top of page
Writer's picture Sophie Tortladze

80 წელი 22-ე საუკუნემდე

Updated: Mar 24, 2023

ჩვენი დროის ყველაზე კითხვადი ბელეტრისტიკა, იუვალ ჰარარის წიგნი „21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის“, დაახლოვებით ერთი წლის წინ ვიყიდე და ნახევარზე გავჩერდი, რამდენიმე მიზეზის გამო. ცხადია, რომ თანამედროვე სამყარო თვალუწვდენელი, უსაზღვრო და დაუსრულებელი ინფორმაციის შესწავლას და გააზრებას მაინც ვერ მოასწრებს, ისე გაივლის ეს 80 წელი. ინფორმაციას ჩემზე, თქვენზე, ჩვენს გენეტიკურ მასალზე ანუ დნმ-ზე, (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაზე), რომელსაც გენეტიკური კოდი მშობლებიდან შთამომავლობაში გადააქვს. მეცნიერული წარმოდგენა მაინც რომ შეგვექმნას, როგორი იქნება ჩვენი მომავალი ასი წლის შემდეგ, რადგან მხოლოდ 80 წელი დარჩა 22-ე საუკუნის მოსვლამდე.


მეცნიერისთვის ადამიანის სული, ინტელექტი, სინდისი, ემოცია მხოლოდ ნეირონების, გენომის, ელექტროიდების აქტიობაა, ბიოლოგიური ინფორმაცია, რომელიც ცერებრალურ ქერქს გადაეცემა. მაგრამ შინაგანი ხმა, რომელიც არჩევანს გაღებინებს, ერთი არაა: მასთან ერთად სინდისი, ეჭვი, სურვილი, სიმხდალე...ნამდვილ კაკაფონიას ჰქმნის, რომელთაგანაც იმარჯვებს ხმა მეტი ინფორმაცით, რადგან მეტი ინფორმაცია შინაგან კომფორტს გარანტირებს. ამ კომფორტის დაცვა რელიგიურად არც ცოდვაა და არც დოგმის გადაცდომა, თუ მას ძლიერი არგუმენტი ამყარებს. მე მწამს ღმერთი და ეს ჩემი კომფორტის გარანტიაა. თუმცა ფაქტია, რომ რელიგია ქრება ევროპული კულტურიდან, რადგან თანამედროვე იდეოლოგიებმა, მეცნიერებმა, ექსპერტებმა და „ეროვნულმა“ სახელმწიფოებმა ჯერაც ვერ შექმნეს ჩვენი მომავლის მისაბაძი და განხორციელებადი ვერსია ვერც ბიბლიაზე, ვერც ყურანზე და ვერც ინდურ ვედაზე დაყრდნობით.


ხელოვნური ინტელექტის (AI/Artificial Intelligence), განვითარებული ბიოტექნოლოგიის, კიბერ ომების, ბიოინჟინერიის, გლობალური დათბობის ეპოქაში შეიცვალა რელიგიის იდეა. ბუნებრივია, ასეთ დროს ღვთაებრივი სასწაულის მოლოდინიც მიილია, რასაც მრავალი ძველი რელიგია ემყარება. თუმცა სულიერება ისევ რჩება ევროპული კულტურის მთავარ ღირებულად. მეცნიერების და ტექნიკური შესაძლებლობების ჭარბი წილიც მხოლოდ მაშინ გარანტირებს ახალი ნაწარმოების კონკუტენციას მსოფლიო თანამედროვე კლასიკასთან ან მემკვიდრეობასთან, თუ კი მისგან განცდილის და მონათხრობის კათარზისი ადამიანში სულიერ სიმებს არხევს.


ჰარარი ამბობს, რომ ზნეობა არ ნიშნავს ღვთაებრიობას. იგი უბრალოდ ტანჯვის შემცირებაში გვეხმარება. აქედან გამომდინარე, მორალურად მოქცევისთვის არ გვჭირდება რაიმე მითოსის ან მოთხრობის გვჯეროდეს. უბრალოდ უნდა შევაფასოთ ტანჯვა ჩვენი ან სხვისი და გავიზიაროთ. თეატრი ამისთვის ზუსტი მედიკამეტია. თუმცა ქართული კულტურა ვერ იარსებებს რელიგიის გარეშე. მხოლოდ რელიგიურმა რწმენამ შეიძლება შექმნას თანაგრძნობა ადამიანებში ან გაამართლოს და აღაშფოთოს ისინი იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გაბედავს შეურაცხყოფა მიაყენეოს მათ ღმერთს, მათ რწმენას და სურვილებს. საქართველოში სულიერება ყოველთვის დარჩება მისი კულტურის არსში მთავარ აზრად, მაშინაც კი როცა გარეთ 22-ე საუკუნე იდგება და ყველა სასწაული ბუნებას ან ფიზიკურ რეალობას დაბრალდება, ვიდრე მითებს, დოგმებს ან ზებუნებრივ ძალებს.


