ეროვნული თეატრი ქვეყნის თეატრალური ინდუსტრიის ლიდერი თეატრია, რეგიონალური და მუნიციპალური თეატრების სტრატეგიული პარტნიორი. იგი მოდელირებს კრიტიკულ დებატებს თეატრების მართველ გუნდებთან, ისევე როგორც დაქირავებულ ხელოვანებს შორის; აძლიერებს მათ პოზიციას და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის კულტურის პოლიტიკის სწორ მართვაში. მისი უპირველესი მიზანია, თეატრი - როგორც ეროვნული პლატფორმა, ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება ფართო მაყურებლისთვის, ისევე როგორც გახდეს ცნობილი და მოთხოვნადი საერთაშორისოდ.
საგანმანათლებლო პროგრამებით, მრავალმხრივი რეპერტუარით, დიგიტალური ტრანსილაციით, მაღალი სახელოვნებო ხარისხის ჩვენებით, სწავლებით და რეგულირებით, ახალგაზრდა ტალანტის მუდმივი ძებნით და ინვესტირებით, რეგიონალური ტურებით, სტრატეგიული დაგეგმარებით და ქვეყნის სახელმწიფო თეატრებთან მისი გაზიარებით, საერთო კოორპორატიული პროგრამებით, მაყურებლის მუდმივი ზრდით და განვითარებით, საერთაშორისო პარტნიორობით და ქსელური რეგიონალური თანამშრომლობით, ეროვნული თეატრი ყალიბდება როგორც ავტონომიური ლიდერი ინსტიტუტი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ქვეყნის კულტურის განვითარების პროცესში.
ეროვნული თეატრის წლიური ანგარიშის გაცნობა შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქისათვის, რამდენადაც იგი მიბმულია თეატრის ვებსაითს. ანგარიშს ადგენს აღმასრულებელი გუნდი. მასში მოცემულია წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და ინიციატივები, ასევე შედეგები. რაც „გამჭვირვალეობის“ მსოფლიო სტანდარტია და არა მხოლოდ. ეროვნული თეატრის წლიური ანგარიში პრაქტიკულად მისი პროგრამის წარმატების დოკუმენტია, ხოლო საბჭოთა გამოცდილების ქვეყნებისათვის მიმდინარე სტატისტიკა. ეროვნული თეატრის მიერ მთელი წელი გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩვეულებრივ ბელეტრისტიკას გაგანტური ნაბიჯებით უნდა დაშორდეს და პროფესული წარმატების არქივად გადაიქცეს.
ანგარიშში ტრადიციულად მოცემულია:
ეროვნული თეატრის ძირითადი მისია და დავალება (მომდევნო 3/5 წელი)
სამეთვალეყურეო საბჭოს მიმართვა ხალხს (ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა შესრულდეს)
სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართვა ხალხს (ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა შესრულდეს)
ფინანსური დათვალიერება (ხშირად დართულია აუდიტის ანგარიში)
მრავალმხრივი რეპერტუარი
თეატრის საერთაშორისო ღონისძიებები და მოვლენები
კონტექსტური გამოფენები
ინფარსრტუქტურის მართვა და შედეგები
სცენების დატვირთვა
სტუდია და საგანმანათლებლო პროგრამები
განვითარების დეპარტამენტის ანგარიში
დასწრების რაოდენობრივი ინდიკატორი (%)
ცოცხალი ხელოვნებით თეატრის სივრცის დატვირთვა (მუსიკა, პოეზია, ცეკვა etc)
რეგიონალური ტურების ანგარიში
თეატრის სალაროს წარმატება (ხშირ შემთხვევაში sold outs, standing rooms etc)
ეროვნულ თეატრს ხშირად ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო/Board of Trustees, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს კულტურის სამინისტრო/პრემიერი. ქვეყნის საუკეთესო მწერლებიდან, მუსიკოსებიან, მხატვრებიდან, ფილოსოფოსებიდან - ირჩევა ერთეულები, რომლებიც უხელფასოდ იკრიბებიან წელიწადში 2 ჯერ, რათა თეატრის ცხოვრებაზე საკუთარი აზრი გაუზიარონ ერთმანეთს და თეატრის ხელმძღვანელს. ასევე მის რეპერტუარზე, გააჟღერონ საკუთარი იდეები, შემოთავაზებები და ა.შ. ეს არაა ოფიციალური ინსტანცია, თუმცა საბოლოო ჯამში სამეთვალყურეო საბჭოს აზრი და გადაწყვეტილება აძლიერებს თეატრის პოლიტიკას, ისევე როგორც იცავს ხელოვანის უფლებებს ან გამოთქვამს პრეტენზიას.
