top of page
Writer's picture Sophie Tortladze

10 პოლიტიკური დრამა, რომელმაც მსოფლიო შეძრა

Updated: Apr 11, 2021

ეპიზოდი მეექვსე


რიჩარდ III

უილიამ შექსპირი

რობერტ სტურუას დადგმა

რუსთაველის თეატრი. თბილისი



1979 წელს კარჩაკეტილი, საკუთარ კულტურაში ჩაძირული, შექსპირის ყველა დადგმაზე ანთოლოგიის ტომით ხელში მჯდარი ბრიტანელი აუდიტორიის თავზარდაცემაც და სიხარულიც იმის აღმოჩენა იყო, რომ მათ გარშემო სამყაროს უკეთესად ესმოდა 360 წლის წინ დაწერილი ინგლისური სიტყვა.


„ვფიქრობ, რომ თვითონ ლიტერატურული სიტყვაც, სიტყვა ლიტერატურაში მხოლოდ რაღაც ფარია, რომლის მიღმაც დგას ნამდვილი სიტყვა…. შექსპირი ამბობს, სიტყვებს ყურით კი არა, თვალით უნდა უსმინოო.“ თქვა რობერტ სტურუამ და ქართულად „რიჩარდ III“ ითამაშა ჩრდილოეთ ლონდონში, კამდენ თაუნის ძველი რაუნდჰაუზის სცენაზე, რომლის კედლები უკვე 50 წელია დიდებული კუნძულის ლეგენდებს ჰყვებიან.


ძველი მატარებლების ძრავების საწყობში, რომელიც 1847 წელს ლონდონის და ჩრდილო დასავლეთ ბრიტანეთის მიმართულებით გაყვანილ რკინიგზას ეკუთვნოდა, ჯიმ მორისონის ალბომის The Doors are Open სულ პირველ ცოცხალ შესრულებას უსმენდნენ 1968 წელს. ეს მას შემდეგ, რაც აქ Pink Floyd-მა "მიწისქვეშა პრესის" მხარდასაჭერად All Night Rave მოაწყო და ეს გენიალური სივრცე ლონდონის ქალაქის საბჭოს მეამბოხე, რადიკალური და ინტელექტუალური ხელოვნების მექად წაართვა.


სამეფო შექსპირის დასი, პიტერ ბრუკი, არიან მნუშკინი, ენდი ვორჰოლის ერთადერთი პიესა Pork, კენეტ ტირანის ლეგენდარული Oh! Calcutta! (რომელიც ლოდონში სრული ანშლაგით 3,900 ჯერ ითამაშეს!), ადრიან ნოუბლის The Duchess of Malfi, ჰელენ მირენით მთავარ როლში და კიდევ ბევრი თეატრალური მოვლენა სწორედ აქ, "რაუნდჰაუზის" სცენაზე ითამაშეს. 1970-იანი წლების ბოლოს კი ლედ ზეპელინების, დეივიდ ბოუვის - რონლინგ სთოუნსის, პატი სმიტის და მაშინდელი კონტრკულტურის გვერდით ქართული სიტყვა გაისმა.

რაუნდჰაუზი, ლონდონი 1979 წელი

რაუნჰაუზი, ლონდონი. დღეს


ჩემი თაობისთვის უკვე კარგად ცნობილია ამბავი, თუ როგორი ამბოხის და მანიფესტაციების ფონზე გაიმართა „რიჩარდ III“-ის პრემიერები. რაუნდჰაუზის გარშემო დემოსტრაციისთვის შეკრებილი მომიტინგეები თეატრის კედლებიდან ხევდნენ აფიშებს, საღებავს ასხავდნენ სარეკლამო აბრებს და „საბჭოთა საქართველოს“ ქვეყანას უწუნებდნენ. საბჭოთა კავშირს ამ წელს ავღანეთში ჯარი შეჰყავდა და როგორც მილიტარისტულ მონსტრს და არაპროგრესულ აგრესორს მოწინავე ევროპა პროტესტს უცხადებდა.


ლონდონის მოქალაქეებით ალყაშემორტყმულ თეატრში „რიჩარდ მესამის“ სათამაშოდ ჩასულ რობერტ სტურუას დასს რამდემინე ბრძოლა უნდა მოეგო. "რაუდნჰაუზს" კი, როგორც მაშინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი ტელმა ჰოლტი წერდა, მაკიაველის მანიოვრებით რუსთაველის თეატრის ეს ინგლისური პრემიერა არ უნდა გაეუქმებინა.