თბილისის ძველისძველი მეგობრის, შვედური ტელეკომუნიკაციის კომპანიის Ericsson-ის უახლესი ანგარიში გვიჩვენებს, რომ ამჟამად მსოფლიოში 7 მილიარდზე მეტი მობილური აბონენტია და რომ 2022 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი დაფარული იქნება მობილური ინტერნეტის ქსელებით. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეიქმნას რადიკალურად ახალი ეპოქა. მიუხედავად იმისა, რომ 1 მილიარდი ადგილის დაკავშირებას 100 წელი დასჭირდა, 5 მილიარდი ადამიანის დასაკავშირებლად მხოლოდ 25 წელი იყო საჭირო. ქსელური კავშირების ასეთი მზარდი არსებობა საზოგადოებაში, გრძნობების და განცდის ახალ ფორმას, სამყაროში ადამიანის ადგილის და საკუთარი თავის სულ სხვაგვარ აღქმას შეგვძენს. თუმცა 7 მილიარდი ადამიანის გლობალური ქსელი ჯერ ისევ ოცნებად რჩება. აი, კულტურა კი გიგანტური სოციალური სისტემაა და რამდენადაც ყოვლისმომცველია იგი, იმდენად კრიტიკული და გადამწყვეტია. ცხადია, რაც უფრო მეტი ადამიანი გადასცემს და ავრცელებს მას, მით უფრო სწრაფად მიიღწევა პროგრესი ქვეყანაში. მხოლოდ რამდენადაც წარმატებულია ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, იმდენად მოსალოდენელია იგი.



XX საუკუნემ სამივე პოლიტიკური სისტემა გამოსცადა (ფაშიზმი, კომუნიზმი, კაპიტალიზმი), XXI საუკუნეს კი მოაქვს ახალი ისტორიები და ახალი ადამიანის, ზეადამიანის და ხელოვნური ინტელექტის მომავალი. ამიტომ ზრუნვა მომავალზე ლოგიკურიცაა და საჭიროც, რადგან ადამიანის ჭკუამ, გამომგონებლობამ და საქმიანობამ უკვე შეცვალა ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა ნაწილი. XXII საუკუნემდე თანამედროვეობის მთვარი პრობლემების გადაჭრისთვის კი ჰარარი მათ კლასიფიციას გვირჩევს:


ტექნიკური პრობლემა - გლობალური დათბობა, პანდემიის ან პოსტ-კოვიდ ერა და ა.შ


პოლიტიკური პრობლემა - დაუთვლელი


ვინაობის პრობლემა - ხელოვნებას, როგორც ვინაობას, პატივისცემა სჭირდება, სხვანაირად როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი იგი ვერ იმართება. გულგრილად და არაპროგრესულად, მართვის დაქსაქსული, გაუგებარი პრიორიტეტებით, იდეის გარეშე და უსტრატეგიოდ.


აკმაყოფილებს თუ არა თანამედროვე ქართული ხელოვნება სოციალურ იმპერატივს? მაგალითად თეატრი?


XXI საუკუნის თეატრი ცხადყოფს, რომ თანამედროვე დრამატურგიამ მაყურებელთან რეალური დიალოგი უნდა გამართოს, სადაც გაზიარებული იქნება თანამედროვე აზრი ისეთი თემებზე, როგორიცაა ეკონომიკა, მატერიალიზმი, ადამიანის ზნეობრივი ვალი, კულტურა, გარემო, ურბანული პროტესტი, სოციალური მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ა.შ., რაც წარმოშობს გულწრფელ ურთიერთობას მაყურებელსა და ხელოვანებს შორის. განსაკუთრებით დღევანდელი ფინანსური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ხშირად პირად კრიზისის განცდასაც იწვევს, თეატრმა უნდა შექმნას გამაერთიანებელი ფორუმი, რომელიც მაყურებელს პირველ რიგში მოქალაქეებად მიიჩნევს. ეს ის მდგომარეობაა, როცა თეატრი აკმაყოფილებს თავის სოციალურ იმპერატივს. გასაგებია, თუ თეატრი ოპოზიციაში არაა, ქვეყანა ვერ განვითარდება. შემგუებლობა შხამია და ახლომჭვრეტელი მიზნები სფეროს პროგრესს კრიტიკულად აჩერებს ზუსტად ისე, როგორც მისი მართვის უეფექტო ხერხი. თანამედროვე ქართულ თეატრში ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ.


