმე სცენაზე მიმდინარეობდა, ერთი დარბაზის დიდ სივრცეში. რაც თავის მხრივ ხაზს უსვავდა შესაძლებლობას ერთი და იგივე მოვლენა რამდენიმე მხრიდან შეფასებულიყო, ხოლო მეორეს მხრივ კი მაყურებელს უნიკალურ გამოცდილებას სძენდა, ერთდროულად დასწრებოდა რამდენიმე ამბავს. კინოსა და ლიტერატურაში ასეთი ხეხრი ნაცნობია მხოლოდ თეატრში არიან(ა) მნუშკინის მახასიათებელ ხელწერად დარჩა. სცენად არჩეული მოედნები კი არანაირ კონკრეტულ საზღავრს და სტანდარტებს არ ექვემდებარებოდა. მაყურებლის არც ერთი რიგი არ ითვლიდა რიგს და ნომერს, რადგან აუდიტორია სხვადასხვა ამბის ერთდროული მომსწრე იყო, ზოგი მოედნიდან პირველ რიგში, ზოგი ბოლოში. ეს თეატრის ორგანიზების ახალი, არტიკულირებულად დემოკრატიული ფორმა იყო, როგორც იმდროინდელი საზოგადოების ხასიათი. "მზის თეატრი" კი უკვე ხმამაღლა განცხადებული იყო, როგორც საზოგადოებრივი მოვლენების განუყოფელი ნაწილიც და ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართული საგულისხმო მოთამაშე.
მნუშკინს დღემდე თანამედროვე თეატრის ჟანა დ’არკს უწოდებენ, მისი მკაცრი პოლიტიკურ პრინციპების გამო: მაგალითად, მან უარი თქვა რუსეთში გასტროლებზე, ჩეჩნეთის ომის გასაპროტესტებლად. მნუშკინის მძლავრი ინტერესი დემოკრატიული უფლებებისათვის ბრძოლის მიმართ მთელ მსოფლიოში ვრცელდება. Le Théâtre du Soleil მყარად დაიკავა თავისი ადგილი მსოფლიო კულტურის ინტელექტუალურ საკუთრებათა რიგში: დასს არ აშფოთებს მუდმივად ნასესხები ისტორიები სხვა და სხვა კულტურებიდან, დღეს მაგალითად აზია მნიშვნელოვანი ინსპირაციის წყაროა მათთვის, რის შედეგადაც თურმე ბოლო წლებში მნუშკინი ახალგაზრდა მოაზროვნეებსაც დაერია, რომლებიც მას კულტურის მითვისების თაობაზე აფრთხილებენ. ამაზე ალბათ მომავალი მკვლევარები დაწერენ, ფაქტი კი ერთია და ცხადი:
საფრანგეთში 1968 წლის რევოლუციური მოვლენების ფონზე დაარსებული თეატრი, "სამოთხე იყო ხალხისთვის", როგორც რეჟისორმა 2009 წელს დაწერა. ეს იყო საპროტესტო წლები ჩაგვრის წინააღმდეგ, კოლექტიური მოქმედების ძალით, რომელიც ერში ”1789 წლიდან” დაწყებული პარიზის ამბოხებულებამდე დამთავრებული, ღვივდებოდა და ახალ სისხლს იძენდა. მნუშკინის თეატრმა სწორედ რომ ახალგაზრდა რადიკალური თაობის მრავალი ოცნება აახდინა. მის შემოქმედებაში სოციალური კრიტიკა და მხატვრული რევოლუცია გაერთიანდა. „1789“ არა მხოლოდ ისტორიულ მოვლენაზეა, რამაც ღრმად იმოქმედა ფრანგი ხალხის ეროვნულ ძარღვზე, არამედ დადგმამ გააერთიანა მაყურებელიც, როგორც შემოქმედებითი ძალა და ევროპული თეატრის ახალი სტანდარტი შეიქმნა.
სოფო თორთლაძე
აპრილი. 2021
Comments