მაგალითად ინგლისის ნაციონალური თეატრის ბორდში/სამეთვაყურეო საბჭოშია 16 წევრი, სამეფო შექსპირის დასის ბორდში - 14 წევრი. სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც აღინიშნა, აქვს 2 გეგმიური შეხვედრა მთელი წლის განმავლობაში რომელსაც ესწრება თეატრის აღმასრულებელი გუნდი, ანგარიში კი ეროვნული თეატრის მუშაობის თაობაზე ბარდება კულტურის სამინისტროს/ან პრემიერის სამსახურს.
არსებობს ასევე მრჩეველთა საბჭოც, რომელშიაც წევრიანდებიან მსოფლიო პროდუსერები/ პარტნიორები, მსოფლიოში გამოჩენილი მსახიობები, საერთაშორისო ექსპერტები.
საერთო აზრის გათვალისწინებით, ქვეყნის პრემიერი და/ან კულტურის სამინისტრო ირჩევს თეატრის სამხატვრო დირექტორს. ისაა თეატრის ხელმძღვანელი, რომელსაც აბარია თეატრის პოლიტიკა, იგია პასუხისმგებელი თეატრის სამხატვრო რეპუტაციაზე და მმართველობის ეფექტურობაზე.
მას ექვემდებარება აღმასრულებელი გუნდი ანუ დირექტორატი:
1. ადმინისტრაციული დირექტორი
2. ტექნიკური დირექტორი
3. ფინანსური დირექტორი
4. განვითარების დირექტორი
5. მთავარი პროდ’უსერი
(1) ადმინისტრაციული დირექტორი - პასუხისმგებელობა დასზე, დარბაზზე, თეატრის თანამშრომლებზე. მისი ვადლებულებაა ზრუნვა კოორპორაციულ პროექტებზე და HR/კადრებზე ანუ საკადრო პოლიტიკაზე;
1.1.დასის მენეჯერი,
1.2.კოორპორაციული პროექტების მენჯერი,
1.3. კადრები/HR (ადამიანური რესურსების მენეჯერი)- ადმინისტრაციული დირექტორის მიკრო-მენეჯერები ანუ მიმართულების კოორდინატორები არიან. ეს ხალხი ადმინისტრაციული დირექტორის მოვალეობას ინაწილებენ, თუმცა პასუხისმგებლობა მთლიანად მაინც ადმინისტრაციულ დირექტორს ეკისრება.
(2) ტექნიკური დირექტორი - მას ევალება სამეურნეო და ტექნიკური საკითხები, ინფასრტუქტურული პროექტები და მათი უზრუნველყოფა.
თავის თავად სადადგმო საკითხები და თეატრის ტექნიკური ხერხემალი: სამკერვალოები, ცეხები, საგრიმიორო, გარდერობი და ტექ.მომსახურეობა.