სპექტაკლმა ქართულ ენაზე იმაზე მეტი უთხრა ინგლისელებს, ვიდრე მშობლიური ენით ბევრმა მისმა ინგლისელმა თანამედროვემ. ამბობენ პირველი რეჟისორია მსოფლიოში, ვინც შექსპირის ეს პიესა ტრაგიფარსის ჟანრში გადაწყვიტაო. მაგრამ მთავარი აქ ის იყო, რომ ყველა პოლიტიკურ ალუზიას თავად მაყურებელი ხსნიდა და განიცდიდა. თითოეული მკვლელობა ჩადენილი მათ თვალ წინ, საჯაროდ, როგორც თეატრალური აქტი, თავდაყირა აყენებდა მაყურებლის ფსიქოლოგიას, მათი შემგუებლობის, თავდაცვის, შიშის გამო დატრიალებულ ტრაგედიას.


მერე კიდევ ეს ავღანისტანი, პასუხის გება იმ სისტემის გამო, რომელმაც განსაცდელში ჩააგდო სტურუას თანამედროვე საქართველო (?!) ბოლო სპექტაკლებზე, ჩემი ბრიტანელი პედაგოგები მიყვებოდნენ, რომ არა თუ მომიტინგეები, პოლიციაც კი, რომელიც მანიფესტანტებს აშველებდა, სპექტაკლზე დასასწრებად საკმაოდ ძვირაღირებული ბილეთების რიგში იდგა.


სტურუას „რიჩარდ მესამემ“ ლონდონი დაიპყრო. ბრიტანულმა პრესამ ერთხმად აღიარა, რომ ეს ქალაქი აწი რამაზ ჩხიკვაძეს, რომელსაც კავკასიელი ლორენს ოლივიე დაარქვეს, ("Laurence Olivier of the Caucasus" Michael Coveney. The Times) რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრს მეფესავით დახვდებოდა. მართალია დაიხა სპექტაკლის სამუზეუმო მასალა, თუმცა ზღვა რეცენზიებმა და კრიტიკამ, რომელსაც დღემდე შეიძლება ბრიტანულ პრესაში წააწყდეთ, ორივე ქვეყანას - ინგლისსაც და საქართველოს - ქართული თეატრის სამუდამო მოწმობად დაუტოვა "რიჩარდ მესამის" არნახული წარმატება.


მხოლოდ ეს ისტორია აქ არ დამთვარებულა. 2008 წელს რობერტ სტურუასთან ერთად სამეფო შექსპირის დასის „რიჩარდ მესამის“ დადგმას დავესწარი ლონდონში, იმავე "რაუნდჰაუზში", სადაც თავშეკავებულმა, კონსერვატორმა და მომიტინგე ბრიტანელებმა რუსთაველის სპექტაკლი ყვავილებში ჩაძირეს. იმ დღეს კი 1485 წელს ბოსუორთის ბრძოლაში დამარცხებულ ტირანს რობერტ სტურუა ფეხზე მდგარი უკრავდა ტაშს.


ხალხით გადავსებული „რაუნდჰაუზი“ სამეფო შექსპირის დასის ხელმძღვანელს და დადგმის რეჟისორს, მაიკლ ბოიდს, არნახული ოვაციით მადლობას უხდიდა არა მხოლოდ სპექტაკლისთვის, არამედ იმ რეფორმებისთვის, რომელებმაც მისი 12 წლიანი ხელმძღვანელობისას შექსპირის დასს დაუდეგარი, საინტერსო და ხმაურიანი თავგადასავალი დაუბრუნა.


რიჩარდ III, რეჟისორი მაიკლ ბოიდი. 2007. სამეფო შექსპირის დასი


მას შემდეგ, რაც თეატრის შენობიდან მაყურებელი ბოლომდე გაიკრიფა, ბოიდმა წვეულებაზე მიგვიპატიჟა. გენიალური RSC-ის მსახიობები ფოიეს ყველაზე კამერულ ადგილას, ჭიქა ღვინით ერთმანეთს ულოცავდნენ არნახულ წარმატებას. ყიჟინას ისიც ამძაფრებდა, რომ ეს ბოლო წარმოდგენა იყო, რომელსაც ლონდონში ითამაშებდნენ. თანაც იმ დღეს RSC „ისტორიის“ დადგმების ციკლი სრულდებოდა. ნიუ იორკის გასტროლების შემდეგ კი, სადაც 34 მსახიობი 264 როლის შესასრულელბლად 6 კვირით გაემგზავრა და Park Avenue Armory- ში 42 დღე ნამდვილი ტურ დე ფორსი მოაწყო, მაილკ ბოიდს სამეფო შექსპირის დასის ხელმძღვანელის პოსტი, კონტრაქტის მიხედვით უნდა დაეტოვებინა. ამიტომ ჭიქა ღვინო ყველაფერს ერთად დღესასწაულობდა. უცებ ბოიდმა სიჩუმე მოითხოვა და ერთად შეკრებილ დასს რობერტ სტურუაზე მიუთითა:


