top of page
Writer's picture Sophie Tortladze

ბერლინის დღიურები

Updated: Jun 27, 2020

ნაწილი პირველი

„მომავალი საზოგადოება“



რადგან სამყარომ 2020 წლის კულტურული მოვლენები პრაქტიკულად შეაჩერა, ჩემს ბერლინურ დღიურებს (2019) აქტუალობა არ დაუკარგავს. გერმანელი ხელოვანები, თეატრები, ფესტივალები დღემდე იმის ტრანსილაციას ეწევიან, რაც პრაქტიკულად ჩემს თვალწინ იბადებოდა. რასაც მე და ჩემი 20 საერთაშორისო კოლეგა მთელი მსოფლიოდან, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი მოწვევით, ადგილზე ვაფასებდით და საკუთარ ქვეყნებში ვეძებდით პარალელებს.


გერმანიის საელჩომ თბილისში არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მომცა ბერლინის რიგით 56-ე თეატრალური ფესტივალის (The Berliner Theatertreffen ) სტუმართა პროგრამაში აღმოვჩენილიყავი და ახლოს გამეცნო გერმანული თეატრის ცხოვრება, მენახა საუკეთესო წარმოდგენები, შევხვედროდი ფესტივალების და თეატრების ხელმძღვანელებს და შემესწავლა ფედერალური დაფინანსების სისტემა, სახელმწიფოს წვლილი და როლი თანამედროვე გერმანული თეატრის განვითარების საქმეში.


სრულიად მოსალოდნელია, რომ ამისთვის გერმანულ ენაზე საუბარი საჭირო არ იყო, რადგან საერთაშორისო სტუმრებისთვის პროგრამა ინგლისურ ენაზე იმართება, რომელსაც არაჩვეულებრივად ფლობენ გერმანიაში. რამაც ჩემი ინგლისური წარსული და ბავშვობიდან შეძენილი მიკერძოება ბრიტანული დარბაისლობით დამათმობინა. რადგან ძნელია მოუძებნო პარალელი ბრწყინვალე გერმანულ თეატრალურ სისტემას, დაფინანსების და ოპერირების გერმანულ მოდელს და ცოცხალ, დაუღალავ, ფანტაზიით და ენთუზიაზმით სავსე კადრებს, რომლებიც ძლიერი კონკურენციის პირობებში თავიანთ ცხოვრებაში შეიძლება საუკეთესო შედეგებს აღწევენ. რადგან საკუთარ კარიერაზე მუშაობის ნიჭი კაპიტალისტური ევოპისთვის ის პიროვნული ნიშანია, რომელიც ორგანიზაციის განვითარებისთვისაცაა საჭირო, რასაც კანონი და კონტრაქტი თავისთავად არეგულირებს. ამიტომ მეტი ინიციატივა და ფანტაზია ჯილდოვდება ევროპაში, რაც ჩვენი საზოგადოების დამახასიათებელი უნდა გახდეს.


ნეტავ როგორი იქნება ჩვენი მომავალი საზოგადოება, ამაზე ფიქრს დროს იშვიათად ვუთმობთ. ინერციით მიმდინარე კულტურულ პროცესებს სიახლე იშვიათად მოაქვთ. ცხადია, ფესტივალების მიერ იმპორტირებული თეატრალური წარმოდგენები, მცირე რაოდენობით ხელოვანების ევროპაში როტაცია, თუ ერთეული საერთაშორისო თეატრალური კოპროდუქცია, ზოგადად ქართული თეატრის ნოვატორულ გარდაქმნას ვერ ჩაუყრის საფუძველს. ვედნობით თუ არა დღევანდელ ქართულ თეატრს?

თანამედროვე მატერიალური ცხოვრების ათვისებით იგი, თანამედროვე ვერ გახდება. ტექნოლოგიური სასწაულების გარდა, რომელსაც ვერც კი შევნატვრით საქართველოში, გერმანელები არნახული ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლებლობით, არ კმაყოფილდებიან და თეატრის გათანამედროვეობისთვის, მისი დღევანდელი დანიშნულების და მისიის, სათქმელის და თანაც როგორ სათქმელის არსობრივ ახსნას ეძებენ.