მას დაექვემდებარება მთელი ტექ-განყოფილება: პერსონალი, საამქროები, განყოფილებები და მიკრო მენეჯერები სადადგმო დარგში
(3) ფინანსური დირექტორი და მისი მიკრომენეჯმენტი: მისი უპირველესი მოვალეობაა იპოვოს შემოსავლის დამატებითი ფორმები და თანხის სწორი ოპერირება წარმართოს: სალარო, ონ-ლაინ გაყიდვები, გრანტები, კერძო დაფინანსების წყაროები, ინფრასრტუქტურული/სავაჭრო ობიექტების შემოსავალი, დონორები, პარტნიორები, სპონსორები, სეზონური ბილეთები და მათი ცირკულაცია, კოსტიუმების და ავეჯის გაქირავება რეგიონალურ პარტნიორებზე, ქვეყნის პარტნიორ თეატრებათან,
ისევე როგორც შემოსული თანხის ოპერირება: ახალი წარმოდგენებით, გასტროლებით, სტუდიის მუშაობა და დამატებითი ღონისძიებები სახელფასო ფონდის გარდა - ფინანსური დირექტორის ვალდებულებაა.
(4) დირექტორი განვითარების დარგში/Development Director : სპონსორები, პრესასთან ურთიერთობა, თეატრის ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი, გაყიდვები, აუდიტორიასთან ურთიერთობა, „თეატრის მოყვარულთა საზოგადოების“ დაფუძნება, „თეატრის კლუბის“ ხემძღვანელობა, სარეკლამო კამპანია, საგამომცემლო საქმიანობის მართვა: პლაკატები, აფიშები, ბილეთები, პროგრამები და ა.შ. ასევე მისი და მთავარი პროდ'უსერის ვალდებულებაა რეგიონალური თეატრების ინტეგრაცია საერთო თეატრალურ მოვლენებში და მათთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება.
(5) მთავარი პროდ'უსერი, რომელსაც აბარია ეროვნული თეატრის საერთაშორისო პოლიტიკა/სტარტეგია/გასტროლები, ტრანსფერები, რეგიონალური თანამშრომლობა: იმპორტი/ექსპორტი . მთავარი პროდიუსერის ვალდებულებაა ასევე საერთაშორისო დონორების მოზიდვა, საერთაშორისო გრანტები, ეროვნული თეატრალური პრემიიის და წლიური დაჯილდოვების ორგანიზება. განვითარების დირექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ისინი აყალიბებენ „თეატრის მოყვარულთა საზოგადოებას“.
აღმასრულებელი გუნდის წევრები თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას გუნდის საერთო მუშაობის ხარისხისა და წარმატების მისაღწევად. გუნდის თითეული წევრი ორგანიზაციის გულში მუშაობს და არა მის ვერტიკალზე. მარკეტინგი, პრესასთან ურთიერთობა, გრანტები და სხვა საერთაშორისო პროგრამების გამართვა ასევე ეროვნული თეატრის აღმასრულებელი გუნდის პასუხისმგებლობა იქნება.
ეროვნული პრემია
ეროვნულ თეატრში ყოველ წელს ჯამდება ქვეყნის თეატრალური ცხოვრების მიღწევები და შესაბამისად ფუძნდება ეროვნული პრემია, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო საბჭოსთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით (კულტურის სამინისტრო, თეატრალური კავშირები და ათასი მსგავსი გაერთიანება) გადასცემს გამარჯვებულებს.
ეროვნული თეატრის ფონდი
ასევე იქმნება ეროვნული თეატრის ფონდი, რომელიც დაეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ განათლების მისაღებად, ასევე თანამშრომლებს, რომლებიც ფინანსურად უძლურები არიან. იგი განახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, კონცერტებს, შეიძლება კონკრეტული სპექტაკლის ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხოს ამ ფონდში, ასევე მოიძებნოს დონორები, რომლებიც პერიოდაულად ჩადებენ დოტაციას, ასევე ითანამშრომლებს სხვა ფონდებთან და დაწესებულებებთან.