იუვალ ჰარარის რომ დავუბრუნდეთ, ყველა წარმატებული ისტორია დაუსრულებელია. იგი მათ კაცობრიობის მოყოლილ გრანდიუზულ მოთხრობებს ეძახის. ამ „მოთხრობების“ განსაკუთრებით ეშინოდათ ლიბერალურ სკოლებს, შეიძლება ავტორიტარიზმის შიშის გამო, ან სულაც თვლიდნენ, რომ სრული თავისუფლების პირობებში ადამიანები საკუთარ სურათს შექმნიდნენ რეალური სამყაროსი. და თუკი ეს თაობაც ვერ შეძლებდა ამ დროისთვის ცნობილი მოთხრობებიდან მორალის წაკითხვას, თანმიმდევრული და შინაარსობრივად გამართლებული მსოფლიო მოთხრობის შესაქმნელად, მომავალი არ ჩამოყალიბდება. არა და მხოლოდ 80 წელი და 22 საუკუნე მოვა. ამიტომ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ახლა მივიღებთ, ჩვენი ცხოვრების მომდევნო რამდენიმე ათწლეულს, თავად მომავალს ჩამოაყალიბებს. და თუკი ჩვენს თაობას არ გააჩნია ყოვლისმომცველი ხედვა სამყაროზე და კოსმოსზე, დღევანდელ პრობლემებზე და კულტურაზე, როგორც გიგანტურ სოციალურ სისტემაზე, რა მოხდება 80 წლის შემდეგ, შემთხვევითი გზით გადაწყდება.


2100 წლისთვის ზღვის დონე, როგორც მეცნიერებმა იწანასწარმეტყველეს, სადღაც 12 ნაბიჯით აიწევს. 2 საუკუნე ენერგომატარებლების და წიაღისეული ნახშირით დაგროვილი ნაგავი გარემოს საბოლოოდ მოწამლავს. ადამიანი ატმოსფეროს მანიპულირებას შესძლებს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება, მას კი ხელოვნური ინტელექტი შეცვლის: ავტომატიკა, მექანიკა, იარაღი. წარმოიდგინეთ ათასობით, მილიონობით პატარა მანქანა, რომელიც ერთად მუშაობს საგანგებო ვითარების დროს, მოსალოდნელი წყალდიდობისას, ან მეწყერის დროს დიღმის რომელიმე მოსახვევში მაგალითად, ამას ნანოტექნოლოგით მოახერხებენ.

2100 წლისთვის ფიქრობენ რომ დედამიწის მოსახლეობა 11 მილიარდი გახდება. 80% ამაზონის ტყის დაკარგული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის 71% წყალია (საიდანაც 96% უკვე არ ისმევა), დასალევი წყალი ვებერეთელა პრობლემა გახდება.

2007 წელს ჰარვარდის კვლევები გეოინჟინერიის განვითარებას კაცობრიობისათვის დიდი რისკის ფასად ხედავდა და რა მოხდება 2100 წელს? 80 წლის შემდეგ „კოსმოსური ლიფტები“ (ინჟინერული კონცეფცია ტვირთების ურაკეტო გაშვების კოსმოსში) ხელს შეუწყობს მარსის კოლონიებზე ნაღმების მომარაგებას. ბირთვული ტექნოლოგიით ლაზერული სხივების მძლავრი გადაცემა მნიშვნელოვნად შეამცირებს კოსმოსში მგზავრობის დროს, როგორც NASA’s მთავარი ტექნოლოგები ამბობენ. ადამიანი მზის სისტემის შესწავლასაც შესძლებს და 2100 წლისთვის მთავარი მიზანი ეს უკვე აღარ იქნება.



რომელი ცივილიზაცია მართავს ნეტავ ამ დროს მსოფლიოს - დასავლეთი, ჩინეთი, ისლამი? ისევ უნდა გააღოს ევროპამ კარი ემიგრანტებისთვის? ნაციონალიზმს შეუძლია გადაჭრას უთანასწორობა და კლიმატის ცვლილების პრობლემები? იქნებ ახალი მსოფლიო ომი მოდის? რა უნდა გავაკეთოთ ტერორიზმთან დაკავშირებით? ან რა უნდა ვასწავლოთ ჩვენს ბავშვებს?


წარმოგიდგენიათ როგორი იქნება ქართული თეატრი 80 წლის შემდეგ?

გიორგი ერისთავის გაყრა 1850 წლის 2 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში, მას შემდეგ 170 წელი გავიდა და ქართული პროფესიული თეატრის განვითარების 170 წლის მანძილზე ჩამოთვალეთ რამდენ სპექტაკლს შეარჩევდით საფოსტო მარკებზე დასაბეჭდად?



კაცობრიობა უპრეცედენტო რევოლუციების წინაშე დგას, ყველა ჩვენი ძველი მოთხრობა მთავრდება და ჯერჯერობით არცერთი ახალი არ მოგონილა მათ შესაცვლელად. დღეს დაბადებული ბავშვი ოცდაათის გახდება 2050 წელს. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ეს ბავშვი დაახლოებით 2100 წლამდე დარჩება ამ ქვეყანაზე და შეიძლება 22-ე საუკუნის აქტიური მოქალაქეც კი იყოს. დაეხმარება თანამედროვე ქართული ხელოვნება ცხოვრების ლაბირინთში ნავიგაციისთვის? რადგან მხოლოდ 80 წელი და 22 საუკუნეც მოვა.


სოფო თორთლაძე

აპრილი, 2021

85 views0 comments

Comments


bottom of page