„თუკი რამე მოგეწონათ ჩემი, ყველაფერი ამ ადამაინს მოვპარე. ახლა რობერტ სტურუას დღეგრძლობისთვის ერთად დავლიოთ ღვინო!“


დღემდე მიჭირს გადმოვცე ის ემოცია. ან სიტვით აგიხსნათ იქ რა ხდებოდა მაშინ. მე რობერტ სტურუას გვერდით ვიდექი და ერთადერი მოწმე ვარ ამ ამბის. სულ ახლა ხანს, 13 წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით შევხვდი მაიკლ ბოიდის სტატიას, რომელსაც ორიგინალში გთავაზობთ:


The last performance of the last cycle was Richard III. The audience included Robert Sturua [Georgian theatre director b.1938]. I had seen his production of Richard III when I had been a trainee at Coventry and taken the train down to Euston and gone to the Roundhouse and been blown away by Ramaz Chkhikvadze in the title role. And there was that man [Sturua] in that theatre watching that play. And his huge smile at the end of the show was better than any of the Olivier awards! “

Sir Michael Boyd on his time at the RSC

„ჩემი დადგმების ბოლო ციკლის ( Histories/ისტორია ) დასასრულს „რიჩარდ III“ ვითამაშეთ. დარბაზში რობერტ სტურუა იჯდა [ქართველი თეატრის რეჟისორი, 1938]. მე ვნახე მისი რიჩარდ III, როდესაც კოვენტრის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მატარებლით ჩამოვედი იუსტონში და წავედი "რაუნდჰაუზში", რომ შესაშლელი რამაზ ჩხიკვაძე მეხილა მთავარ როლში. და უცებ დარბაზში ის კაცი იჯდა [სტურუა] და სპექტაკლს უყურებდა. მისი უზარმაზარი ღიმილი შოუს ბოლოს ყველა ოლივიეს ჯილდოს მერჩივნა! ”


მაიკლ ბოიდი, სამეფო შექსპირის დასის სამხატვრო ხელმძღვანელი 2003-2008


ევრიპიდედან უილიამ შექსპირამდე, არტურ მილერიდან დეივიდ მემეტამდე , ბერტოლდ ბრეხტიდან ჰაროლდ პინტერამდე და უამრავი მედროშე ავტორის პიესების, სპექტაკლების, პერფორმანსების და მანიფესტების სიმრავლიდან ძალიან ძნელია ათის არჩევა , მხოლოდ როცა ეს პატარა ბროშურა გადავათვალიერე, საკუთარ თავს დავპირდი, რომ ამაზე როდესმე აუცილებლად დავწერდი.


2 ებრაელი ქალბატონის რუსულად შედგენილი პროშურა „10 Спекаклей, Которые Потрясли Мир“, რომლის სათაური და რიგი დადგმების ჩემი სტატიის შთაგონება გახდა, სფეროს პროფესიონალებს კარგად ახსოვთ. დარწმუნებული ვარ მათთვის ადვილი შესამჩნევი იქნება, რომ დადგმებზე, რომლებიც ეპიდოზოდებად გადმოვეცი, გაცილებით მეტი და განსხვავებული ამბები მიწერია, ვიდრე ბროშურაში. რადგან მათზე ხშირად მისაუბრია ხელოვანებთან, პროდიუსერებთან თუ თეატრების ხელმძღვანელებთან, ვის თვალწინაც შექმნილან ისინი. ეს ბროშურაც ჩემი დიდი მასწავლებლის, რობერტ სტურუას სამუშაო მაგიდაზე ვიპოვე. ბევრი რამ, რაც მოგითხრეთ, მისგან გამიგია, ამიტომ უტყუარობას აქამდე წაკითხულის ესეც ამტკიცებს. რობერტ სტურუას „რიჩარდ III“ ჩემ სტატიაში უკანასკნელი იქნება შენდეროვა- შმერლინგის ბროშურაში ჩამოთვლილი საუკეთესო ათეულიდან. რადგან XXI საუკუნის 20-იან წლებში, წინა საუკუნის თეატრზე საუბარი ცოცხალი პატრიარქის დადგმით დავასრულო, დიდ მაესტროს საპატიოდ ეკუთვნის.


სოფო თორთლაძე

აპრილი, 2021

229 views0 comments

Comments


bottom of page