ეროვნული თეატრის სტუდია
ეროვნული თეატრის სტუდია გახდება ადგილი, სადაც განთავსდება თეატრის საგანმანათლებლო დეპარტამენტი, რომელიც იმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამებზე თეატრალურ ინსტიტუტებთან და თეატრის მუზეუმთან ერთად. სტუდიის ბაზაზე იმპორტირებული იქნება სხვა და სხხვაგვარი ექსპერიმენტები, წარმოდგენების საუკეთესო ნიმუშები, ხოლო სცენა გადაიქცევა ლაბორატორიად, სადაც ჩატარებული სავარჯიშოები, სემინარები, შეხვედრები შესაბამის მაყურებელს და შემფასებელს გაიჩენს და დაიმკიდვებს. შეიქმნება მაყურებელთან ურთიერთობის განსაკუთრებული ხაზი, რომლის განვითარებაზეც აღმასრულებელი გუნდიდან განვითარების დირექტორი იზრუნებს, ისევე როგორც „თეატრის მოყვარულთა საზოგადოების“ ჩამოყალიბებაზე.
ეროვნული თეატრის კარის თეატრი/National Court Theatre
სარეპერტუარო სეზონის დახურვის შემდეგ, ეროვნული თეატრის სივრცეში უნდა დამკვიდრდეს ტრადიციული კვირეული და საშემსრულებლო სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეული და იმპორტირებული იქნება რეგიონალური წარმოდგენები და ღონისძიებები. უფრო გასაგებად, დაფუძნდება რეგიონალური თეატრის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც დედაქალაქის მაყურებელს, საერთაშორისო კორპუსს და მოწვეულ საერთაშორისო პროდიუსერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართული თეატრის გამორჩეულ წარმოდგენებს.
ასევე მთელი წლის მანძილზე ეროვნული თეატრის კარის თეატრში წარმოდგენილი უნდა იყოს გამორჩეული და საყურადღებო ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრები, რომლებსაც ინტერშიფის რეჟიმში (კვალიფიკაციის ამაღალების პროცესში) შექმნიან. შესაბამისად დამატებითი პროცენტი ეროვნული ბიუჯეტიდან უნდა დაემატოს ეროვნული თეატრის წლიურ დოტაციას.
ეროვნული თეატრის ინფრასრტუქტურა
ესაა უმთავრესი საკითხი როგორც თეატრის ფინანსური შემოსავლის გაზრდის, ისე მაყურებელთან მაღალი ხარისხის ურთიერთობის გარანტია. თანამედროვე მსოფლიოს თეატრალური სამყაროს სტანდარტებთან მიახლოვება, კულტურულ პროდუქტზეც იქონიებს გავლენას და ზოგადად თეატრის რეპუტაციაზეც.
XXI საუკუნის მსოფლიო თეატრში აუცილებელია არსებობდეს კაფეც, მაღაზიაც, ცოცხალი მუსიკაც ფოიეში, გამოფენებიც, კინო ინტალაციაც, სტენდები სადაც განთავსებულია ბროშურები, თეატრის პროგრამა, მომავალი ღონისძიებების სარეკლამო პოსტერები და ა.შ. აუცილებელია ეროვნული თეატრის ლოგოს მატარებელი კალმების, ჭიქების, ტილოს ჩანთების, ქოლგების და სხვა აქსესუარების დამზადება და გაყიდვა.
მნიშვნელოვანია არსებობდეს თეატრის ექსკლუზიური წიგნის მაღაზია, სადაც გაიყიდება დადგმული სპექტეკლების პიესები, განსაკუთრებული ლიტერატურა, სრული სარეკლამო ატრიბუტიკა, აფიშები, კალენდრები, სპექტაკლიდან სურათები და ა.შ. მარკეტინგული თვალსაზრისით ეს მაღაზია უნდა არსებობდეს თეატრის ფოიეში და წარმოადგენდეს სახელოვნებო ნიმუშს, აგებულს თეატრის სცენოგრაფების მიერ. მხოლოდ მის დასათვალიერებლად უნდა იდგეს მაყურებლის ჯარი, კაფეში გაყიდულ სენვიჩებს თუ სხვა წასახემსებლებს შეიძლება ეროვნულ თეატრში წარმოდგენილი სპექტაკლების სახელები ან ცნობილი მსახიობების სახელები დაერქვათ. თითეული ახალი პრემიერისას კი ახალი სახის გასამასპინზლებელი შესთავაზდეს მაყურებელს ახალ სპეკატკლთან დაკავშირებული სახელით და ა.შ
ტრანზიტი ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე
მსოფლიოში აპრობირებულია პრაქტიკა, საუკეთესო სპექტაკლების ტრანზიტის ეროვნული თეატრის მთავარ სცენაზე. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კონკრეტული რეჟისორის და მისი გუნდის, მათი ნამუშევრის პოპულარიზაციას, ზრდის მათ მოტივაციას და სალაროს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ასეთი მხარდაჭერა ახალი წამოწყების და ახალი გადაწყვეტილების განხორციელების საწინდარია. ასეთი ტრანზიტი ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევით და გადაწყვეტილებით სრულდება.