„საერთოდ არ მაინტერესებს ირონია თეატრში“ ამბობს სუზან კანედი, რომელიც ''Theater heute" წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორად დაასახელა გერმანიაში, მარიალუიზ ფრაისერის მიხედვით დადგმული სპექტაკლისთვის "განსაწმენდელი ინგოლშტატში". ის არც დღევანდელ თეატრს ენდობა. ან შეიძლება ითქვას, რომ მას მის ფესვებთან დაბრუნება სურს. იყენებს ნიღბებს, ჩაწერილ ტექსტებს და ყველა სპექტაკლში აწყმოს ებრძვის. რაღაც მომენტში იმასაც ამართლებს, რომ რიტუალურ თეატრს 2500 წლის მერეც შეუძლია ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი და თანამეროვეს? მას შექმნა უნდა. ქართულს კი მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა აქვს გამოსაჩენი "საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...“ ქართულ თანამედროვე მატერიალურ ცხოვრებას და ფენომენალურ თეატრალურ კულტურას შორის უდიდესი ნაპრალია და ამაზე ხშირად უნდა ვწეროთ. ტექნოლოგიური სასწაულების გარდა, საკუთარი დანიშნულების და მისიის გრძნობაც გვაკლია ხანდახან. გულწრფელობაც, ვაღიაროთ რომ ქართული თეატრი უბრალოდ ვერ მიჰყვება თანამედროვე კულტურულ პროცესებს. მომეწონა, როგორც სუზან კენედიმ თქვა: "რატომ გინდათ მოკლას ყოველ ჯერზე მედეამ თავისი შვილები, ან ჰამლეტის სიკვდილს უყუროთ? ჩვენ რა გვჭირდება მაინც და მაიცნ შევიკრიბოთ ერთ ადგილას, რომ დავესწროთ ამას? როგორ უყვართ, განიცდიან, კლავენ და კვდებიან? მსახიობები ხომ სტალკერები არიან: მათ ჩვენი სურვილების ისეთ ადგილას გავყევართ, სადაც ჩვენ ვერ ვახერხებთ?!“ მეც ასეთ სტაკლერებს ვენდობი და ალბათ ჩვენში უნდა გარდაიქმნან, აღმოცენდნენ ისინი.

სუზან კენედის „მომავალი საზოგადოება“ ასეთი გარდაქმნის, ხელახალი დაბადების დაუსრულებელი თამაშია - „The Infinite Game of Becoming“. რეჟისორმა შვეიცარიელ კულტუროლოგისა და გამომცემლის დოროთი რიხტერის ცნობილ ჟურნალში „კურატორობაზედ“ (Oncurating. Issue 43) ბრწყინვალე სტატია დაბეჭდა. რომელსაც

ნიცშეს სამეცნიერო ნაშრომიდან Der Wille zur Macht („ძალაუფლების ნება“) პატარა ეპიგრაფი დაურთო: „მინდა ვასწავლო ყველას, რომ არსებობს იდეა წაშალო საკუთარი თავი (რათა ახლიდან დაიბადო) - ეს განვითარების დიდებული იდეაა“.

ეს სტატია სპექტაკლის წინ გამოქვეყნებული „რეჟისორის შენიშვნაა“, მისი ნახვის შემდეგ დასკვნების გამოტანამდე მცირე ინტერლუდიისას წასაკითხი. „რეჟისორის შენიშვნები“ ქართულ თეატრში იშვიათად გვხვდება სპექტაკლის პროგრამებში, არა და რამხელა გზამკვლევია იმ მორალის წასაკითხვად, რის სათქმელადაც იშრომეს.


ვიდრე საკუთარ ინტერპრეტაციებს და ინტელექტს დავეყრნობოდი, სუზან კედენის დადგმის მოცემულ პირობებს დავეთანხმე და აუდიტორიიდან სცენაზე აღმოვჩნდი. რეჟისორის მცდელობას, ჩემი მომავალი გარკვეული საზოგადეობრივი ერთობის ცხოვრების სახით დამენახა, ირონიით შევხვდი. რადგან ეს ბავშვური თამაშის ფორმა არ მომეწონა, მათ შორის არც თავისუფლება, რაც მინდა მეკეთებინა ბერლინის ისტორიულ ფოლკსბიუნეს სცენაზე: ჩამოვმჯდარიყავი მის შუაგულში სპექტაკლის მსვლელობისას, ან სულაც უცერემონიოდ კულისებში შემეხედა და ძველ მეგობარს, ფოლკსბიუნეს ტექნიკურ მენეჯერს, საიმონ ბერნინგერს მივსალმებოდი.


როცა სცენის წრემ ტრიალი დაიწყო და კენედის მოგონილი თამაში, ტრივიალური სასცენო ხერხით, ცხოვრებას დაემსგავსა, ნამდვილად ჩამოვშორდი „საზოგადოებრივ ერთობას“ და კედლებზე პროექცირებული ტექსტის კითხვა მომინდა. 90 წუთის მანძილზე აშკარა გახდა, რომ ახლა მოგზაურობა მარტომ დავიწყე და საკუთარი დრამატურგიით. მსხაიობების ცვალებადი ვითარება და მდგომარეობა გასაღებს მაძლევდა რეჟისორის წინასწარმეტყველების ამოსახსნელად. სცენაზე შამანები, სპორტსმენები, მოცეკვავეები, უბრალოდ ერთმანეთის სულიერი მეგობრები მედიტირებდნენ და ყველანაირად ვცილობდი ჰერმან ჰესეს „მაგიური თეატრისთვის“ არ მიმესგავსებინა ეს გადაწყვეტილება. მთელი დადგმა საბოლოოდ ერთ დიდ რიტუალს დაემსგავსა, რომელიც სიკვდილზე ფიქრს გაჩვევდა.

