ბერლინის ხალხის თეატრის ისტორია და ახალი პოსტ-დრამა
Volksbühne /ფოლკსბიუნე (ხალხის თეატრი) დღევანდელ როზა ლუქსემბურგის მოედანზე, ბერლინის ცენტრში აღმართეს 1913-1914 წლებში, ოსკარ კაუფმანის პროექტის მიხედვით და მისი უშუალო ხელმძღვანელობით. თავდაპირველად "Freie Volksbühne" (თავისუფალი ხალხის თეატრი) გერმანელი ხალხის ეროვნულ სულისკეთებას და მომავლის ხედვას ემსახურებოდა. მისი მიზანი მკაფიოდ განსაზღვრული დევიზის ქვეშ იკითხებოდა „Die Kunst dem Volke" (ხელოვნება ხალხს). ეს სიტყვები შენობის ცენტრალურ კედელზე იყო ამოტვიფრული. „ფოლკსბიუნე“ ნიშნავს კიდევაც ხალხისთვის დაფუძნებულ კულტურულ საზოგადოებას, რომელსაც თავიდანვე პოლიტიკური იდეა ასაზრდოებდა. მას გერმანელი სოციალ-დემოკრატების მიერ 1890 წელს წამოწყებული სტარტეგია უნდა გაემართლებინა და ეჩვენებინა წარმატებული მოდელი ხალხის მიერ მართული სახელმწიფოსი. „ფოლკსბიუნე“ საწევრო შენატანით იმართებოდა, საწევროთი გროვდებოდა სადადგმო თანხა, ხოლო ბილეთები საზოგადოების წევრებზე ფასდაკლებით იყიდებოდა. იგი იმ იდეასაც ამართლებდა, რომ სოციალ-დემოკრატების მიერ ორგანიზებულ მუშათა კლასს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა უნდა მიეღო. ბილეთის ფასით უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო თანამედროვე, პოლიტიკურად შეზავებული სხვადასხვაგვარი პროგრამა, ხოლო თეატრის დაფინანსება მათივე გადახდილი საწევრო თანხით მოეხერხებინათ. მოდელმა წარმატებით იმუშავა. 1915-18 წლებში მაქს რეინჰარდტის სამხავრტო ხელმძღვანელობით „ფოლკსბიუნეს“ სცენაზე გერმანული თეატრის ცნობილი სახეები - ემილ იანინგსი, ერნსტ ლიუბიტჩი, პოლ ვეგენერი, ედუარდ ფონ ვინტერსტაინი და ვერნერ კრაუსი თამაშობდნენ. 1924 – 1927 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელობა ერვინ პისკატორმა ითავა, რომლის გასაოცარმა, კონტრავერსიულმა წარმოდგენებმა არა მხოლოდ „პროლეტარული თეატრის“ , არამედ „ეპიკური თეატრის“ ფორმულა ჩამოაყალიბა. კრიტიკოსები დღესაც დაობენ და ამტკიცებენ, რომ სწორედ პისკატორის სენსაციურმა წარმოდგენებმა ასახვა პოვა ბრეხტის თეორიასა და დადგმებში. უეჭველია ისიც, რომ სწორედ ერვინ პისკატორი ითვლება გერმანიაში პოლიტიკური თეატრის დამაარსებლად და წინამძღოლად მეოცე საუკუნის დასაწყისში.
თუმცა „ფოლკსბიუნეში“ თეატრალური ჟანრები ხელოვნების საზღვრებს ისედაც სცდებოდა და იცვლიდა თავად განსაზღვრებასაც კი. პირველი მულტიმედიული წარმოდგენა სწორედ ამ თეტარის სცენაზე განხორციელდა. პისკატორის იდეა „ტოტალური თეატრი“-ც აქ დაიბადა. რაც საფუძვლად უდევს თეატრის დღევანდელ კონცეფციას. ფაშისტური რეჟიმის დროს „ფოლკსბიუნე“ "Theater am Horst Wessel Place" გადაიქცა, ანუ ფაშისტური მოძრაობის სულიერი გმირისა და იდეური მედროშის მოკლული SS ოფიცრის ჰორსტ ვესელის სახლად, გნებავთ მოედნად, ისევე როგორც სხვა ყველა სცენა ქვეყანაში, სადაც გარდა ნაცისტების თავშეყრისა და დროის ტარებისა, არა ერთი ტრაგედია დატრიალდა იოზეფ გებელსის პროპაგანდისტული სამინისტროს ტრაგიკული რეჟიმის დროს. „ფოლკსბიუნეს“ გამოჩენილმა მსახიობმა იოაკიმ გოტშალკმა თავის ებრაელ მეუღლესთან მეტა ვოლფთან და შვილთან მიხაელთან ერთად თავი მომხუთველი გაზით მოიკლა 1941 წელს, რადგან ებრაელ მეუღლესთან და შვილთან განშორება და მათი საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავრება გარდაუვალი აღმოჩნდა. მსახიობმა და ოჯახმა ასეთ განშორებას თვითმკვლელობით უპასუხა. რაც შემდგომ კურტ მეტციგის ფილმში „ქორწინება ჩრდილში“ (EHE IM SCHATTEN) აისახა. იგი გერმანელმა რეჟისორმა 1947 წელს გადაიღო. ფილმი დიდი ანტისემიტური მოძრაობის და გენოციდის საპროტესტო კინო ეპოპეის პიონერია. მეორე მსოფლიო ომმა „ხალხის თეატრი“, ისევე როგორც ყველაფერი გაანადგურა. „ფოლკსბიუნე“ მხოლოდ 1950-1954 წლებში აღსდგა როგორც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლო და მთავარი თეატრი, ჰანს რიხტერის გაცილებით სადა და თავშეკავებული პროექტით. ამ დროისთვის მან დაიმკვიდრა სახელი, როგორც თანამედროვე პიესების და ავანგარდული სტრატეგიის მქონე „რეჟისორის თეატრმა“.