ახალი საჯარო ლოკაციები ეროვნული თეატრის სივრცეში
არქიტექტორების, მხატვრების და ტექნიკური გუნდის ჩართვით საჭიროა განახლდეს თეატრის საჯარო ლოკაციები/Public Area, სადაც პერმანენტულად, ტელე-გადაცემების ეთერით და არა მხოლოდ, გაიმართება ხელოვანების არა ოფიციალური, ბოჰემური შეხვედრები, რაც ახლ ტრადიციას დაამკვიდრებს და გაანთავისუფლებს თეატრის სცენას, ხშირად გამოყენებულს ასეთი ღონისძიებებისთვის. ეს პრაქტიკა ასევე ძლიერად შეუწყობს ხელს ახალი მაყურებლის გაჩენას და უზრუნველყოფს გასტრონომიული ღონისძიებების გადანაცვლებას შესაბამის ადგილას, რაც ასევე მნიშვნელოვანია XXI საუკუნის თეატრში.
წარმოდგენების დიგიტალური ტრანსილაცია
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი 10 წლის წინ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ბევრჯერ გამოიცვალა რეალობა, მსოფლიო ეროვნული თეატრის წინსვლა და პროგრესიც სინათლის სხივის სისწრაფით მიმდინარეობს და კიდევ უფრო საინტერესო და აქტუალური ღონისძიებებით და მოვლენებით ფიქსირდება. მაგრამ ის, რაც 10 წლის წინ გარდაუვალი მეჩვენებოდა, 10 წლის შემდეგ, პანდემიით გაყინულმა სექტორმა ბრწყინვალედ გამოიყენა. სპექტაკლების ჩანაწერების ტრანსლიაცია, რასაც აქამდეც ვესწრებოდით თბილისის ამირანის კინო დარბაზში. მაგრამ არასდროს არ გვიცდია ეროვნული თეატრალური პროდუქციის კინო-ტრანსილაცია საქართველოს ქალაქებში და რა თქმა უნდა არც საერთაშორისოდ. ეს უზრამაზარი შრომის და გარკვეული ფინანსური პირობების შემთხვევაში მოხდება, მაგრამ თუ არასოდეს ჩავუყრით ამ პროცესს საფუძველს, კიდევ 10 წელი გავა. პიკოლო თეატრს, ლონდონის ნაციონალურს, ოლდ ვიკს, ყველა თეატრს აქვს თავისი ტელე-გვედრები და ტელე-ვიზია. ამ საკითხის პრაქტიკულად განხორციელება თეორიულ ახსნას არ საჭიროებს. ეროვნული თეატრის LIVE აუცილებელი სეგმენტია და მასზე მუშაობა სწრაფად უნდა დავიწყოთ.
ეს და სხვა ბევრი საინტერესო დეტალი და საქმე, რომელიც ეროვნულ თეატრში უნდა განხორციელდეს, მსოფლიო თატრალური პრაქტიკაა, ამიტომ გაცილებით ვიწრო, პროფესიული საუბრების და შეხვედრების საკითხია. ეს იყო მცირე მონახაზი, მხოლოდ და მხოლოდ ანბანი იმ უზარმაზარი საქმისა, რისთვისაც ქართული თეატრის რეფორმაა საჭირო.
სოფო თორთლაძე
(2010/2011)
გამოქვეყნებულია 2021 წლის ივნისში
Comments