დადგმა, როგორც თამაში, თვალისმომჭრელი სცენოგრაფიით, ამ ყველაფრის რეფლექსიას გთხოვდა და საკუთარი ტკივილის, კერძო ცხოვრებაში მიღებული გადაწყვეტილებების წინ ახლიდან გაყენებდა: ეს შენი ცხოვრებაა შენით განსაცდელი და მას შენთან ვალი არ აქვს. ბერძენმა კრიტიკოსმა, სოფია ეფტიკიადუმ, იმ საღამოსვე რეცენზია ათენის ცნობილ ჟურნალს გაუგზავნა. მოგვიანებით წავიკითხე: „ეს ვირტუალური რეალობა, სადაც თამაშობ, სინამდვილეში თეატრია. აქ მე საკუთარი სპექტაკლი დავდგი. იგი ფსიქოლოგიურ მოგზაურობას ჰგავდა სიკვდილისაკენ, მე უნდა გამეცნო იგი. სიჩუმე, რომლითაც სრულდება სპექტაკლი, ტკივილს შეგუებულ ჩემ თავს ჰგავდა, უკვე არაფრის თქმას რომ არ აქვს აზრი. სცენა კი ტრიალს ისევ აგრძელებდა. მე განვიცდიდი დანაკარს, რომელსაც ცხოვრება ჩემს შემდეგ იგრძნობდა“



ხვალ დეკორაცია ნაგავში იყრება და სპექტაკლი ცხოვრებას დაასრულებს. ბოლო წარმოდგენას ვუყურეთ. კატეგორიულად არ ატანენ გასტროლზე არავის. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის პოლიტიკა ადვილად გამოსაცნობია: არ მოეწონა, არ მოხსნა, აცადა თამაში და დადგმა ნაგავში მოისროლა. ფოლკბიუნეს კედლებზე კასტორფის მერე ინტენდანტად მოსული ლონდონის „ტეიტის“ ყოფილი დირექტორის, კრის დერკონის გვარი ორჯერ შემხვდა, აგინებდნენ. არანაირი ცენზურა ევროპის გულში, ღმერთო ჩემო! სპექტაკლები 6/7 კვირაში კვდებიან და ახლები იბადებიან. თემატურად, სტილისტურად, ესთეტიურად განსხვავებული. ასე ცხოვრობს მსოფლიო თეატრი. მსახიობებიც ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, ახალ სპექტაკლებს, ახალ ავტორებს ახალი მოჰყავთ თეატრში და მათი ჰონორარი სპექტაკლის წარმატების პროპორციულია. ეს წარმატებული კაპიტალისტური ეკონომიკის ნორმაა. ჩვენთვის კი ჯერ ვირტუალური რეალობა.


სპექტაკლი ჩუმად დასრულდა. ტაში საიმონ ბერნინგერს დავუკარი. Curtain Call არ ყოფილა. რეჟისორის შენიშვნაში წერია:


„არავინ იცის როდის დაიწყო ეს თამაში, რადგან მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ეს უსასრულო პიესა არ შემოიფარგლება დროით. აქ წესები მუდმივად იცვლება. მარად მსახიობს უსასრულოდ სჭირდება ადაპტირება მათთან.

ყველაფერი იცვლება და გარდაიქმნება, რომ აღმოცენდეს, აღიზარდოს, გადაიქცეს.


სპექტაკლი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, კაპიტულაციაა, იარაღის დაყრა, დანებება; ეს კოსმიური დრამაა და მთელ ჩვენს ცხოვრებას მოიცავს. პიესას არც რეჟისორი აქვს, არც სცენარი, არც საბოლოო შედეგია ცნობილი ჩვენთვის. მას პროტაგონისტი არ ჰყავს. ჩვენ ამ დრამაში არ ვართ პროტაგონისტები. უბრალოდ ჩვენი პოლიფონიური შეძახილები ამ კოსმიურ სივრცეში ექოდ გაისმის.სუზან კენედი. The Infinite Game of Becoming


ხვალ სუზან კენედის ვხვდები. რადგან დეკორაცია უნდა მოისროლონ, ყველას გადაგვაღებინეს. ამიტომ ფოტოები ისტორია.


42 views0 comments

Comments


bottom of page