მის სცენებზე ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ნამუშევრები იდგმებოდა და ისეთი ცნობილი რეჟისორები მუშაობდნენ, როგორებიც იყვნენ ჰაინერ მიულერი, ბენო ბესონი და ფრიც მარკარდი, რომლებმაც ახალი სტანდარტები დანერგეს მსოფლიო თეატრის ისტორიაში. 1974-1977 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბენო ბესონი გახდა. ბენო გერმანიაში ბერტოლდ ბრეხტის მოწვევით ჩამოვიდა და გარდა „ფოლკსბიუნესი“, მისი მარჯვე და წარმატებული მმართველობა ისეთი თეატრების ცხოვრებაზეც აისახა, როგორებიცაა Deutsches Theater, თუ Berliner Ensemble. შვეიცარიელმა მსახიობმა და რეჟისორმა გარდა მრავალი ინოვაციისა და რესტრუქტურიზაციის, ფოიესა და თეატრის ეზოს გამოყენება გადაწყვიტა და როგორც ახალი სცენა ახალგაზრდა რეჟისორებს დაუთმო, რაც თეატრის განვითარებისკენ გადადგმული მნიშველოვანი ნაბიჯი გახლდათ. 1992 წლიდან „ფოლკსბიუნეს“ ფრანკ კასტორფი ხელმძღვანელობს. პოსტდრამატული თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენელმა გოეთეს, შექსპირის, ლესინგის, იბსენის, ბულგაკოვის და რათქმაუნდა ჰაინერ მიულერის ნაწარმოებების დადგმით სახელი მოიხვეჭა ბერლინის კედლის ორივე მხარეს. ასევე ბაზელის, ციურიხის, ვენის, სან პაოლოს, კოპენჰაგების, სტოქჰოლმის, ჰამბურგის თეატრებში. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დედამიწის სხვადასხვა ქვეყნიდან დამკვიდრდა მსოფლიო თეატრის ისტორიაში . მისი წარმატებული მუშაობის შედეგია, ის რომ თეატრს უწოდეს „ ყველაზე გამომწვევი და შთამაგონებელი სცენა გერამნიაში“ („aufregendste Bühne Deutschlands“), რომელიც პრესის მუდმივი ყურადღების ცენტში რჩება და დაიმკვიდრა კიდევაც ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული და ექსპერიმენტული სცენის სახელი თანამედროვე გერმანიის ლიდერ სცენათა შორის. თანამედროვე ისტორიას „ფოლკსბიუნეში“ და მის საერთაშორისო კარიერას ასევე სახლემოხვეჭილი რეჟისორები აგრძლებენ, ისეთები როგორც ქრისტოფ მარტალერი, ჰერბერტ ფრიჩი, რენე პოლეში, ვეგარ ვინგი, იდა მიულერი და სხვა. კასტორფის შემდეგ ხალხის თეატრი ბელგილე კურატორს კრის დერკონს ჩააბარეს, რომელიც ლოდონის TATE MODERNS მართავდა, რომელიც კრის დორმა შეცვალა, არმის პეტრას მარჯვენა ხელმა და ბერლინის გორკის თეატრის გენერალურმა დირექტორმა. ახლა თეატრს სათავეში რეჟისორი რენე პოლეში უდგას და ახალ სამხატვრო გადაწყვეტილებებს ის იღებს, მომავლის წინაპირობად.
ათი წლის წინ, ლევან ხეთაგურმა ერთ-ერთ თავის ნაწერში აღნიშნა: „კონსერვატორი, ან უკეთ რომ ვთქვათ ძველმოდური თეატრმცოდნეები იტყვიან „დრამატურგია თეატრის საფუძველია“, მაგრამ დღეს სხვა რეალობაში ვართ, თეატრის საფუძველი სათეატრო ტექსტია, რომლის ავტორიც აღარ არის მხოლოდ დრამატურგი. ჩვენ ვამბობთ, რომ კლასიკური დრამატურგიის საფუძველზე მოქმედი თეატრის გვერდით არის ახალი სათეატრო ფორმები და ეს რეალობაა… ან ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურ სამყაროში ვართ, ან კიდევ ვრჩებით „ირეალურში“ და ვაგრძელებთ საკუთარი თავის მოტყუებას. არის თუ არა დღევანდელი თეატრი ტოტალიტარული რეჟიმების ქვეშ, სახელმწიფოს უნდა მოაზროვნე თეატრი თუ თეატრი „გამრთობი“, ბუტაფორული, რომლის მიღმაც სიცრუე და ყალბი ფასეულობებია, რასაც არც თუ ისე ურიგოდ ამკვიდრებდა საბჭოეთის თეატრი. რომელ რეალობაში ვართ, ვიცნობთ თუ არა მსოფლიოში მიღებულ, აღიარებულ თეორიებს და პროფესიულ კვლევას?"
ცნობილია, რომ პოსტ-დრამატული თეატრის სამშობლოდ გერმანიას ასახელებენ. ეს ალბათ ერთგვარი შეჯამება იყო იმ ავანგარდული სათეატრო ფორმების, რომელიც 1960-იანი წლების დასასრულს გაჩნდა. ფაქტია, ეს პროცესი ახალი თეატრალური ცხოვრების დასასწყისს განაპირობებდა. მხოლოდ 60 წლის შემდეგ, მე და ჩემ კოლეგებს საეჭვოდ მოგვეჩვენა, რომ ახალი პროცესები, რომლებიც დღეს გერმანულ თეატრში მიმდინარეობს, კვლავ პოსტ-დრამატულ ჟანრად ან მისთვის დამახასიათებელი სტილისტიკის შედეგად გვეცნო. ნატურალიზმი, რეალიზმი, დადაიზმი, აბსურდი, აგიტპროპ და სხვა მიმდინარეობები პროფესიულად შეფასდა და სახელიც დაერქვათ, მაგრამ 21-ე საუკუნის თანამედროვე თეატრის პროფესიული კვლევა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს ევროპაში. ეს პროცესი არა მხოლოდ თეორიული ცოდნისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ თეატრის მომავალი კურატორებისთვის, ინტენდანტებისთვის, ანტერპრენიორებისთვის, ანუ იმ პრაქტიკოსებისთვის, ვის ხელთაცაა მომავალი ქართული თეატრის წარმატება.
იდენტობის, გენდერის, ძალადობის, მარტოობის, სიბერესთან შეგუების საკითხების შესახებ დისკუსია მუდმივად აქტუალურია ევროპაში. სწრაფად გასული დროის სინანულიც. მიღწეული ან მიუღწეველი მიზნები და რა თქმა უნდა ადამიანები, რომლებიც ახალმა დრომ აშკარამ გამოგცვალა. მსოფლიო ახალ თეატრალურ პროცესებში იმყოფება და მათ აღიარება, რეფლექსია და დახმარება სჭიდრება. HAU Hebbel თეატრიდან რომ გამოვედით, ჩემმა მეგობარმა ჩაილაპარაკა: «Десятилетия иронии позади. Страсть вернулась.“
თანამედროვე გერმანული დრამატურგია ORATORIO, რომელიც ყველაზე პოპულარულმა თეატრალურმა დასმა She She Pop წარმოადგინა ჰაბელ თეატრში, Theater Prize Berlin დაჯილდოვდა. ერთმა ჭკვიანმა იდეამ, მთელი დარბაზი სპექტაკლის ორატორად აქცია და თანამედროვე ბერლინის უამრავ ყოფით, რეალურ, საჭირბოროტო საკითხზე ხმამაღლა და დაუფარავად ასაუბრა. ეს ტექნიკური მიგნება, რომელიც ეკრანზე გამოსახული ტექსტის ხმამაღლა კითხვას სთოვდა მაყურებელს, სპექტაკლის დრამატურგიას წარმოადგენდა და ამიტომ ჰაბელ თეატრის ზედა იარუსზე, სიბნელეში გაფანტული She She Pop თეატრის მსახიობები მაყურებელთან ერთად რიხიანად კითხულობდნენ, ჩანაფიქრის წარმატების დასაზღვევად. უკან მოურიდებლად მოვიხედე, რომ ბერლინელი მაყურებელი დამეთვალიერებინა. დარბაზის უმეტესობა ტექსტს კითხულობდა და საკუთარ თავს სილას აწნიდა, დასცინოდა, თანაუგრძნობდა, აღსარებას ამბობდა, ეთანხმეოდა, ბრაზდებოდა და სპექტაკლს კრავდა საბოლოო კულმინაციამდე.
ასეთი პუბლიცისტური, თამამი, საინტერესო სპექტაკლი, თანაც ასეთი ფორმით, ნამდვილად არ მინახავს. წარმოდეგნა კარგად დადგმულ მიტინგს ჰგავდა, რომელიც 70 წუთის მანძილზე მე, უცხოელს, ღია კრიტიკით მიყვებოდა ერთი ქალაქის მდგომარეობას. გულწრფელად მანდობდა მეორე ათასწლეულის ოციან წლებშიაც კი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის რადიკალურ სხვაობას: გერმანიაში სოციალიზმი აღარ არსებობს, არადა თაობებს, რომლებსაც აღმოსავლეთ ბერლინში უცხოვრიათ სულ სხვა ეკონომიკის, ურთიერთობების და პერსპექტივების იმედი აქვთ დღესაც. აქამდე აწყობილი სოციალური სისტმის შეცვლამ საზოგადოების ცნობიერებაზე ძალზედ იმოქმედა. გაყო მეგობრები, ძალაუფლებაც უცნაურად გაანაწილა. თანაცხოვრების ტრადიცია შეცვალა და სავარაუდოდ ის სურათი შექმნა, რომელიც შესაძლებელია საბჭოთა წარსულის ქვეყნებშიც განმეორდეს გლობალური ეკონომიკის შემოჭრასთან ერთად. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ეს დილემა გადაიტანო სცენაზე?! თანაც ასე სხატრად, ასეთი იუმორით და ასეთი გამრჭოლი ხერხით... ნამვილად საინტერესო მოვლენას დავესწარი. როგორც She She Pop დასის მსახიობები ამბობენ, მსგავსად თესპისისა (პირველი ათენელი ტრაგიკოსი პოეტი და მსახიობი), რომელიც 2500 წლის წინ გამოეყო ქოროს და დასავლური სცენის პირველი კერძო მესაკუთრე გახდა, ამ წარმოდგენით იგივე კონტექსტში, კერძო მესაკუთრის თვალით უნდა დაგვენახა ბურჟუაზიული საზოგადოების, კერძო საკუთრების და დემოკრატიის გაძლიერების პროცესი ქალაქში, სადაც ყველანი შევიკრიბეთ.
წარმოდგენა ისტორიურ ჰაბელ თეატრში დაიდგა. დღეს მას HAU Hebbel am Ufer, ეწოდება და სამი სივრცისგან შედგება HAU1, HAU2 და HAU3. სხვათაშორის HAU2, როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, ცნობილი შაუბიუნეს თეატრის ისტორიულ სივრცეს წარმოდგენდა 1981 წლამდე, სადაც გერმანული თეატრის ნამდვილ შედევრებს დგამდნენ. გვერდით კი ჰაბელ თეატრში, თეატრალური სახემძღვანელოების მთავარი გმირების - ლუკ ბონდის, პიტერ შტაინის, კლაუს მიხაელ გრიუბერის და ვისი კიდევ საკულტო სპექტაკლები იქმნებოდა. დღეს ეს თეატრი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და ათასგვარი ექსპერიმენტისთვისაა ღია და თანამედროვე გერმანიაში პოპულარულ She She Pop დასს მასპინძლობს, მათი სპექტაკლის შეიძლება ბოლო წარმოდგენებით ამ სეზონში. დადგმით, რომელიც ბერლინელების მიკროკოსმოსისგან ერთ დიდ პოლიფონიურ მედიტაციაში გადააქციეს. ვუსურვებდი ქართულ თეატრსაც ასე ოსტატურად შეეფასებინოს თანამედროვე სოციალური მოვლენები საქართველოში და ასეთი პირდაპირობით მოგვიყვეს მათზე სცენიდან. ახალ მაუყურებელს ირონიის, ქვეტექსების, კომიკურობის გარეშე აღმოვაჩინე, რომ უკეთ ესმის და ეს იმ ახალი პოსტ-დრამის ან პოსტ-პოსტ-დრამის მახასიათებელია, რომელიც ჯერ პროფესიონალებს არ აღმოუჩენიათ.
Comments